გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ივანიშვილის პირად შურისძიებას უწოდებს და იმ ისტორიას იხსენებს, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ღარიბაშვილს შეემთხვა.
შაიშმელაშვილი დეტალურად ჰყვება, რა მოხდა მოქმედი გუბერნატორის, ალადაშვილის მიერ მოწყობილ სუფრაზე, სადაც პრემიერობიდან ახლად მოხსნილმა, განაწყენებულმა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ღარიბაშვილმა სუფრაზე პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რაც ჩაუწერეს და ბიძინას მიუტანეს.
შაიშმელაშვილის თქმით, სწორედ ეს არ აპატია მას ბიძინა ივანიშვილმა.
,,2024 წლის თებერვალში, როცა მოხსნეს ღარიბაშვილი, განაწყენებული ღარიბაშვილი აღმოჩნდა კახეთში, მოქმედი გუბერნატორის, ალადაშვილის სუფრაზე სადაც მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და ამაზე ააწყო კობახიძემ. კობახიძე, მდინარაძესთან ერთად, აქტიურად მოქმედებდა, რათა მართვის სადავეები აეღოთ ხელში. ეს ჩანაწერი მიუტანეს ივანიშვილს. ღარიბაშვილს ივანიშვილმა ეს არ აპატია” – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ჩაწერა ყოფილი პრემიერის საუბარი, გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შემდეგნაირად პასუხობს:
,,მე ვერ გეტყვით ვინ ჩაწერა, თუმცა, ღარიბაშვილი მიხვდება, გარემოცვაც იყო მისი იმ სუფრაზე, რომელიც ალადაშვილმა გააკეთა, თელავში კონკრეტულად. ეს ინფორმაცია მოხვდა კობახიძის ხელში, კობახიძემ კი ეს ძალიან კარგად დაამუშვა. ზოგადად, ივანიშვილი ძალიან ადვილად ეგება ჭორებს და ასევე, მოყვარულია მასთან ენების მიტანის, ტკბება ამ ინფორმაციების მოსმენით და მას რომ მიუტანეს უკმაყოფილო ღარიბაშვილის ნასაუბრები, შემდეგ აიგო ეს ვითომ კორუფციული სქემები და დაიწყო ღარიბაშვილის წრის შევიწროვებით. ნელ-ნელა დაავიწროვებენ კიდევ. ახლა ჩემი აზრით, აკვირდებიან ღარიბაშვილი რა მოქმედებას გააკეთებს, თუმცა, ადრე ვთქვი, რომ კობახიძე ივანიშვილს ყველაზე სანდო და ერთგულ კადრებს აცლის ხელიდან და მათ შორის, მინდა აღვნიშნო რომ ღარიბაშვილია ის პიროვნება, რომელიც სიკვდილის ბოლომდე უერთგულებს ივანიშვილს, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მისმა საბედისწერო შეცდომამ გამოიწვია ის, რომ ზის ციხეში, თორე არანაირი კორუფცია “- განაცხადა შაიშმელაშვილი.








