ფრანგმა კომპოზიტორმა ჟაკ ოფენბახმა ქართველ ქალებს ოპერა «Les Géorgiennes» მიუძღვნა.
ლიბრეტოს შექმნაში ჟიულ მუანოს ალექსანდრე დიუმა (მამა) დაეხმარა.
«Les Géorgiennes» («ქართველი ქალები») თანამედროვე პრემიერა კვლავ პარიზში გაიმართა.
«Les Géorgiennes»-»ქართველი ქალები»
ჟაკ ოფენბახის დაკარგული ოპერა-ბუფას ახალ სიცოცხლე ზე ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიის აუდიტორიას მოუთხრობს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი , მუსიკის მკვლევარი ლაშა გასვიანი
(კვლევა ეძღვნება ბებიას-ელეონორა ჭიჭინაძეს, ზაქარია ჭიჭინაძის შთამომავალს).
«Les Géorgiennes», ანუ «ქართველი ქალები». ასე ჰქვია სამმოქმედებიან ფრანგულ ოპერა-ბუფას, რომელიც XIX საუკუნეში ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა, ჟაკ ოფენბახმა (1819-1880) დაწერა.
ლიბრეტოს ავტორია ჟიულ მუანო (1815-1895), რომლის შექმნაშიც დახმარება მისმა მეგობარმა, დიდმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმა მამამ გაუწია (დიუმა ნამყოფი იყო საქართველოში 1858-59წწ-ში).
ოპერის პრემიერა, პარიზის «თეატრე დე ბუფე პარიზიენში», შუაზელის დარბაზში, 1864 წლის 16 მარტს გაიმართა და მას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად.
წლების მანძილზე ოპერეტა დაკარგულად იყო მიჩნეული. თუმცა, 2019 წლის დეკემბერში, ასოციაციამ «Le Groupe Lyrique» საზოგადოებას აუწყა ორიგინალი ხელნაწერის მიხედვით ნაწარმოების ხელახლა დაბადების შესახებ (როგორც აფიშაზე ეწერა: «Recréation mondiale»), რომელსაც ბერნარდ ტომასის ორკესტრი ლორან ზაიკის დირიჟორობით პარიზის სენ-ჟერმენის დარბაზში შეასრულებდა.
დამდგმელი რეჟისორი – რენო ბუტენი. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ოპერეტის «Les Géorgiennes» («ქართველი ქალები») თანამედროვე პრემიერა სულ ახლახან, გასული წლის 7 და 8 დეკემბერს, კვლავ პარიზში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ოფენბახის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა და როგორც ჩანს, ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღს უკავშირდება «ქართველი ქალების» ხელახალი მსოფლიო პრემიერაც.
1864 წელს, «ქართველი ქალების» პარიზული პრემიერიდან სულ რამდენიმე თვეში, მისი პირველი უცხოური პრემიერა ვენაში (ავსტრია), კარლთეატრში 5 ოქტომბერს გაიმართა სახელწოდებით «Die schönen Weiber von Georgien» («საქართველოს მშვენიერი ქალები»).
ნაწარმოები იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მისი ზოგიერთი ნომერი ვენის საცეკვაო სალონებმაც კი შეიტანეს თავიანთ რეპერტუარში.
ვენის პრემიერას ესწრებოდა ვალსების მეფედ წოდებული იოჰან შტრაუსი II-ეს უმცროსი ძმა იოზეფ შტრაუსი, რომელიც ისე მოიხიბლა და აღფრთოვანდა «ქართველი ქალების» მუსიკით, რომ ნაწარმოებისაგან შთაგონებულმა საჩქაროდ დაამუშავა ერთ-ერთი ეპიზოდი – კადრილი და იგი პირველად შესრულდა დიანაზაალში ( ვენა) გამართულ კონცერტზე 1864 წლის 9 ოქტომბერს.
სამი დღის შემდგომ კი, დღის სინათლეზე საფორტეპიანო ვერსიაც გამოჩნდა. ამ დროიდან მოყოლებული, ეს ნაწარმოები დიდი ხნის მანძილზე დარჩა შტრაუსის ორკესტრის რეპერტუარში.
«ქართველი ქალების» ტრიუმფი ვენაში არ დასრულებულა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
1865 წლის თებერვლის ბოლოს მისი პრემიერა ბერლინში გაიმართა.
1867 წლის 15 თებერვალს კი, ოპერა ბუფას პრემიერა რუსეთში, მოსკოვის დიდ თეატრში შედგა.
1867 წლის 16 ივნისს, ნაწარმოები სანქტ-პეტერბურგში უჩვენეს, ხოლო 1867 წლის აგვისტოში, პერიოდული გამოცემა «Revue et gazette musicale de Paris» იუწყებოდა, რომ იგი საუცხოოდ მიიღეს გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ბრესლაუში.
1868 წელს, „ქართველი ქალების“ პრემიერა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სენტ-იუბერის სამეფო გალერიათა თეატრის სცენაზე გაიმართა. პრესა სპექტაკლის ტრიუმფალურ წარმატებაზე წერს.
1869 წლის 4 ოქტომბერს, ოპერა წარმოდგენილ იქნა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.
1871 წელს, «ქართველი ქალები» გასცდა ევროპის საზღვრებს და მისი ოკეანისგაღმა პრემიერა აშშ-ში, ნიუ-იორკის «Grand Opera House»-ში შედგა.
ოვაციები არ ცხრებოდა. ასეთივე წარმატებული იყო ნიუ-იორკის 1873 წლისა და 1874 წლების პრემიერებიც. ეს უკანასკნელი სპექტაკლი კი იმითაც არის გამორჩეული, რომ სცენაზე გამოჰყავთ სპილო. მაყურებელი აღფრთოვანებულია. ოპერა-ბუფა აშშ-ში დაახლ. 100-ზე მეტჯერ დაიდგა და ყოველ ჯერზე მას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თუმცა, მიუხედავად ამისა, იყო ასევე მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ ნაწარმოები არ არიდებდა თავს ბანალურ, პრიმიტიულ და ხანდახან ვულგარულ პასაჟებსაც.
მუსიკისა და თეატრის კრიტიკოსი, ფრანგი ჟურნალისტი ბენუა ჟუვენი (1810-1886) ოფენბახის მუსიკას დიდ შეფასებას აძლევდა. იგი გაზეთში «Le Figaro» წერდა:
«ნაწარმოები «Les Géorgiennes» («ქართველი ქალები») ჟაკ ოფენბახის დაწერილია. მისი შექმნით კომპოზიტორმა დიდად დაისვენა იმ უსაზღვრო გადაღლილობისაგან, რომელიც ქ. ვენაში მოპოვებული თავბრუდამხვევი წარმატებით იყო გამოწვეული. ამ საოპერო წარმოდგენაში უამრავი მუსიკა ჟღერს, სადაც ფეხს იქნევ, თავს არწევ და მოწონების ნიშნად სახეზე მოგვრილი ღიმილი თითქოს ასრულებს ბედნიერად დაწყებულ მელოდიას.
ეს ოფენბახის ტრიუმფია. ესაა მისი ორიგინალურობა და ამაში მას ბადალი არ ჰყავს.“
ოპერა-ბუფას მოკლე შინაარსი
ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია ოსმალეთის უძლეველი სულთანი, ფაშა როდოდენდრონი, რომელმაც თავისი ჰარამხანის განახლების მიზნით, საკუთარი 32 მონითა და ამდენივე სპილოთი ალყა შემოარტყა ქართულ ქალაქ ჯეგანს.
საბრძოლო ბანაკში ჭურვის აფეთქების გამო, ადგილობრივ კაცებს თავდამსხმელთა წინააღმდეგ ბრძოლის თავი არ ჰქონდათ. ამიტომ, შეურაცხყოფილმა და აღშფოთებულმა ქალებმა გადაწყვიტეს, ფეროზას მეთაურობით ხელში აეღოთ ძალაუფლება. მას ორი სხვა ქალიც ეხმარებოდა, სახელად ნანი და ზაიდა. მიუხედავად ამისა, მთავარი მებარაბნის ტანსაცმელში გადაცმულმა როდოდენდრონმა მოახერხა ქართველთა ქალაქში მოტყუებით შეღწევა. თუმცა, ქალებმა იგი მაინც ამოიცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს.
ამასობაში, ქართველი ქალები, ლაზარეთში გამწესებულ ჯეგანელ დეზერტირ კაცებს ქალაქიდან გაყრიან. თუმცა, ბოშების ტანსაცმელში გადაცმულები კვლავ უკან შემოვლენ. ამავე დროს ფაშას მებრძოლებიც შემოაღწევენ ქალაქში და მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება.
მას შემდგომ, რაც ფაშა როდოდენდრონთან დაპირისპირება კვლავ მოუხდებათ, ქართველი ქალები მთელ თავიანთ ძალაუფლებას საბოლოოდ კვლავ ჯეგანელ მამაკაცებს გადასცემენ და მტრზე გამარჯვებას მოიპოვებენ.
ლაშა გასვიანი
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი,
მუსიკის მკვლევარი.