რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე მომუშავა არასამთავრობო ორგანიზაცია, OVD-Info-ს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონის ქალაქ სერპუხოვის სასამართლომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნატალია ტარანუშენკოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე “ყალბი” ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2022 წლის 15 აპრილს ტარანუშენკოს მერვე კლასის მოსწავლეებთან უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილი თემაზე “კარგი საქმე. დავეხმაროთ დონბასის მოსახლეობას”. პროკურატურის მიხედვით, მასწავლებელმა გაკვეთილზე ისაუბრა რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე და აჩვენა უკრაინაში შეჭრის ამსახველი ვიდეომასალა.
ტარანუშენკომ არასამთავრობო OVD-Info-სთან თქვა, რომ გაკვეთილი უნდა ყოფილიყო იმის შესახებ, თუ რა კარგია, რომ რუსეთი უკრაინაში შევიდა”, თუმცა, მასწავლებელმა სტუდენტებს ანა ფრანკის დღიურიდან ამონარიდები წაუკითხა და უთხრა, რომ რუსეთი ბუჩაში “ისე მოიქცა, როგორც ნაცისტური გერმანია 1930-იან წლებში”.
გაკვეთილი ორმა მოსწავლემ გადაიღო და მშობლებს აჩვენა. მშობლებმა შემდეგ საჩივრით პოლიციას მიმართეს და ტარანუშენკოს წინააღმდეგ საქმე 2024 წელს აღიძრა. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში 65 წლის მასწავლებელმა შეძლო ქვეყნის დატოვება. ის ამჟამად პოლიტიკური თავშესაფრით საფრანგეთში იმყოფება.