გურიის მოამბე

ყველას ესმის, რომ ეს რუსეთის ომია და მის დასრულებაზე პასუხისმგებლობაც რუსეთზეა -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა არის დიდი ინტერესი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ. ამის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება უწყვეტად აგრძელებს მუშაობას უკრაინის აღდგენის დოკუმენტზე – “იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორებიც ასევე უდგებიან ამ ამოცანას”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დღეს მსოფლიოში აღარავინ დარჩა, ვისაც რაიმე ეჭვი დარჩა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის თაობაზე:

“ახლა შეუძლებელია ვინმეს მსოფლიოში ეჭვი ეპარებოდეს: რას წარმოადგენს ეს ომი, ვინ დაიწყო ის ან რატომ გრძელდება. ყველას ესმის, რომ ეს რუსეთის ომია. ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობაც რუსეთზეა და რუსეთი უნდა მოექცეს ზეწოლის ქვეშ”.

ზელენსკიმ 27 იანვრის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ არის სიგნალები ევროპელთა მზადყოფნაზე – გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა:

“გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ამ ზეწოლის სამიზნე, კერძოდ, იყოს რუსეთის სატანკერო ფლოტი, რუსეთის ნავთობის ექსპორტის მთელი ინფრასტრუქტურა. ევროპაში ყველას ძალიან დაგვეხმარება, თუკი რუსეთის შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდება. უკვე ვხედავთ, რომ აგრესორს აქვს ახალი კოლოსალური პრობლემები ფედერალურ ბიუჯეტთან მიმართებით, ასევე ინფლაციისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ. ეს ყველაფერი კარგი და სწორი სიგნალებია, რომ მშვიდობა, საბოლოოდ შეიძლება იყოს მიღწეული”.

სამშაბათს ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგებზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაღუპულია 3 ადამიანი და დაახლოებით 50-ს გაეწია დახმარება. სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა:

“52 მოიერიშე დრონი საკუთრივ ქალაქზე იყო დამიზნებული; მათგან ბევრი მიმართული იყო ქალაქის ცენტრისკენ და “პრივოზის” ირგვლივ არეალზე. იქ არასდროს ყოფილა და არც ახლაა რაიმე სამხედრო სამიზნე. და ფაქტობრივად რუსეთის “შაჰედების” ყველა სამიზნე ჩვეულებრივი სახლები და უბრალო სამოქალაქო ინსფრასტრუქტურა იყო. დარტყმა მძიმე იყო. დრონების უმრავლესობა გადატაცებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არა ყველა”.

27 იანვარს უკრაინულ ონლაინგამოცემა “ევროპეისკა პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალაპარაკებლად.

“სახელდობრ მათ გადასაწყვეტად პრეზიდენტი მზად არის პუტინთან შესახვედრას და ამის განსახილველად”.

სიბიჰამ “ევროპეისკა პრავდას” აგრეთვე განუცხადა, ვერ ხედავს მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის აუცილებლობას:

“არ უნდა შევქმნათ პარალელური არხები. არის ჩამოყალიბებული მომლაპარაკებელთა გუნდები, რომლებშიც შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დამატებითი არხების შექმნა არააქტუალურია, არასაჭიროა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights