30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე იქნება ქუდზე კაცი – ია მეტრეველი

30 აპრილის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ია მეტრეველმა განაცხადა, რომ აქციაზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს. ამის შესახებ მეტრეველმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენი იქ მისვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს იქნება არა როგორც პოლიტიკური მიტინგი, არამედ ჩვეულებრივად უნდა შევიკრიბოთ და დავანახოთ ჩვენს ე.წ მეგობრებს, რას ვფიქრობთ. ბოლო დროს, მათგან გაჟღერებულ ისეთ ფაქტებს შევეხეთ, რომ ეს უკვე აღარ არის მეგობრობა, როდესაც სხვა ქვეყანა გიბრძანებს ისეთ რაღაცას, რაც შენთვის მიუღებელია, რაც შენს თვითმყოფადობას უშლის ხელს და ფაქტობრივად, ასე გამოდის, უნდა, რომ ეს გაქრეს. დღეს ძალიან რთული ვითარებაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, რადგან მსოფლიოში მიდის ძალიან რთული პროცესები. ამ პროცესებში ჩვენ როგორმე უნდა გადავრჩეთ; როგორმე უნდა გადავლახოთ ეს რაღაც პერიოდი, წელიწადი იქნება, თუ თვეები, უნდა გავძლოთ და რამენაირად გადავიაროთ. ჩვენ ომის საშიშროების წინაშე ვიდექით და ახლაც არის ეს საშიშროება, თუმცა კიდევ კარგი, რომ ეს ხელისუფლებაა ახლა და ხელისუფლებაში არ არიან ის ძველი კრიმინალური წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, თორემ აქ ბომბების ცვენა იქნებოდა და დღეს, საქართველო უკვე ფაქტობრივად, აღარ იქნებოდა. ქვეყანა წარმოუდგენელი საშიშროების წინაშე იდგა და მადლობა, რომ ხელისუფლება ნამდვილად ახერხებს და ჯერჯერობით, ვართ მშვიდ ვითარებაში. ჩვენი შეკრების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არ გვინდა ომი და ხალხი ამას არ დაუშვებს. ამ შეკრებაზე საზოგადოება გამოდის და ეს არის საზოგადოების ხმის გაგონება მთელი მსოფლიოსთვის, რომ როდესაც ვიღაც ადამიანები, „ნაციონალები“ და ა.შ გამოდიან და საუბრობენ სადღაც შევარდნებზე და სხვებს ათასგვარ იარლიყებს აწებებენ, ეს არ არის საქართველო. ამიტომ, ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობენ ეს კრიმინალები. აი, ამიტომ ვიკრიბებით, რათა ვთქვათ, რომ ხალხი დგას აქ, მთელი საქართველო, საღად მოაზროვნე ნაწილი, ანუ უმეტესობა. მადლობა უფალს, რომ ისინი უმცირესობაში არიან და ქვეყანას ასეთი მტრები ბევრი არ ჰყავს. რეალურად, საზოგადოება დგას ერთად და საზოგადოების მოთხოვნა არის მშვიდობა, წინსვლა, განვითარება“, – განაცხადა მეტრეველმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share