ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია
მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს
2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა.
მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს ადგილზე დაცული უძველესი ხანის ნივთები და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხები.
ვანის ნაქალაქარის აღმოჩენის ისტორია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იწყება. ტერიტორიაზე დასახლებული ახვლედიანები თავიანთ სამოსახლოში ხშირად პოულობდნენ ოქროს, რაც ადგილზე არქეოლოგიური გათხრების დაწყების საფუძველი გახდა. ვანში აღნიშნული სამუშაოები 1947 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ვანის ნაქალაქარი ძვ.წ VIII-I საუკუნეებით თარიღდება, ხოლო არქეოლოგიურ მუზეუმში ამ პერიოდის სხვადასხვა უძველეს ნაკეთობასთან ერთად, 1500-მდე ოქროსა და 2500-მდე ვერცხლის ნივთია გამოფენილი.
ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორიის მონახულების შემდეგ ახალგაზრდებისთვის ექკურსია სპეციალურად მათთვის, შემუშავებული გასართობ-შემეცნებითი პროგრამით გაგრძელდა და დასრულდა.
„უკვე მეორე წელია აქტიურად ვმონაწილეობ და ვესწრები ბახვი ჰესის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და შეხვედრებს. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი მომავალი პროფესიის საფუძველი სწორედ ბახვი ჰესის მეშვეობით ვიპოვნე. განვლილ ტრენინგზებზე არაერთი საჭირო უნარი გამომიმუშავდა და ჩემი თავი მომავალ პროფესიაშიც დავინახე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესს, ტრენერებს, ხათუნა იოსავას, გიორგი ბერეჩიკიძეს და ყველას, ვინც განვითარების საშუალება მომცა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ტრენერები შეგვხვდა. ძალიან მიხარია, რომ გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების მიმართულებების სწავლის საშუალება მომეცა. სწორედ ეკოლოგია უნდა გახდეს სამომავლოდ ჩემი პროფესია“,- განაცხადა მთისპირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, ნათია შავაძემ.
„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე სწორედ ამ ექსკურსიას უკავშირდება, რომელიც აღსავსე იყო განსხვავებული სანახაობით. მოვინახულეთ ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც გამოფენილი იყო უძველესი ნივთები. გავიგეთ, რომ ამ ნივთებს შორის ყველაზე ძველი მინიმუმ 30 საუკუნის წინანდელია. მოვისმინეთ ისტორია ძველი ტაძრების აგების სტრუქტურაზე, ტრადიციებზე, ხელოვნებაზე. ეს ყველაფერი მართლაც გასაოცარი იყო.
გარდა ამისა, ტრენერების მიერ შემუშავებული გასართობ-შემეცნებითი პროგრამის მეშვეობით ჩემს თანატოლებთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე. გამიხარდა ისიც, რომ გავიცანი მთისპირის სკოლის მოსწავლეები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესსა და ტერნერებს, ხათუნა იოსავას და გიორგი ბერეჩიკიძეს. ჩვენთვის მათთან შეხვედრა ყოველთვის სიახლესთან და აღმოჩენებთან ასოცირდება“,- განაცხადა ჩხაკაურას საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, მარიამ ბერიძემ.
„მოსწავლეების მიერ გაზიარებული ემოციებითა და შეფასებებით მივხვდით, რომ კურსი მიმდინარე წელსაც ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი იყო. გარემოსდაცვისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერება ერთი ორად ამაღლდა. ტრენინგების განმავლობაში ზოგიერთმა უფროსკლასელმა სამომავლო პროფესიაც კი აარჩია, რაც ჩვენთვის სიამაყის მომგვრელია. სწორედ რეგიონში განათლების ხელშეწყობა, მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფრომაციის გავრცელება და სწორი კარიერული არჩევანის გაკეთებაში დახმარება იყო და არის ბახვი ჰესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მოხარულები ვართ, რომ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი.
ეს ყველაფერი კი არ გამოვიდოდა ტრენერების, გიორგი ბერეჩიკიძისა და ხათუნა იოსავას გარეშე რისთვისაც, მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.მადლობა მინდა გადავუხადო ინტერესისთვის თითოეულ მოსწავლეს, რომელიც ამ ტრენინგებს ესწრებოდა და ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს, რომლებიც მუდმივად გვეხმარებოდნენ სკოლებში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში. წლის შემაჯამებელი ექსკურსია ერთობლივი ძალისხმევის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“,- განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
ტრენინგ კურსი ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან არსებობს. 2022-2023 სასწავლო წლის პროგრამა სექტემბერში დაიწყო და ორივე სემესტრს მოიცავდა. შეხვედრები მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდებოდა. პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ, 9, 10, 11, 12 კლასების მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიული ორიენტაციის საკითხების ირგვლივ.