გურიის მოამბე

ბევრს ექავება ამ ქვეყანაში ხელები, მაგრამ ხელები უნდა მოუთოკოს კანონმა – ლევან იოსელიანი

ვისაც ხელები ექავება, იმისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანო და თუ ხელებს ვერ მოთოკავს, უნდა მოთოკოს კანონმა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ყველა შემთხვევაში მოითხოვს კანონის აღსრულებას და დამნაშავეების დასჯას და სულ ერთია ვინ იქნება დამნაშავე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი, NGO-ს წარმომადგენელი, თუ აქტივისტი.

„ქალების მიმართ, როგორც იქცეოდნენ, ეს ვის მოსწონს ამ ქვეყანაში? როგორ შეიძლება ამას ვინმე მომხრე ჰყავდეს. ნურავის ნუ დაავიწყდება, განსაკუთრებით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა ქალები არიან ამ ქვეყანაში და ქალები ერთმანეთის მიმართ ძალიან სოლიდარულები არიან, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მე არ მეგულება ქალი, რომელსაც ეს მოეწონებოდა.

ვისაც ხელები ექავება იმისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანო და თუ ხელებს ვერ მოთოკავს, უნდა მოთოკოს კანონმა. ბევრს ექავება ამ ქვეყანაში ხელები, მაგრამ ეს ხელები უნდა მოუთოკოს კანონმა. თუ ყველას მიეცი საშუალება, რომ ეს მოქავებული ხელები, როგორც უნდა ისე იქნიოს, მაშინ ქაოსში და ანარქიაში გადაიზრდება ამ ქვეყანაში ყველაფერი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნურც სახალხო დამცველს მოსთხოვთ, რომ იყოს ცალმხრივი და ნურც ნურავინ ჩათვლის თავს კანონზე მაღლა. ნურცერთი მხარე. მე ყველა შემთხვევაში მოვითხოვ კანონის აღსრულებას და დამნაშავეების დასჯას და ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება ეს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი, NGO-ს წარმომადგენელი თუ აქტივისტი. თუ კანონს დაარღვევს უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის ხელისუფლებაზე, ხოლო შემდეგ ყველა სხვაზე, რადგან სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ესკალაციის არ დაშვება.

„თუ პოლიცია ხედავს, ძალები, რომლებიც არის გამოყვანილი, არ არის საკმარისი მართლწესრიგის დასაცავად, უნდა მოხდეს ძალების დამატება და არ უნდა მიეცეს საშუალება, ერთმანეთზე მუშტი-კრივით წავიდნენ. ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. მას უჭირავს ხელში ძირითადი მართვის სადავეები. ის იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჯერ მასზეა პასუხისმგებლობა, მერე ყველა სხვაზე, ვინც მონაწილეობს, არ მონაწილეობს, აზრს გამოხატავს თუ როგორ იქცევა – მერე გადადის ყველაზე რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა, პირველი პასუხისმგებლობა ხელისუფლებზე მოდის. მან უნდა უზრუნველყოს მშვიდობა, ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გარემოში აზრის გამოხატვის დაცვა, მან უნდა უზრუნველყოს ესკალაციის არ დაშვება მხარეებს შორის“, – განაცხადა იოსელიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights