document.body.remove()
გურიის მოამბე

არ დავემორჩილებით რუსულ კანონებს – ლომჯარია

ანტიკორუფციული ბიუროს ნაბიჯების საპასუხოდ, “საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია აანონსებს, რომ მესამე სექტორი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს როგორც საკუთარი, ასევე მათი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად.

როგორც ნინო ლომჯარია  ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დასჯადი ქმედებაა, რაჟდენ კუპრაშვილის უწყებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მაინც არ აპირებენ.

“არ დავემორჩილებით რუსულ წესრიგს და რუსულ კანონებს… ჩვენ ინფორმაციას არ გადავცემთ, რადგან ეს არის უკანონო და არაკონსტიტუციური” – აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი.

”ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, როგორც შიდასახელმწიფოებრივს, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს და მივმართავთ ყველა საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას, ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელსაც ადარდებს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობის საკითხი. ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთი ფორმაა, რომ ჩვენ არ დავემორჩილებით რუსულ წესრიგს და რუსულ კანონებს. ჩვენ ვემორჩილებით ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. საქმე იმაშია, რომ კანონმდებლობით სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, შესაბამისად ჩვენ აქვე ვამბობთ, რომ რა რისკის წინაშეც არ უნდა იდგეს ქართული სამოქალაქო სექტორი და მისი ინდივიდუალური წარმომადგენლები, მათ შორის, ამ ტიპის პასუხისმგებლობისას, ჩვენ ინფორმაციას არ გადავცემთ, რადგან ეს არის უკანონო და არაკონსტიტუციური”. – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.

ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: “საფარი”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “მომავლის აკადემია”, ” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights