ოზურგეთელმა ”არწივებმა” დღეს , საკუთარ მოედანზე მცირე ფინალში პირველი ლიგის რეგულარულის გამარჯვებულის რანგში – მეორე ადგილოსანი თბილისის ”არმია” მიიღო და 29:23 დაამარცხა.
უხვქულიანი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 17:17 დამთავრდა, მეორე ტაიმში გუნდები მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლნენ.
ოზურგეთელთა ოთხი ჯარიმის საპასუხოდ, “არმიამ” მხოლოდ ორი ჯარიმა გამოიყენა და საბოლოოდ, ოზურგეთმა 29:23 გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გურულები 6 მაისს გასამართ დიდ ფინალში გამარჯვების შემთხვევაში,მომავალი სეზონის ასპარეზობას დიდ ათში ანუ საქართველოს უმაღლეს ლიგაში გააგრძელებენ.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და ბევრი მაყურებელიც ჰყავდა. მასპინძლებმა არამარტო მონდომებისა და ჟინის, არამედ კლასის ხარჯზეც შეძლეს მეტოქის დამარცხება.
უნდა ითქვას, რომ შეხვედრას მსაჯთა ბრიგადამ თავი მეტ ნაკლებად კარგად გაართვა – ჩიხლაძე (მთ) ბიბიჩაძე (კიდ) მშვენიერაძე (კიდ) ზივზივაძე (მე4) – რადგან მოთამაშეებს შორის ხშირი იყო კამათი და ძიძგილაობა, რაც ამ სპორტის სახეობისათვის ჩვეულებრივი რამაა, ეს უკანასკნელი რომ უხეშობაში არ გადაიზარდა ამისათვის მსაჯებს დიდი არა მაგრამ გარკვეული ძალისხმევა დასჭირდათ.
განსაკუთრებით აქტიური ლეგიონერები იყვნენ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი სამხრეთ აფრიკელი მარვინი გახდა, რომელმაც ოზურგეთელთა შემადგენლობაში მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
მცირე ფინალში გამარჯვებული ”არწივები” 6 მაისს მეორე – მეექვსე ადგილოსნებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
ოზურგეთს ერთი ნაბიჯი აშორებს დიდ ათეულამდე ანუ უმაღლეს ლიგაში გადასვლამდე.
აღსანიშნავია ერთი დეტალიც, მაყურებლები მთელი თამაშის განმავლობაში, ვინაიდან ბევრმა ქულათა დარიცხვის სისტემა არ იცოდა, ანგარიშს კითხულობდნენ, სამწუხაროდ ოზურგეთის მუნიციპალურზე ტაბლო (ევროპული დონის ტაბლოს მონტაჟი დაახლოებით 50 ათასი ლარი ჯდება) დიდი ხანია არ არის, ამ თამაშზე კი არც სტადიონის დიქტორი (გამომცხადებელი) იყო, რამაც იქ შეკრებილი პუბლიკა გაუგებრობაში ამყოფა.
მოკლედ თბილისის “არმია” ძლეულია, თუმცა დიდ ფინალში ოზურგეთელებს შესაძლოა ისევ თბილისის “არმია” შეხვდეს.
ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ რეგულარულის პლეიოფისა და დიდი ათის პლეიაუტის მონაწილეებს ეს უკანასკნელი შესარჩევში ძლევს.