დღეს, 18 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო.
კერძოდ, გუშინ, 17 ივნისს, მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.
რის საფუძველზე ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციას?
ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ინფორმაციას ითხოვს 3 კანონის საფუძვლით — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და გრანტების შესახებ — და არა ე.წ. ფარას ან მანამდე მიღებული რუსულ კანონის საფუძვლით, რომელიც ორგანიზაციების საქმიანობის „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიიღეს.
სხვადასხვა მოსამართლეთა მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც ორგანიზაციებს გაუგზავნეს, აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს — მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი.
თუმცა ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში, რომელსაც ნეტგაზეთიც გაეცნო, ფაქტობრივ საფუძვლებზე არაფერია ნათქვამი.
შესაბამისად, უცნობია, რატომ ითხოვენ კონკრეტული ორგანიზაციებისგან ინფორმაციას.
ამიტომ ორგანიზაციებმა თავად გამოითხოვეს ანტიკორუფციული ბიუროს ის შუამდგომლობა, რომლითაც სასამართლოს განჩინების გამოსატანად მიმართა.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი ნეტგაზეთთან ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთება შუამდგომლობაში მაინც იქნება ასახული.
„ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, [რატომ ითხოვენ ამ კანონებით ინფორმაციას], რადგან ჩვენ გუშინვე გამოვითხოვეთ შუამდგომლობა, რომლითაც მათ მიმართეს სასამართლოს განჩინების გამოსატანად. ჯერჯერობით ჩვენ ეს არ ჩაგვბარებია და, წესით, იქ მაინც უნდა იყოს აღწერილი, თუ ჩვენგან რატომ ითხოვენ ინფორმაციას და ეს კანონები რა შუაშია მათ მოთხოვნილ ინფორმაციასთან.
სასამართლოს განჩინებიდან არაფერი იკვეთება. [ბრძანებაში] მითითებული არის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ფაქტობრივი საფუძველი რა გახდა, ეგ არ წერია“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
გარდა იმისა, რომ ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ ბრძანებაში არაფერია ნათქვამი ინფორმაციის გამოთხოვის ფაქტობრივ საფუძველზე, ზოგიერთი ორგანიზაციისთვის გაგზავნილ დოკუმენტში სამართლებრივი საფუძველიც პრობლემურია.
მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისგან ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო გრანტის შესახებ კანონის მე-6 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითხოვს, როცა ამ მუხლს „თ“ ქვეპუნქტი საერთოდ არ აქვს.
საბა ბრაჭველის თქმით, გაურკვეველია ისიც, რის საფუძველზე ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო ბოლო 17 თვის ინფორმაციას.
„დროც არასწორად აქვთ, რადგან გრანტების კანონის ის კონკრეტული მუხლი, რომლითაც ინფორმაციას ითხოვენ, 17 აპრილს შევიდა ძალაში. მანამდე არავითარ მსგავს ვალდებულებას ეს აქტი არ წარმოშობდა. მანამდე პერიოდზე როგორ ითხოვენ ინფორმაციას? მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონითაც 27 ოქტომბრიდან უნდა ითხოვდნენ ინფორმაციას.
ბოლო 17 თვის ინფორმაცია საერთოდ არცერთ კანონს არ უკავშირდება, უცნობია, რის გამო აიღეს ეს ვადა ან რომელი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს, რომ ამ ვადიდან აქვთ ამის მოთხოვნის უფლება.
არ არსებობს ადმინისტრაციული პროცედურა, რომლითაც ითხოვენ. ამ განჩინებას აქვს სამართლებრივი პრობლემები, რასაც საჩივარში მივუთითებთ, მაგრამ ყველაზე დიდი დანაკლისი არის ის, რომ არავითარი ფაქტობრივი მდგომარეობა არ არის მითითებული. განჩინებაში უნდა მიეთითოს ყველა საფუძველი, ფაქტობრივიც და სამართლებრივიც“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
რა ინფორმაციას ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო?
ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან, ფაქტობრივად, იდენტურ ინფორმაციას ითხოვს. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე გიჩვენებთ, რა ინფორმაციას ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო, ჯამში, 5 ორგანიზაციისაგან.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვა ანტიკორუფციულ ბიუროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ობოლაძემ მისცა.
ამის შემდეგ ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან ბოლო 17 თვის საქმიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორისაა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
ანტიკორუფციული ბიურო ასევე ითხოვს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შემოსავლების სამსახურს ისედაც გააჩნია.
კერძოდ, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს:
- საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებისგან 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი ინფორმაცია;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ მიერ გამოწერილი და მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაცია;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან გამოთხოვილ იქნეს 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული განაცემების შესახებ ინფორმაცია;
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისგან“ გამოთხოვილია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტთან, უცხო ქვეყნის მთავრობასთან ან მის წარმომადგენლობასთან, უცხოეთში ან/და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან, აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში დადებული ან/და მოქმედი ყველა, მათ შორის, საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია);
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისგან“ გამოთხოვილია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტთან, უცხო ქვეყნის მთავრობასთან ან მის წარმომადგენლობასთან, უცხოეთში ან/და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან, აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში დადებული ან/და მოქმედი ყველა, მათ შორის, საგრანტო ხელშეკრულების, შეთანხმების (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაციის) ფარგლებში და მიზნებისთვის დადებული ან/და მოქმედი ნებისმიერი ხელშეკრულება/შეთანხმება (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია);
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისგან“ გამოთხოვილია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტთან, უცხო ქვეყნის მთავრობასთან ან მის წარმომადგენლობასთან, უცხოეთში ან/და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან, აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში დადებული ან/და მოქმედი ყველა, მათ შორის, საგრანტო ხელშეკრულებასთან, შეთანხმებასთან, აგრეთვე, აღნიშნული ხელშეკრულებების/შეთანხმების ფარგლებში და“ მიზნებისთვის დადებულ ან/და მოქმედ ყველა ხელშეკრულებასთან,
შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია.
მათ შორის, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოითხოვა:
- ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაო გეგმა, თანხების გაცემის გრაფიკი, საგრანტო ბიუჯეტის დეტალური პროექტი და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები;
- ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების (გარდა ფულისა) შესახებ ინფორმაცია, გამცემი პირის, თარიღის დანიშნულების, მიზნობრიობის, ოდენობისა და მატერიალური ფასეულობის მითითებით;
- ხელშეკრულების/შეთანხმების შესრულების შუალედური და საბოლოო თხრობითი (ნარატიული) ანგარიში;
- შუალედური და საბოლოო ფინანსური ანგარიში ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში შესრულებული გადახდების ან/და განკარგული მატერიალური ფასეულობების (გარდა ფულისა) შესახებ, დამოწმებული გრანტის მიმღების პასუხისმგებელი პირის მიერ, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დამხმარე დოკუმენტები (მათ შორის, ინვოისები, მიღება- ჩაბარების აქტები, საგადახდო დავალებები, ხარჯთაღრიცხვის ცნობები, ხელფასის უწყისები);
- ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნის, განხორციელების თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგებისა და აქტივობის ამსახველი ვიდეო-ფოტომასალის მითითებით;
- ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნის, განხორციელების თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირებისა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მიღწეული შედეგების მითითებით;
- ინფორმაცია იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთა საქმიანობა ან/და მომსახურება გამომდინარეობს ხელშეკრულების/შეთანხმების მიზნებიდან (გარდა საქმისწარმოების/საორგანიზაციო და მასთან დაკავშირებული მსგავსი საქმიანობებისა), სახელის, გვარის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართისა და საქმიანობის/მომსახურების შესახებ.
ანტიკორუფციული ბიურო ასევე ითხოვს ბოლო ერთ წელიწადში „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ შესაბამის კორესპონდენციასა და მასთან დაკავშირებული მიმოწერის ამსახველი ინფორმაციას. კერძოდ:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისგან“ გამოთხოვილ იქნეს 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდის შესაბამისი კორესპონდენციისა და მასთან დაკავშირებული მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება კორესპონდენციის სახით (მათ შორის, მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი დოკუმენტაცია);
8. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისგან“გამოთხოვილ იქნეს 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდის შეთანხმების დაწყებისა და დასრულების თარიღი, შეთანხმების აღწერა, მასში შეტანილი ცვლილების/დამატების აღწერა, შეთანხმების ღირებულება. გაწეული ხარჯები, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის შეთანხმება არ გამომდინარეობს არც ხელშეკრულებიდან ან/და სხვაგვარი წერილობითი შეთანხმებიდან და არც მხარეთა შორის არსებული კორესპონდენციიდან/მიმოწერიდან; - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისგან“ გამოთხოვილ იქნეს ფონდის სოციალური ქსელების მისამართები და მასთან დაკავშირებული 2024 წლის 1 იანვრიდან – 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდის ხარჯების შესახებ ინფორმაცია.
ორგანიზაციებს აღნიშნული ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადასაცემად 15 დღე აქვთ განსაზღვრული. ბრძანების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება ასლის გადაცემიდან 48 საათში შეუძლიათ.
თუმცა ორგანიზაციები უკვე აცხადებენ, რომ თავიანთი ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას არ გაასააჯაროვებენ, ვინაიდან ხშირად ეს ინფორმაცია ძალიან სენსიტიურია.
ქალთა უფლებადამველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის იურისტები ყოველწლიურად ათასზე მეტ ქალს უწევს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას, ეხმარება საგამოძიებო უწყებასა თუ სასამართლოში. ახლა კი ორგანიზაციას მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების, ძალადობის მსხვერპლი ქალების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას სთხოვენ. მათ შორის, მათი პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„საფარის“ განცხადებით, არ აპირებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ორგანიზაციის წევრების დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია აცხადებს, „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია.
„ჩვენ 24 წელია ვმუშაობთ და უამრავი ქალი და ბავშვი ბენეფიციარი გვყოლია. ისინი ჩვენთან მოდიან უმძიმესი პირადი ისტორიებით და ამბებით. ჩვენ გვაქვს პედოფილიის და სქესობრივი ძალადობის არაერთი საქმე და სხვა საშინელი დანაშაულის.
ხშირად, ისინი როცა მოგვმართავენ, არ მიმართავენ პოლიციას, რადგან არ აქვთ ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ჩვენს სერვისებს იღებენ, შესაბამისად, მათი ისტორიები, მათი სამედიცინო ისტორიები ინახება ჩვენთან“, – აცხადებს ბაია პატარაია.
სამოქალაქო საზოგადოების იურისტი, საბა ბრაჭველიც ხაზგასმით ამბობს, რომ ბენეფიციარებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემას არ აპირებენ. ამასთან, მისი თქმით, ორგანიზაციისთვის გაგზავნილ ბრძანებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
„ეს არის უზღვავი ინფორმაცია, რასაც ითხოვენ. ეს არის ყველა ადამიანის და ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ეს შეეხებათ ბენეფიციარებს, იმ ადამიანებს, ვისაც ვეხმარებოდით, ვაწვდიდით სამართლებრივ დახმარებას. მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, თუკი მათ მკურნალობას ვაფინანსებდით. ამ ყველაფერს ითხოვენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბენეფიციარებთან დაკავშირებული ინფორმაცია გავცეთ.
ისინი ითხოვენ ელფოსტის ან სხვა სახის მიმოწერასაც, რაც ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ხორციელდებოდა, ანუ არამხოლოდ თვითონ ხელშეკრულებებს. ახლა, როგორც ჩანს, ვისთანაც სახელშეკრულებო ან ზოგადად ურთიერთობა გვაქვს, მათთან მიმოწერები აინტერესებთ.
ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ვაწვდით სამართლებრივ და სხვა სახის უფასო დახმარებას და შესაძლოა, ეს გახდა ჩვენი მიზანში ამოღების მიზეზი.
ასევე, რასაც ითხოვენ, ეს არის ინფორმაცია, რაც მათ ისედაც გააჩნიათ, მაგალითად, საგრანტო ხელშეკრულებები და ინვოისები ისედაც ფინანსთა სამინისტროში და შემოსავლების სამსახურშია. ჩვენგან რომ ითხოვენ იმას, რაც ისედაც გააჩნიათ, ეს სულ სხვა მიზეზით ხდება და არა იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია აკლიათ“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
როგორც საბა ბრაჭველი ამბობს, ის, რომ ინფორმაციას არა ე.წ. ფარათი, არამედ სხვა კანონებით ითხოვენ, შემზადებაა იმისთვის, რომ სწორედ ე.წ. ფარას და სხვა რეპრესიული კანონების ამოქმედებასაც აპირებენ.