ოზურგეთელი მორაგბეები პირველი ლიგიდან გავარდნენ

აღსანიშნავია იმის თქმა, რომ, ოზურგეთელები ადგილის შენარჩუნებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთებზე, მასპინძელთა მგეზავ, ვიტო კირინს, საშუალო სირთულის გარდასახვა გაუცუდდა.

‘არწივებმა’ საშინაო შეხვედრა 27:16 მოიგო, თუმცა 2 მატჩის ჯამურმა შედეგმა (40:39) მინიმალური უპირატესობა და პირველი ლიგის საგზური ‘ჭადარს’ არგუნა

3-წლიანი პაუზის შემდეგ თელავის ‘ჭადარი’ პირველ ლიგას დაუბრუნდა. ქართული რაგბის გამოჩენილმა სპეციალისტმა გია ჭუმბურიძემ წლების წინ თელავში პერსპექტიულ სარაგბო კერას ჩაუყარა საფუძველი და იმის მიუხედავად, რომ ‘ჭადარი’ 2022 წელს რეგიონულ ლიგაში დაქვეითდა, ადგილობრივ კადრებზე დაფუძნებულმა თელაველთა ახალგაზრდა კოლექტივმა შეძენილი გამოცდილება თამაშის ხარისხის მატებასა და კლასში ამაღლებაში ნათლად ასახა.

‘ჭადარს’ სათავეში გუნდის ექს-კაპიტანი, 39 წლის ადგილობრივი სპეციალისტი თენგო ცისკარიშვილი უდგას, ვინაც თავი გია ჭუმბურიძის ღირსეულ მემკვიდრედ წარმოაჩინა. უმცროსი „აჯიმეს“ დაუღალავმა და ნაყოფიერმა გარჯამ თელაველთათვის სასურველი შედეგი უმოკლეს პერიოდში გამოიღო. მიმდინარე სეზონში ‘ჭადარმა’ საჩემპიონო პლეი ოფის ფინალს უწია, სადაც პირველობის მთავარ ფავორიტ მარნეულის ‘არმაზთან’ მარცხის შემდეგ, პირველი ლიგის საგზურის მოსაპოვებელ 2-მატჩა პლეი აუტში ზედა ლიგის მე-9 ადგილოსან ოზურგეთის ‘არწივებს’ დაუპირისპირდა.

‘არწივებს’ რთული დროება უდგას. გასული წლის ზაფხულში, დიდ 10-თან გამოთხოვების შემდეგ გუნდის სტაფსა და შემადგებლობაში კარდინალური ცვლილებები განხორციელდა, რამაც გურულებისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ‘არწივებმა’ პირველი ლიგის რეგულარული სეზონი ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე ჩაამთავრა და პლეი აუტის პირველი შეხვედრა თელავში 12 ქულის სხვაობით დათმო – 24:12.

ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ‘არწივები’-‘ჭადარის’ საპასუხო შეხვედრას ქომაგი და მღელვარება არ მოკლებია. მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და შუამარბ დავით გასვიანის გატანილი წყვილი გარდაუსახავი ლელოთი გურულები 10 ქულით დაწინაურდნენ. ტაიმის შუაწელიდან კახელებმა მოედანზე ვითარება მეთოდურად შეცვალეს. თელაველთა შუამარბმა კაპიტანმა ვანო ხუციშვილმა გურულებს ჯერ გარდაუსახავი ლელო დაუდო, შემდგომ კი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ‘არწივები’ გააქტიურდა და შესვენების წინ სამხრეთ აფრიკელი ფრთის ეიდინ ჯოზეფას გარდასახული ლელოთი პირველი ტაიმი 9 ქულის სხვაობით მოიგო – 17:8.

მეორე ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მართალია, გურულებმა მეტოქეზე მთლიანობაში 3-ით მეტი, 5 ლელო გაიტანეს, თუმცა გაცუდებულმა გარდასახვებმა ‘არწივებს’ გარჯა წყალში ჩაუყარა. სტუმართა კვაჭ სოსო ღოღაძის გარდაუსახავ ლელოსა და ვანო თუშიშვილის გატანილ საჯარიმოს, მასპინძლებმა ფიჯელი მარბიელის კერესონი დელაივუნასა და ჰავბეკ ელგუჯა კიკვიძის დადებული გარდაუსახავი ლელოები შეაგებეს.

ელგუჯა კიკვიძემ თავისი ლელო 78-ე წუთზე გაიტანა, რითაც გურულების უპირატესობამ 11 ქულა შეადგინა. ყველაფერი ‘არწივების’ მგეზავ ვიტო კირინის ხელში აღმოჩნდა. ზუსტი გარდასახვის შემთხვევაში გურულები პირველ ლიგაში ადგილს ინარჩუნებდნენ, თუმცა დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფ კირინს საშუალო სირთულის გარდასახვა გაუცუდდა. ‘არწივებმა’ საშინაო შეხვედრა 27:16 მოიგო, თუმცა 2 მატჩის ჯამურმა შედეგმა (40:39) მინიმალური უპირატესობა და პირველი ლიგის საგზური ‘ჭადარს’ არგუნა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights