პირველი შემთხვევაა, როცა „ოცნება“ ეუთო/ოდირს არჩევნებზე არ იწვევს

„ზოგადად, არ არის პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და „გადახვევად“ დაასახელა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს.

სინამდვილეში, წელს პირველი გამონაკლისია, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევის შედეგად და საკუთარი მანდატის შესაბამისად, ოდირმა საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გახსნა 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, შემდგომ კი გაიხანგრძლივა ვიზიტი, რათა 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურსაც დაჰკვირვებოდა;
  • საქართველოს ხელისუფლების მოწვევის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი აკვირდებოდა 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც.
  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) მოწვეული იყო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც, თუმცა საკუთარი ფინანსური მიზეზების გამო, თავისი მისია არ გამოუგზავნია. ხელისუფლებისვე მოწვევით, არჩევნებს აკვირდებოდა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ODIHR საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის საპრეზიდენტოებს (2013; 2018) და საპარლამენტოებსაც (2016, 2020, 2024).

ODIHR არჩევნების აკვირდება ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებში, ასევე მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მცდელობებში და ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების შესრულებაში არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვით, ტექნიკური ექსპერტიზის მიწოდებით და მოქალაქე დამკვირვებელთა ჯგუფების საქმიანობის მხარდაჭერით. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ წელს ეროვნულ და უფრო დაბალ დონეზე ბევრი არჩევნებია, ODIHR აწარმოებს მოძრავ კალენდარს და თავად განსაზღვრავს, რომელ არჩევნებს დააკვირდება. ODIHR უპირატესობას ანიჭებს არჩევნებზე დაკვირვებას იმ სახელმწიფოებში, რომლებიც „არადემოკრატიული წარსულიდან მოდიან“. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ისთვის პრიორიტეტულია ეროვნულ დონეზე ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, საერთაშორისო მისიას გზავნის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზეც.

ეუთო/ოდირის მისია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც — 2006 (ლიმიტირებული მისია) და 2010 წლებში.

„ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights