მგონია, რომ მაღალი იდეით შთაგონებულ მოქალაქეთა ჯგუფს, ვერ დაამარცხებს ეს უიდეო, საკუთარი გამდიდრების წყურვილით შეპყრობილი ადამიანთა ჯგუფი, – ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ავტორიტარიზმსაც კი რაიმე იდეა სჭირდება, მარტო ნეგატივზე დამყარებული რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს“.
,,ავტორიტარიზმსაც კი რაიმე იდეა სჭირდება. მარტო ნეგატივზე დამყარებული რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს, მე მგონია რომ ეს შეუძლებელია… ჩვენთან არავითარი ასეთი იდეა არ არსებობს და საპირისპიროდ წინააღმდეგობის მხარეს აქვს შეგრძნება იმისა, რომ იბრძვის სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ისევ დადგეს ფეხზე – იყოს სამართლიანი და ცივილური, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, იყოს ბედნიერი. რუსთაველზე საბოლოოდ მოკვდა საბჭოთა მენტალიტეტი. მართლა დაიბადა ჭეშმარიტი სოლიდარობა, რომელიც უკეთილშობილესი განცდით არის გამაგრებული. ამაზე დიდი გრძნობა კაცობრიობას არ გამოუგონია… მე მგონია, რომ ამას ვერაფერი მოერევა – სიცოცხლისადმი სიყვარულს ვერაფერი მოერევა…”,- განაცხადა ღოღობერიძემ.
რეჟისრომა სინდისის პატიმრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც თავიდანვე დაიჭირეს საოცარი ხალხია, თითქოს, “აარჩიეს ვინ უნდა დაეჭირათ“.
,,ის ბიჭები, თავიდანვე რომ დაიჭირეს, რა საოცარი ხალხია, აღფრთოვანებას იწვევენ ჩემში, საინტერესოა, როგორ მოხდა, აარჩიეს ვინ უნდა დაეჭირათ? ასეთი განათლებული, ჭკვიანი, კეთილი, მომღიმარი, რანაირად არის, რომ უკვე წელიწადი ციხეში სხედან. საოცარი უსამართლობაა. მიყვარს ყოველი მათგანი. ასევე საოცრები არიან მათი მშობლები, ერთიანობა, რომ შექმნეს და რომ გჯერა, რომ ასეთ ხალხს ვერაფერი დაამარცხებს. ვერანაირი რეჟიმი ვერ დაამარცხებს” – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.








