გურიის მოამბე

ლუიჯი ვილარი – “გურიის მოძრაობა”

ლუიჯი ვილარი – “გურიის მოძრაობა წარმოიშვა სოციალ-დემოკრატების თავდაუზოგავი პროპაგანდისა და ქართული პრესის მიერ ხალხის ნაციონალისტური გრძნობების გაღვივების შედეგად”

ოზურგეთი პატარა სასიამოვნო ქალაქია, დაახლოებით 8000 მოსახლით, იგი მდებარეობს მდინარე ნატანების ნაპირთან და ზღვის დონიდან რამდენიმე ასეული ფუტის სიმაღლეზე ტყიან ბორცვებზეა გაშენებული. ქალაქს აქვს ფართო და მოუკირწყლავი ქუჩები, რომელთა გარშემო არის პატარა ხის სახლები თავიანთი ეზოებით ხეებითა და მინდვრებით, ყვავილების ბუჩქები გაშენებული არა აქვთ, რადგან ამიერკავკასიაში ყვავილებს სისტემურად იშვიათად რგავენ.
.
აქ არის ბაზარი აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ღია პავლიონებით და ბულვარი, ანუ საზოგადოებრივი ბაღი სადაც ზოგჯერ ორკესტრი უკრავს და შეკრებები იმართება. მთლიანობაში ამ ადგილს ძალიან მშვიდი და სოფლური იერი აქვს და ვერავინ იფიქრებს თუ რა მძვინვარე ვნებების ალი გიზგიგებს ამ იდილიური ექსტერიერის ქვეშ და რა მწარე სიძულვილი ჩაუნერგა ხალხს ცარიზმის ასწლოვანმა უსამართლო მმართველობამ.
.
ახლა კი დავუბრუნდეთ ჩემი ვიზიტის სერიოზულ საკითხს. გურიის მოძრაობა დაახლოებით ორი წლის წინ წარმოიშვა სოციალ-დემოკრატების თავდაუზოგავი პროპაგანდისა და ქართული პრესის მიერ ხალხის ნაციონალისტური გრძნობების გაღვივების შედეგად. ეს ყველაფერი დაიწყო მიწის იჯარის გადასახადების შემცირების მოთხოვნებით და სახელმწიფოს მიერ გლეხების მიწების მიტაცების საწინააღმდეგოდ მიმართული პროტესტებით.
.
გურულები, რომლებიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში იყვნენ წასული სამუშაოდ, რევოლუციონერ აგიტატორება დაუკავშირდნენ, სახლში დაბრუნების შემდეგ კი პროპაგანდა მათივე სოფლებში თავად გაავრცელეს. ამას შედეგად გასახადების გადახდაზე უარის თქმა მოყვა, რადგანაც ისინი ხალხის თანხმობით არ იყო დაწესებული. „გურია 100 000 მცხოვრებით წელიწადში 250 000-დან 300 00 მანეთამდე რატომ უნდა უხდიდეს რუსებს, რომლებიც მთელი მხარის შენახვაზე ძვლივს ხარჯავენ 20 000 მანეთს, რომლის უმეტესი ნაწილი პოლიციასა და იმ ჩინოვნიკებზეა გამოყოფილი, რომლთა დანახვაც ჩვენ არ გვინდა“ – მითხრა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა.
.
რუს ჩინოვნიკებს პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადეს და არცერთ გურულს აზრადაც კი არ მოუვა რაიმე თხოვნით მიმართოს მთავრობის წარმომადგენელს. აქ არის „უეეზდნი ნაჩალნიკი“ (მაზრის თავი), პოლიციის უფროსი, მაგისტრატები და მოსკოვური ბიუროკრატიის სრული ატრიბუტიკა, თუმცა მათ აქ არანაირი საქმე აღარა აქვთ. ყაზარმებში არის გარკვეული რაოდნობის კარისკაცი, მაგრამ მოძრაობის დასაწყისში გლეხები თავს არიდებდნენ მათთან შეტაკებებს, რათა მთავრობასათვის რეპრესიების დაწყების საბაბი არ მიეცათ. თუმცა, ბოლო დროს სისხლიანი შეტაკებები მოხდა.
.
ადმინისტრირებას თავად მოსახლეობა ახორციელებს კომუნისათვის დამახასიათებელი მანერით, თითოეული კაცი თავის წილ ფულს ან შრომას საერთო სიკეთისთვის სწირავდა. ისინი ცვლაში მუშაობდნენ გზებისა და ხიდების მოვლა-პატრონობაზე და მათ შორის ვხედავდი თავადაზნაურებს, მღვდლებს, გლეხებსა და მაღაზიების მეპატრონეებს, რომლებიც თავდაუზოგავად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.
.
რუსული სკოლები ქართულმა შეცვალა და ბავშვებს მშობლიურ ქართულ ენაზე ასწავლიან წერა-კითხვასა და არითმეტიკას სოციალისტური პრინციპების გათვალისწინებით.
.
– Luigi Villari – THE GURIAN “REPUBLIC” (fire and sword in the caucasus) ფრაგმენტი იტალიელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და დიპლომატი ლუიჯი ვილარის “გურიის რესპუბლიკიდან”, ვილარი ოზურგეთში 1905 წლის სექტემბერში იყო
– თავადის ქალის ნინო გურიელის სახლი «Дом княгини Н. Гуриели в Озургети». (AI)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights