მე ვარ სესილი ბუთხუზი, 36 წლის, თბილისიდან.
ტიპური 90-იანების ბავშვობა მქონდა. რაღაც პარალელსაც ვავლებ ახლანდელ სიტუაციასა და მაგ პერიოდს შორის. 5-6 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ღამე ეზოში არ უნდა გავსულიყავი, რადგან საშიში იყო; ვიცოდი, რომ პოლიციელს არანაირი ავტორიტეტი და ძალაუფლება არ ჰქონდა და ვერ დამიცავდნენ. ახლაც ზუსტად ამას ვგრძნობ, ამდენი ხნის მერეც, და მიუხედავად იმისა, რომ მაინც კარგი ბავშვობა მქონდა, ამ გადმოსახედიდან, არ არის ნორმალური, ეს ყველაფერი რომ ვიცოდი და შიშისა და სიფრთხილის მომენტი მქონდა მაგ ასაკში. მახსოვს, 8 წლის ვიყავი, როცა ჩემი მეზობელი მოკლეს – პოლიციის კართან ყელსაბამის გამო გამოჭრეს ყელი, და იმდენად მძაფრად მაქვს ასეთი მოგონებები, იმ სიბნელესა და წყვდიადში დავბრუნდეთ, აღარ მინდა. ის, რაც ამ ხნის განმავლობაში მოვიპოვეთ, აღარ უნდა დავკარგოთ.
პროტესტში პირველად რომ მივიღე მონაწილეობა, სკოლაში ვიყავი. 2006 წელი იყო, გირგვლიანის ამბავი მოხდა და კლასელებთან ერთად ვიყავი გასული აქციაზე. მანამდე, წინა რამდენიმე წელი, როგორც იქნა, სიმშვიდეში აღმოვჩნდით, სულ რომ არაფერი, შუქი გვქონდა, რომ გვემეცადინა და უცებ ამხელა უსამართლობას წავაწყდით… ჩემი ოჯახისგანაც სულ ის ესმოდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობ და თუ გინდა, რომ კარგად იცხოვრო, ამისთვის უნდა იბრძოლოო.
ამის შემდეგ, 2006 წლიდან ვდაგავარ რუსთაველზე, სულ პროტესტში ვარ და ნახევარი ცხოვრება მართლა აქ გავატარე.
დღევანდელ ბრძოლაში ჩემთვის საკითხი ასე დგას: საქართველო ან იქნება დამოუკიდებელი, ან დაგვაბრუნებენ რუსეთში და ეს ნიშნავს იმას, რომ ათწლეულებს დავკარგავთ, ისევ თაობები დაიკარგება. ჯარი არ სჭირდება იმას, რომ დაგიპყრონ, ჯარის გარეშე გვიპყრობს რუსეთი და ამაში ქართული მთავრობა ეხმარება. ან რუსეთის გავლენის ქვეშ დიქტატურაში ვიცხოვრებთ, ან უნდა ვიბრძოლოთ და შევინარჩუნოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა.
აქ რომ არ მოვიდე, სხვა რა გავაკეთო? სახლში ჩუმად ჯდომა, რაღაცების არშემჩნევა, სავარძელში ჩაჯდომა და მოთქმა, არაფერს შველის. მინიმუმი, რაც შეიძლება გააკეთო, არის ის, რომ გარეთ გამოხვიდე და რამე ფორმით პროტესტი გამოხატო. სულ რომ არაფერი, ამდენი პატიმარი გვყავს და მათი ოჯახის წევრები არიან აქ, მე რა ნამუსით უნდა დავრჩე სახლში?! ყველაზე რთული ის დღეები იყო, როცა სინდისის პატიმრების განაჩენებს აცხადებდნენ. ყველა პროცესზე არ ვყოფილვარ, საკუთარი ნერვების იმედი არ მქონდა – შეიძლება იგივე დამმართოდა, რაც ნინო დათაშვილს მოუვიდა, წყობიდან რომ გამოიყვანეს. ამ ადამიანებს აქციებზე ვხედავდი, ზოგი ჩემ თვალწინ დაიჭირეს… საშინლად ემოციურად გადავიტანე ეს ამბები. ყოველდღე მათ ოჯახებს ვუყურებ და ვერასდროს მივედი მათთან, რამე მხარდაჭერა რომ გამომეხატა. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანების მშობლებს, დებს ან ცოლებს.
შვიდი ჯარიმა მაქვს გზის გადაკეტვის გამო, ჯამში, 35 000 ლარი, რასაც, რა თქმა უნდა, ჩემით ვერ გადავიხდი. არც მიფიქრია გადახდა – ჩემთვის პროტესტის ეს ფორმაც რაღაცას ნიშნავს, ქოცებს ფულს არ გადავუხდი უკანონობაში. მაშინ სრული უფლება მქონდა, გზა გადამეკეტა. ახლა ყველაფერზე ყადაღა მადევს ამის გამო.
ვინც ამ ბრძოლას ჩამოშორდა და პროტესტში არაა, მერე რას შვებიან, როცა მათი ჯერი დადგება? თუ ამ რამდენიმე ასეულ ადამიანსაც მოგვიშორებენ, დაგვიჭერენ, ზოგს შეიძლება ქვეყნიდან გაქცევაც მოუწიოს, მერე ვინ გამოვა მათ დასაცავად? ერთი და იგივე ხალხი ვაპროტესტებთ ყველაფერს. ,,მოდი, არ შევიმჩნევ და სხვები იბრძოლებენ ჩემ ნაცვლად’’ არ მუშაობს. საჭმლის ფული რომ აღარ გვაქვს, განსხვავებით 2-3 წლის წინანდელი პერიოდისგან, რა ჰგონიათ, მარტო მთავრობის გადადგომას და პატიმრების გამოშვებას ვითხოვთ აქ? ერთმანეთთან კავშირშია ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში გვიან იქნება იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც არაფერს იმჩნევენ და გამოცდებს აბარებენ, როცა აქ ხალხს არბევენ და მათ კურსელებს იჭერენ… ან იმ ადამიანებს რა ჰგონიათ, მათე დევიძეს რომ იჭერდნენ მელიქიშვილზე და გულგრილად ჩაუარეს ღიმილით. ზუსტად ვიცი, რომ მათი ჯერიც მოვა, თუ ესენი დარჩებიან.
ყველაფერი ამობრუნდა ჩემს ცხოვრებაში ამ ამბების გამო. ყველა გეგმა განვითარებასა და სწავლაზე უბრალოდ განადგურდა, ახლა არ მაქვს არც ემოციური და არც ფიზიკური რესურსი იმისთვის, რომ ვისწავლო, ნორმალურად ვიმუშაო, მეგობრებთან ერთად დრო გავატარო. მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ იმაზე მყარი ნერვები მაქვს, ვიდრე მეგონა. ნებისყოფის და ნერვების გამოცდა იყო. რაღაცები ჩავაბარე, რაღაცები – ვერა. სანამ ქუჩაში ერთი ადამიანი მაინც იდგება და გააპროტესტებს, გამარჯვების იმედი მექნება. სანამ მჯერა, გარეთ ვიქნები. ჩემი მოტივაციაა ის ადამიანები, რომლებიც ციხეში სხედან და რომელთა ადგილზეც შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო.
ყოველთვის მქონდა საშუალება, სადმე ევროპაში წასულიყავი, მაგრამ არ შემიძლია. ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც მიყვარს, ამ ქვეყანას უკავშირდება.
————————————————————————
სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ
ლევან ზაზაძე








