დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით ეხმიანება დღეს, 19 ნოემბრის ღამეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას.
„პოლიციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედება — მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული უკანონო ხელშეშლა, პროტესტის ჩახშობა და ადამიანების უკანონო დაკავება — წარმოადგენს ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ მისცეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად საკმარისი რაოდენობისა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ჯერ ტროტუარებზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ტროტუარის დატოვებისკენაც მოუწოდეს. ამის პარალელურად, ფიზიკური ძალის გამოყენებით 10-მდე დემონსტრანტი დააკავეს“ – წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
ორგანიზაცია განცხადებაში მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის 161-ე მუხლზე – „შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა“:
„შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
„დღევანდელი ქმედება არის დანაშაული.
„ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ იყენებს ძალისმიერ მეთოდებს და საბოლოოდ ცდილობს პროტესტის მონაწილეებისთვის გამოხატვის უფლების წართმევას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.








