ესე გურიელის ქვრივის ნინო დადიანის სახლი ოზურგეთში
.
„სადარბაზო ოთახი დიდია, ცხენი გაჭენდება შიგო, რომ იტყვიან. ერთ კედელს მთლიანად ფარავს ძველებური ირანული ხალიჩა, მხატვრული გემოვნებით, ნახელავი. თვალს იზიდავს ლამაზი პეიზაჟები: მთებში ამოწვერილი მზე ოქროსფრად მოჰფენია ათასნაირი ყვავილებით მოჩუქურთმებულ ტყეს. მაძებარს ირემი გამოუგდია ბილიკზე, მონადირე თოფს უმიზნებს. ახალგაზრდა ქალს სურა უჭირავს ხელში და ტაატით ჩადის წყაროზე, ოდნავ შემკრთალი მისჩერებია ირემს. გრძელი წარბები შოლტებივით გადაუღვენთავს მაღალ შუბლზე. ვერ გაიგებ, უხარია მონადირის გამარჯვება, თუ სწყინს მის ირმის სიკვდილი, ერთი კია: სიბრალული არ კრთის გიშერივით შავს თვალებში. შეიძლება გრძელი და ხშირი წამწამები ფარავდეს საიდუმლოებას.
.
გურიელის საგვარეულო სასახლიდან სხვა აღარაფერი დარჩენილა, გარდა ამ ხალიჩისა. ხალიჩის პირდაპირ, მეორე კედელზე, ვეებერთელა კედლის სარკეა მიკრული, საიდანაც უფრო ვრცლად მოსჩანს იგივე ტყე, ნახატები და პეიზაჟები, ფანჯარაზე გამჭვირვალე ფარდები ჰკიდია. შუა ჭერში მრავალსანთლიანი წმინდა ბროლის ჭაღი იქცევს ყურადღებას. ცარიელ კედლებთან სელის სკამებია ჩამწკრივებული. დარბაზის ერთ მხარეს წითელი ხის რბილი სავარძელი დგას.
.
მეორე მხარეს – დიდი, მრგვალი მაგიდა, რომელიც იმ სიგრძეზე იშლება, რამხელაც დარბაზია, საპატიო სტუმრის დროს შლიან ამ მაგიდას და დაბლა სართულში არ ჩადიან სასადილოდ. ასეთი უბრალო და სადაა სადარბაზო ოთახის მორთულობა – განის კარიდან მოსჩანს ყოფილი საერობო ყარაულის, აწ. გარდაცვლილი ესე გურიელის კაბინეტი. კედელზე ჰკიდია ირმის რქები, შვლის ნუკრის ფიტული, ოქროთი მოჭედილი ქამარ-ხანჯალი ესე გურიელისა, გრძელლულიანი თოფი, პაპის-პაპისეული ფარი და ჩაჩქანი, და მოვერცხლილი ლაგამ-აბჯარი, ოქროსთავიანი ხმალი, ვერცხლის სათუთუნე, სპილოს ძვლის გრძელტარიანი ყალიონი მათარა, წყვილი მოვერცხლილი ყანწი. ამ ოთახს კაცი ხელს ვერ ახლებს. – ასეთია დადიანის ასულის ბრძანება.”
.
– ლიდია მეგრელიძე – მშობლიური ცის ქვეშ დღიურები დ ქრონიკები 1901-1906 (1955);
– «Дом княгини Н. Гуриели в Озургети». ნინო გურიელის სახლი ოზურგეთში (უცნობი მხტვარი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი);

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








