ინტერვიუ ბახვი ჰესის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ მიხეილ ნატროშვილთან
ბატონო მიხეილ, ხშირად გვსმენია, რომ ბახვისწყლის ხეობა თავისი რელიეფით არაა მარტივი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მშენებლობას. როგორ უყურებთ ამ გამოწვევას კომპანიაში და თუ გაქვთ, განსაკუთრებული მიდგომა სამუშაოების კონტროლის კუთხით?
- დაგეთანხმებით, რომ მდინარე ბახვის წყლის ხეობა რთული რელიეფია. ბახვი ჰესის პროექტი, რომელიც სწორედ ხეობაში ხორციელდება თავისი ადგილმდებარეობიდან და საინჟინრო სტრუქტურიდან გამომდინარე არის საკმაოდ რთული და მასშტაბური. ცხადია, თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს მოცემულობა გვქონდა, თუმცა, ეს იყო არა დაბრკოლება ჩვენთვის, არამედ გამოწვევა. ასეთი ვითარების დროს ძალზედ მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმარება, მართვა და კონტროლი. მოგეხსენებათ, ჩვენი სამშენებლო პერიმეტრი რამდენიმე მონაკვეთზე არის განლაგებული, სამუშაო ადგილები ერთმანეთს დაშორებულია რამდენიმე კილომეტრით. სამუშაო პროცესის მიმდინარეობის უკეთ კონტროლის მიზნით შემუშავდა პროექტის შრომის უსაფრთხოების კონტროლის მართვის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს პროექტის ტერიტორიის დაყოფას საკონტროლო ზონებად. მთლიანობაში პროექტი დაიყო 5 ზონად.
- კემპი და მიმდებარე ტერიტორია
- ბახვი 2 ბ სადგური და მისი მილსადენის სექცია
- ბახვი 2 ა სადგური და მიმღები
- ბახვი2 ა მილსადენი
- ბახვი 1
თითოეულ ზონას ჰყავს მიმაგრებული შრომის უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც აღნიშნულ არეალში აკონტროლებს სამუშაოებს.
როგორია უსაფრთხოების ოფიცრის ერთი სამუშაო დღე?
- შრომის უსაფრთხოების ოფიცრები ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებიან ტერიტორიაზე, თვალყურს ადევნებენ სამუშაო პროცესს, ატარებენ სავალდებულო ინსტრუქტაჟებს. უშუალოდ მუშა პერსონალს სამუშაოს დროს აძლევენ რეკომენდაციებს საქმის უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, აკონტროლებენ აწევით სამუშაოებს. პროექტის საიტ მენეჯერებთან შეთანხებით ცდილობენ სამუშაო პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ რაც არცთუ ისე ადვილი ამოცანაა სამუშაოების სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ.
ყველა დასაქმებული გადის სავალდებულო ტრენინგებსს შრომის უსაფრთხოებაში. ასევე, ხდება სპეციალური ტრენინგ ცენტრების მოწვევაც სპეციფიური ტრენინგების ჩასატარებლად.
ამ ეტაპზე ბახვი 2 პროექტს ჰყავს 1 უსაფრთხოების მენეჯერი, 4 უსაფრთხოების ოფიცერი და ერთი ექიმი. ბახვი 1-ის პროექტზე გვყავს ერთი მენეჯერი, ორი ოფიცერი და ერთი ექიმი. ბახვი 1-ის უსაფრთხოების გუნდი ასევე შემოდის ბახვი ჰესის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქვემნდებარებაში. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მისი სამუშაო ტერიტორიის შემოვლა და კონტროლი.
ბატონო მიხეილ, მისასალმებელია, რომ თქვენ აკონტროლებთ სამუშაოებს, მაგრამ თქვენ ვინ გაკონტროლებთ? თუ არის სახელმწიფოდან კონტროლი და მონიტორინგი?
- შრომის ინსპექცია გეგმიური შემოწმების ფარგლებში სისტემატურად მოდის პროექტზე. მიუხედავად იმისა რომ შემოწმება ხდება საკმაოდ მკაცრად პროექტის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფო შრომის ინსპექციის დეპარტამენტს ჯერ არ აღმოუჩენია რაიმე სახის კრიტიკული შეუსაბამობა და დარღვევა, რაც ძალიან გვახარებს და ჩვენს ერთ-ერთ მიღწევად მიგვაჩნია.
ბატონო მიხეილ, როგორც ვიცი გამოწვევაა დიდი ტვირთების ტრანსპორტირებაც, რადგან გზა სადაც მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ და დიდი ტვირთები გადმოაქვთ, სოფლის გზაა, მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები.
- როგორც ნებისმიერ პროექტს, ასევე ბახვი ჰესის პროექტსაც სჭირდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტვირთი, რომელთა ტრანსპორტირების ლოგისტიკა და სამუშაო ობიექტებამდე უსაფრთხოდ მიტანა პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსული ტვირთები ჩერდება სოფელ ბახვში საიდანაც სპეციალურად შემუშავებული მარშრუტის გავლით მიდის სამშენებლო ობიექტამდე. სატვირთო მანქანებს აცილებენ უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რათა არ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნა, არ შეფერხდეს გადაზიდვა არ ჩაიკეტოს გზა, არ დაზიანდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. ასევე, მშრალ ამინდებში ვახორციელებთ გზების მორწყვით სამუშაოებს, რათა წარმოქმნილმა მტვერმა არ შეაწუხოს ადგილობრივი მოსახლეობა.
დასასრულისათვის კი ვიტყვი, რომ ბახვი ჰესის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გუნდის მიზანია თითოეული დასაქმებულისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან არიდება.