გურიის მოამბე

სახელისუფლებო მედია ღარიბაშვილის ნათესავებს ტროლის მეშვეობით მიმართავს – მითების დეტექტორი

მითების დეტექტორის ინფორმაციით, სახელისუფლებო მედია დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს ტროლის მეშვეობით მიმართავს.

მათი თქმით, 13 იანვარს პროპაგანდისტულმა მედიებმა გამოაქვეყნეს ექიმ ნათია თოფურიას მიმართვა, სადაც ის ღარიბაშვილს “კორუმპირებულ ნაძირალას” და “ქვეყნისა და ხალხის მოღალატეს” უწოდებს, ხოლო მის ნათესავებს მოუწოდებს ან საჯაროდ განაცხადონ, რომ მათი “ფალავანი” უდანაშაულოა, ან გაჩუმდნენ და მადლობა თქვან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელი მიიღო.

მითების დეტექტორმა პროფილის გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებული ტროლის ფოტოები რეალურად ნათია დვალს და ქსენია კოვალენკოს ეკუთვნის. ნათია დვალს მითების დეტექტორი ესაუბრა და მან განაცხადა, რომ არ იცის ვინ შეიძლება იყენებდეს მის ფოტოებს სანდოობის შექმნის მიზნით.

“13 იანვარს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა წინა დღით დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებისადმი ექიმ ნათია თოფურიას მიმართვა გამოაქვეყნეს.  მიმართვა, რომელიც ტელეკომპანია POSTV-ის, მხარე-ის,Ongo-ს, რეპორტიორი-ს, InfoPostalioni.com-ისმედიაჰოლდინგ “კვირას” და საერთო გაზეთის ფეისბუქ-გვერდებზე თითქმის იდენტური ტექსტით გავრცელდა,  ფეისბუქ-მომხმარებლის, Nati Topuria-ს პოსტს ეყრდნობა. მასალა ასევე გავრცელდა სახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, სააგენტოების newshub.ge-სა და region.ge-ს ვებ-გვერდებზეც. პოსტის ავტორი ღარიბაშვილს როგორც “კორუმპირებულ ნაძირალას” და “ქვეყნისა და ხალხის მოღალატეს” მოიხსენიებს, ხოლო ნათესავებს მოუწოდებს, ან საჯაროდ განაცხადონ, რომ მათი “ფალავანი” უდანაშაულოა, ან გაჩუმდნენ და მადლობა თქვან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ POSTV News-ის მიერ გავრცელებული პოსტი დასპონსორებულია.

აღსანიშნავია ის, რომ POSTV News-ის პოსტსა და სხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ სტატიებში, პოსტის ავტორ Nati Topuria-ს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფოტოები გვხვდება. რეალურად, Nati Topuria-ს ფეისბუქზე მხოლოდ ერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, თუმცა სხვა სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ სტატიებში ფოტოზე სრულიად განსხვავებული ადამიანი გვხვდება.

POSTV-ის ვერსიაში გამოყენებული ფოტო “მითების დეტექტორმა” მათე დევიძის საწინააღმდეგო ფეისბუქ კამპანიის დროს გადაამოწმა და დაადგინა, რომ Nati Topuria-ს  ანგარიში vk.com-ის მომხმარებლის, Натиа Двали-ის ფოტოს იყენებდა.  ანგარიში Nati Topuria 2024 წლის 27 თებერვალს შეიქმნა, აქტიურად პოსტვა  კი 2024 წლის მაისში, პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით დაიწყო.

მითების დეტექტორი” ნათია დვალს “ინსტაგრამის” ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდა, რათა დაედასტურებინა, რომ ფოტოზე, რომელსაც  Nati Topuria იყენებს,  რეალურად ნათია დვალია ასახული. ნათია დვალმა საუბარში აღნიშნა, რომ ფოტო 2010 წელს რუსეთში Canon-ის ბრენდის ფოტოაპარატით გადაიღო. მას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ანგარიშთან “Nati Topuria”, რაზეც მან გვიპასუხა, რომ არ იცის, ვინ შეიძლება იყენებდეს მის ფოტოს სანდოობის შემქნის მიზნით. ნათია დვალმა ასევე აღნიშნა, რომ ფეისბუქზე პოლიტიკური ხასიათის პოსტებს არ ავრცელებს.

“ნათი თოფურიას” ფეისბუქ გვერდს სასწავლებლად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვს მითითებული, სამუშაო ადგილად კი – Cebu World-Class RunFest, რომლის გვერდი 2024 წლის 5 დეკემბრამდე Casino hero-სა სახელით იყო რეგისტრირებული და ფილიპინებიდან იმართება. სახელისუფლებო მედიის პოსტებში ნათია თოფურია ექიმად არის მოხსენიებული.

OSINT ინსტრუმენტებით მეორე ფოტოს გადამოწმების შედეგად მსგავსი ვიზუალით კიდევ ერთ პირს მივაკვლიეთ, კერძოდ, რუსული სოციალური ქსელის Vkontakte.ru-ს მომხმარებელს, ქსენია კოვალენკოს.” – წერს მითების დეტექტორი.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

მუხლი, რომლითაც ღარიბაშვილს ბრალი ჰქონდა წარდეგინილი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights