გურიის მოამბე

ამ ხელისუფლებას ერთი ის დარჩა, რომ დახვრეტის კანონი მიიღოს და დაგვხვრიტოს – ნინო გაგუა,სამოქალაქო აქტივისტი

მე ვარ ნინო გოგუა, 39 წლის, ოზურგეთიდან.
რა დამანახა ამ პროტესტმა საკუთარ თავში ახალი? საერთოდ ყველაფერი. აბსოლუტურად სხვა ადამიანი გამხადა. მივხვდი, როგორი ვარ სინამდვილეში, რა მინდა და რა შემიძლია. აქამდე საერთოდ სხვა წარმოდგენა მქონდა – მეგონა, რომ ვიყავი ძალიან მშიშარა, მორცხვი და მორიდებული, ჩემთვის მცხოვრები ადამიანი. ახლა ეს ყველაფერი სადღაც გაქრა და აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა უნარები მქონია.
ზოგადად, ძალიან ჯიუტი ვარ, მით უმეტეს, როცა სამართლიანობას ეხება საქმე. ეგ ყოველთვის მახასიათებდა. რაღაცას თუ დავიწყებ, ბოლომდე მიმყავს და შუა გზაზე არასდროს მივატოვებ. ახლა ეს კიდევ უფრო აუცილებელია – აუცილებელია, რომ მიხვიდე ბოლომდე და თუ ამას არ გააკეთებ, ძალიან ბევრი რამე გაფუჭდება.
ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიცხოვრო ისე, როგორც მანამდე ვცხოვრობდი, როცა ვიცი, რომ ამდენი უდანაშაულო ადამიანი ქვეყნის სიყვარულისთვის ზის ციხეში. და მე ვიწუწუნო, რომ დავიღალე, მეძინება, ახლა ცივა, ახლა ცხელა… ძალიან უხერხული მგონია ეს ამბავი. ახლა ყველაზე მეტად ეს მაწუხებს.
▪️გენეტიკური კოდი
სამი წლის ვიყავი, 9 აპრილი რომ მოხდა. ეს არის ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება. მახსოვს ტელევიზორი, სადაც რუს ჯარისკაცებს აჩვენებდნენ ბარებით ხელში, ძალიან შემეშინდა და მაგიდის ქვეშ შევძვერი. ბაბუ უყურებდა ამ ყველაფერს და რომ ვკითხე, ესენი ვინ არიან-მეთქი, ერთადერთი სიტყვა მიპასუხა – ,,რუსები.’’ რაღაცნაირად ჩამებეჭდა თავში ეს ყველაფერი, ამის მერე მაქვს განცდა, რომ რუსი ჩემი მტერია და ვიცი, რომ მიშავებს. რომ გავიზარდე, მერე უკვე ბევრი რაღაც გავიგე. გავიგე, რომ რეპრესირებული წინაპრები მყავდა: ერთი დიდი ბაბუა დახვრეტილი 30-იანებში, მეორე – გადასახლებული, ბიძაჩემი 9 აპრილს მოიწამლა და ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მიიღო… ახლა ვხვდები, მგონი, გენეტიკურ კოდში მაქვს, რომ უნდა ვებრძოლო რუსს ბოლომდე, სანამ არ გაიწმინდება ეს ქვეყანა მენტალურადაც, არა მარტო ფიზიკურად, რუსებისგან და ქართულგვარიანი რუსებისგან.
ბავშვობიდან მაინტერესებდა, სად ვცხოვრობდი, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, შესაბამისად, მაინტერესებდა პოლიტიკაც. მით უმეტეს, როცა ძალიან ბევრი ტრავმა გამომყვა იმ უსამართლო ცხოვრებიდან, რაც ოთხმოცდაათიანებში იყო – დიდი დრო დამჭირდა, საკუთარ თავზე რომ მემუშავა და იქიდან გამოყოლილი კომპლექსები მომეშორებინა. მახსოვს, გოგოებს რომ იტაცებდნენ და ხშირად ქუჩაშიც დამინახავს, როგორ მოიტაცეს ვიღაც. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი. ყაჩაღობებიც გავიარეთ და როგორც მამაჩემი იხსენებს, ხმით ვცნობდი, რომელი იარაღიდან ისროდნენ. მახსოვს, ერთხელ გაკვეთილზე ვიყავით და სერიოზული სროლა დაიწყო სადღაც გარეთ, მასწავლებელმა გვითხრა, სახლში მაინც ფრთხილად წადით, შენობებთან ახლოს იარეთ, ბრმა ტყვია არ მოგხვდეთო.
სკოლა რომ დავამთავრე, ცხოვრებაში პირველი კედელი წინ მაშინ დამხვდა. იმ დროს ეროვნული გამოცდები არ იყო, მინისტრი ბიძა უნდა გყოლოდა ან ბევრი ფული გქონოდა, უნივერსიტეტში რომ ჩაგებარებინა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია – რა პროფესიის არჩევაც მინდოდა, იმის უფლება არ მქონდა და საერთოდ სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვისწავლე, დავამთავრე და, სხვათა შორის, წითელ დიპლომზეც, სტიპენდიასაც ვიღებდი, მაგრამ ეს შინაგანი პროტესტი დამრჩა. დიპლომი მაქვს და ახლა სულ სხვა კუთხით ვმუშაობ.
▪️ეს ყველას ბრძოლაა
მას მერე, რაც მეხსიერება მაქვს, ვაზროვნებ და ჩამოვყალიბდი, ალბათ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფნა-არყოფნის ამბავი გვიდგას. ეს არ არის შემთხვევა, როცა ვიღაც მინისტრი არ მოგწონს ან პრეზიდენტთან გვაქვს რამე პრობლემა. აქ საკითხი ასე დგას – გვექნება თუ არა ქვეყანა და ვიცხოვრებთ თუ არა საქართველოში. ყველაფერთან პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ რუსებს აქვთ აღებული ხელში ეს ქვეყანა და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა საქართველო აღარ იყოს.
ასე თუ ისე, მე ყოველთვის მქონდა წარმოდგენა ამ ადამიანებზე, ხელისუფლებაზე, ვინ იყვნენ. როცა მოდიოდნენ, თავიდანვე ვიცოდი ამათი კურსი, თუმცა მაშინ იმასაც ვამბობდი, რომ არ შეიძლება რომელიმე ხელისუფლება იყოს უსასრულო – ადამიანური ბუნებაა ასეთი, რაღაც პერიოდის მერე ძალაუფლება ადამიანის გონებას რყვნის და ის ხელისუფლებაც უნდა შეცვლილიყო. პირველი იყო გავრილოვის ამბავი, რამაც უკვე ცხადად დაგვანახა, რომ პრორუსი ხელისუფლება გვყავდა. მანამდე იყო ეჭვები, ჩემი აზრები და ფიქრები, რასაც ხმამაღლა არ ვამბობდი იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო ხალხის ნაწილი ამ ხელისუფლებით. მაშინ ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა ხმის ამოღებას, მაგრამ 2019 წლიდან უკვე აქცია აღარ დამიტოვებია, სადაც არ ვმდგარვარ.
ვთვლი, რომ ახლა რაც ხდება, ყველას პირადი პასუხისმგებლობა და ყველას ბრძოლაა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ადამიანების ნაწილს ჰგონია, რომ სხვამ უნდა გააკეთოს რაღაც, ყოველთვის ყველაფერი სხვისი ბრალია და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. შეიძლება, ფიზიკურად ყოველდღე ვერ ახერხებდე აქციაზე მოსვლას, თუნდაც შიშის გამო, მაგრამ ბრძოლა სხვა ნებისმიერი ფორმითაც შეიძლება. მაგრამ მე უკვე ვხედავ, რომ თითქოს ისხლიტავენ ამ ყველაფერს და სირაქლემას პოზა აქვთ – მე მაინც რას შევცვლი და, მოდი, სანამ ვარ, ჩემს ცხოვრებას მივხედავ… და ამ დროს ვერც ვერაფერს მიხედავ იმიტომ, რომ ყველაფერი თავზე გენგრევა.
არც მე დავბადებულვარ აქტივისტად, არ ვარ აქტივისტი. ეს აქტივიზმიც აღარ არის, ყველას ვალდებულებაა, რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს. ასე მგონია, ვალში ვართ იმ გმირებთან, რომლებმაც ამ ქვეყანას თავი შესწირეს. თუნდაც მათ გამო, არ შეიძლება ჩვენ ეს ქვეყანა უბრძოლველად ჩავაბაროთ.
▪️რუსთაველი – თავისუფლების კუნძული
რაც პროტესტი დაიწყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ფაქტობრივად, ყველაფერზე უარი ვთქვი. ჩვენ, იმ ადამიანებს, რუსთაველზე რომ ვდგავართ, უკვე რაღაცნაირად ჯარისკაცის დისციპლინა ჩამოგვიყალიბდა. დღეს ამ ქვეყანაში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავისუფლებას და საღ აზრს ვხედავ. ჩემთვის აქ მოსვლა მთელი დღის სტრესისგან გათავისუფლებაა – ათას უბედურებას ვიგებთ და შვებას რუსთაველზე ვპოულობ. ყველაზე დაცულად აქ ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ყველაფრის ფასად დაგიცავენ და მართლა ერთმანეთის იმედად ვართ. ამ დროს პოლიცია გვიცავს კი არა, აქეთ გვებრძვის და თუ ვინმე რამეს გვიშავებს, არაფერს აკეთებენ ჩვენს დასახმარებლად.
ჩემთვის აქ მოსვლა არის თავიდან დაბადება ყოველდღე.
ბრძოლის ძალას, უპირველესად, სინდისის პატიმრები მაძლევენ. როდესაც სინდისის პატიმრებზე ვფიქრობ, რომლებიც ციხეში ვერ გატეხეს, როგორ შეიძლება მე გავტყდე გარეთ?! 20 წლის ბავშვებს, რომლებიც, წარმოდგენაც არ მინდა, რამხელა ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან, ვერაფერი მოუხერხეს ამდენი თვის განმავლობაში; ძალას მაძლევენ მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ყოველდღე მადლიერი თვალებით გვიყურებენ. მე შევპირდი, რომ ბოლომდე მათთან ერთად ვიქნები და თუ რამეს ვიტყვი, იმას აღარ გადავთქვამ.
ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორები არიან დედაჩემი და მამაჩემი, რომლებიც მხარს მიჭერენ და უსიტყვოდაც ესმით ჩემი. უკვე 10 თვეა, არც ერთი აღარ მინახავს და წელს იყო პირველი ახალი წელი, რომელსაც მათ გარეშე შევხვდი აქციაზე – აქამდე დღესასწაულებზე სულ ერთად ვიყავით. ამის ახსნაც არ დამჭირვებია. ეს ძალიან მახარებს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს პრობლემა აქვს ოჯახში ამ კუთხითაც, ზოგან საპირისპირო აზრი აქვთ მშობლებს, ზოგს უბრალოდ ისე ეშინია, რომ შვილები უმალავენ აქციაზე როცა მოდიან… მე ეს პრობლემა არასდროს მქონია მათგან.
▪️როცა ამას გაიაზრებ
ძალიან ბევრი იმედგაცრუება მქონდა ამ ხნის მანძილზე ადამიანებისგან, რაც პირადად შემეხო. მესმის, რომ პროპაგანდის გავლენაა, პირადი კეთილდღეობაც გავიგე, მათი ე.წ. განსხვავებული აზრიც… დეკემბრამდე რაღაცნაირად მივიტანე თავი და ამ ადამიანებთან არ გამიწყვეტია კომუნიკაცია, მაგრამ როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მაინც იმას ამბობდნენ, მე რატომ ვიყავი აქციაზე და იქ რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არაფერი დამემართებოდა. გამოდის, რაც დამმართეს, ჩემი ბრალი იყო – თავი აცემინა, მოაკვლევინა, მოაწამვლინა… დეკემბერი გახდა ჩემთვის წითელი ხაზი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენი რამე დაგროვდა, დამნახავს უნდა დაენახა.
ჩემთვის იმედგაცრუება არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დაანებეს თავი ბრძოლას, გადაწყვიტეს, რომ თავიანთ ნაჭუჭში ჩაიკეტონ და შორიდან უყურებდნენ ამ ბრძოლას; თუ გადავრჩებით, აქ იქნებიან, თუ არა და წავლენ. ისე გვიყურებენ, თითქოს ჩვენ სხვა ვალდებულებები გვაქვს, რაღაც ზებუნებრივი ძალა აღმოგვაჩნდა და მათნაირი ადამიანები არ ვართ. მაინც ვფიქრობ, ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, სად ვართ და რამხელა უფსკრულის პირას ვდგავართ, რადგან როცა ამას გაიაზრებ, შენი ფეხით წამოხვალ და ვეღარ გაჩერდები.
პრობლემისგან გაქცევა გამოსავალი არ მგონია, საკუთარ თავს ვერსად გავექცევით. ვფიქრობ, ამ პასიურობით ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავის ვთხოვ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ სრულიად დისტანცირება ამ ყველაფრისგან და პარალელურ საქართველოში ცხოვრება, გამოსავალი არაა.
ამ ხელისუფლებას ერთი ის დარჩა, რომ დახვრეტის კანონი მიიღოს და დაგვხვრიტოს. კომენტარების, ფეისბუქის პოსტების გამო იჭერენ ადამიანებს. პროტესტი ამ ქვეყანას არ უკვირს – მას მერე, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, ცარიელი რუსთაველი ვინმეს უნახავს? მაგრამ ასეთი ტერორი არასდროს ყოფილა. რიგით აქტივისტებსაც დასდევენ, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში დგანან და ამას აპროტესტებენ, არავის და არაფერს აზიანებენ.
მართლა წარმოუდგენელია, რომ ამ გარემოში, ახლა ვინმე თავისუფლად სუნთქავს.
▪️ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ
სულ ვამბობდი, ჩემი ქვეყანა მიყვარს-მეთქი, მაგრამ ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ეს სიყვარული. აქამდე, როცა ამას ვამბობდი, ალბათ ეს ცოტა გაუაზრებელიც იყო.
მიყვარს და მენანება.
მენანება, ამდენი ადამიანის დაღვრილი სისხლი. ყველაზე ბოლო ამბავი, რომელიც მახსენდება – ანწუხელიძეა, სულ ის კადრები მიდგება თვალწინ. რას შეეწირა, თუ ჩვენ ასე უბრალოდ უნდა დავსხდეთ, ერთმანეთს ვუყუროთ და ვიღაცას ველოდოთ?! არავინ გვიშველის, თუ ჯერ ჩვენ არ ვუშველეთ საკუთარ თავს, ამის გარეშე არც გარედან იქნება რამე.
არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუხუროს კარი ამ ქვეყანას, ბევრად მეტისთვის გაუძლია და, უბრალოდ, სირცხვილია. მე თუ სხვაგან ცხოვრება მომინდება, ეს ჩემი პირადი არჩევანი უნდა იყოს და არა ვიღაც უწიგნური ადამიანებისგან გამოწვეული იძულება, რომ ავდგე, კარი გამოვიხურო და სხვაგან წავიდე.
ამ ქვეყნის ისტორიას ასეთი პროტესტი არ ახსოვს, უკვალოდ არაფერი იკარგება. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ. თუკი რამე კანონზომიერება არსებობს და მგონია, რომ არსებობს, წარმოუდგენელია, სხვანაირად მოხდეს.
ეს დღე არც ისე შორსაა.
📷 ფოტოები: ლევან ზაზაძე, MOSE
——————————————————————
ტექსტი მომზადებულია სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” მიერ, პროექტის ,,იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights