გურიის მოამბე

თაკო თოლორდავა – მე მგონია, უკვე იმ ეტაპზე ვართ, ან გადავრჩებით, ან – არა

მე ვარ თაკო თოლორდავა, 35 წლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი, ვიკვლევ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს და ვასწავლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სოხუმიდან ვარ და თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში გავიზარდე. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორი მნიშვნელოვანია, როდესაც პატარა საზოგადოება ერთად იკვრება და ერთმანეთს ეხმარება – შეუძლებელი იყო, მარტო გადარჩენილიყავი იმ რთულ დროს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასავლური ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომ არა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ჩამოდიოდა, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით. ქორწილი იყო თუ გასაჭირი, ხალხი ერთმანეთს გვერდში ედგა და ალბათ, ამ გამოცდილებამაც – ერთმანეთის დახმარების და არმიტოვების, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმაზე, ახლა იქ რომ ვიყო, სადაც ვარ.

სტუდენტობიდან მოყოლებული, როცა საბჭოთა კვლევებზე დავიწყე სწავლა, ჯერ აქ, და მერე უკვე საზღვარგარეთ, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ, იმედია, ჩვენ ამ ყველაფერს არ გამოვცდით-მეთქი, თან, იმდენად ახლოს იყო… აი, ხანდახან ხომ არის, რომ რაღაც ფილმს უყურებ, ან წიგნს კითხულობ და ისეთი აპოკალიპტურია, ფიქრობ, რომ შენ ასეთ რეალობაში არასდროს აღმოჩნდები, გგონია, რომ ბევრი რამე გამოგონილია, ფიქციაა და მორჩა, აღარ განმეორდება. მეორე მხრივ, ის, რაც რეგიონში ხდება, გაფიქრებინებს, რომ საფრთხე იმისა, რომ იგივე დაგემართოს, ძალიან მაღალია, მით უმეტეს, როცა ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია.

და როცა რაღაც ნიშნებს ხედავ, ხვდები, რომ, აი, კი, ნელ-ნელა იქითკენ მიდიხარ.

ბევრი რამე იყო 2012-შიც და 2013-შიც, მაგრამ, მახსოვს, 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუყურებდი და იქ უკვე ისე ლაპარაკობდა ემიგრაციაში წასვლასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მივხვდი, როცა ეს საჭირო გახდებოდა, სამოქალაქო საზოგადოებას აუცილებლად დაარტყამდნენ და რუსულ კანონს მიიღებდნენ. ერთი მხრივ, როცა ცოდნა და გამოცდილება გაქვს დაგროვებული, და მეორე მხრივ, როგორც მოქალაქე ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდი – ეს ყველაფერი ერთმანეთს რომ დაეჯახება, ძალიან რთულია. თეორიულად იცი, როგორ დაიწყება, განვითარდება და როგორ დამთავრდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხვდები, რა უნდა გააკეთო და ეს მტკივნეულია, რაღაც ჩიხში ხარ. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ გარეთ უნდა ვიდგე და ვაპროტესტო. არ მინდა, ისე დამთავრდეს, როგორც წამიკითხავს.

მე მგონია, უკვე იმ ეტაპზე ვართ, ან გადავრჩებით, ან – არა. ჩემთვის უკვე ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, იმიტომ, რომ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან, ვუყურებ ჩვენს ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც წასვლაზე ფიქრობენ. ასე თუ გაგრძელდა, ფიზიკურად წარმოუდგენელი იქნება აქ დარჩენა და ცხოვრება… დევნილობა ერთხელ რომ მაქვს გამოცდილი, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მეორეჯერაც ლტოლვილი გავხდე და ცხოვრება ხელახლა დავიწყო. ჩემს მშობლებს ძალიან დიდი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ნორმალური საცხოვრისი გვქონოდა და დევნილთა დასახლებაში აღარ გვეცხოვრა იმ პატარა 16-კვადრატულ ბინაში.

შეიძლება სახლი ისევ დავკარგოთ, რომელიც, ცხადია, მხოლოდ შენობა და ოთახები არ არის, ქვეყანაა. ერთხელ მშობლიური ქალაქი ხომ დავკარგე, ახლა მეორე მშობლიური ქალაქი და უკვე ქვეყანაც რომ უნდა დავკარგო, ამის წარმოდგენა ძალიან მტკივნეულია. ჩემი მეგობრები შეიძლება უკვე წასვლაზეც ფიქრობენ, მაგრამ ჩემთვის ჯერ წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ხელახლა მომიწიოს ცხოვრების დაწყება,16 კვადრატულში გამოკეტვა და უკვე მშობლიურ ქალაქში დაბრუნების კი არა, ქვეყანაში დაბრუნების პრობლემა მქონდეს.

მაინც მაქვს განცდა, რომ გადავრჩებით.

ალბათ, გადარჩენის იმედს ის მაძლევს, ყოველდღე რომ მოვდივარ რუსთაველზე. შეიძლება მთელი დღე ძალიან მძიმედ ვიყო და კონცენტრაციის პრობლემა მქონდეს საქმის კეთების დროს, ამას ემატება ის, რომ ახალ ამბავს წაიკითხავ და ბრაზი და სასოწარკვეთა გეუფლება, მაგრამ მერე აქ მოვდივარ, თანამებრძოლებს და მეგობრებს ვნახულობ, აზრებს ვუცვლით ერთმანეთს, ვხედავ, მარშების დროს ხალხი როგორ გვიჭერს მხარს, დროშებს როგორ გამოფენენ, ეს ყველაფერი მაძლევს ძალას და ვხვდები, რომ მარტო არ ვართ. ამ დროს მგონია, რომ ჩვენ ის არ დაგვემართება, რაც წარსულში იყო. რაღაც ციკლივითაა, პერიოდულად ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები გეუფლება – სასოწარკვეთა და მერე გადარჩენის იმედი.

ეს იმედია ჩემი მამოძრავებელი ძალა.

საზოგადოებებში, სადაც ის მოხდა, რასაც ჩვენ ახლა ვებრძვით, თუნდაც ჩვენს სამეზობლოში, პრობლემა ის იყო, რომ ძალიან მალევე დანებდა ბევრი ადამიანი, თან, იქ უფრო გრძელვადიანი პროცესი იყო. მაგალითად, რუსეთში 10 წლის განმავლობაში ნელ-ნელა აგუებდნენ ხალხს ამ ყველაფერს, ჩვენს შემთხვევაში ეს ერთბაშად მოხდა და, ზოგ შემთხვევაში, იმაზე ცუდი კანონებიც კი მიიღეს, ვიდრე რუსეთში იღებდნენ. უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ არის, არ მგონია, რომ აწი რამე შემსუბუქდება. და თუ რამე ამ პროცესს შეანელებს, მხოლოდ ხალხის გარეთ ერთად ყოფნაა. ადამიანურად, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ვიღაცები დაიღალნენ, ზუსტად ერთი წელია, გარეთ ვდგავართ და ჩვენც ძალიან დავიღალეთ. სანამ აქ გამოვალ ხოლმე, ზოგჯერ ვფიქრობ, სახლში ხომ არ წავიდე-მეთქი. ბევრჯერ მქონია ასეთი დღე. მაგრამ თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდგებით და ბევრი არ ვიქნებით, საბოლოო ჯამში, იმაზე უარეს დღეში აღმოვჩნდებით, ვიდრე ახლა ვართ.

შეიძლება მერე უკან დაბრუნება მოგვინდეს და ვინანოთ, რომ ეს მომენტი გავუშვით.

ამიტომ, იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე აღარ დადის, მაგრამ აქტიურად დადიოდა, მინდა ვთხოვო, რომ დაბრუნდნენ. მე უფლება არ მაქვს, ვინმეს რამე დავავალდებულო, მაგრამ ძალიან გვჭირდება თანამებრძოლების უკან დაბრუნება და მგონია, რომ ვინც ცუდად გრძნობს თავს, დაღლილია და ნიჰილიზმშია, აქ მოსვლით თავს უკეთესად იგრძნობს – ძალიან შველის იდეების გაცვლა, ფიქრი და მსჯელობა. უმოქმედობას არაფერი გაუკეთებია. სჯობს, ამ პროცესში ვიყოთ, აქ ვიდგეთ, ვცდილობდეთ, რაღაც გამოგვდიოდეს და რაღაც არ გამოგვდიოდეს, ამაზე ვსწავლობდეთ, რეფლექსია გვქონდეს და მაინც ვიბრძოდეთ, სანამ რამე სხვას და უკეთესს მოვიფიქრებთ.

ამ ერთმა წელმა ბევრი რამე შეცვალა. აღმოვაჩინე, რომ იმაზე უფრო გამბედავი ვარ, ვიდრე მეგონა, იმაზე მეტი შემძლებია, ვიდრე მეგონა. ბევრი ძვირფასი მეგობარი კიდევ უფრო ძვირფასი გახდა, ბევრი შორეული ნაცნობიც დღეს ჩემი მეგობარია… ეს არის პიროვნულ დონეზე მონაპოვარი, რომელსაც მთელი ცხოვრება დავაფასებ. საზოგადოების დონეზე, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გავდივართ ახლა და როცა გავიმარჯვებთ, ჩვენი საზოგადოება იქნება უფრო ძლიერი და განვითარებული. როცა სამოქალაქო საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, აწი აღარ დაველოდებით სხვებს, როდის შეიცვლება რამე; ადამიანებს უკვე აქვთ განცდა, რომ ინდივიდუალურ გაერთიანებასაც შეუძლია რაღაც შეცვალოს და სხვას არ უნდა დაელოდო. იმდენად დეცენტრალიზებული გახდა ეს პროცესი, იმდენი ადამიანი აკეთებს თავის საქმეს და ერთმანეთს ეხმარება, მგონია, რომ აქედან ჩვენი საზოგადოება გამოვა უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენთვის.

———————————————————————–
🟡 სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ
📷 ფოტო: ლევან ზაზაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights