გურიის მოამბე

გურიის უკანსკნელი მთავრის დავით გურიელის ბედი

გურიის უკანსკნელი მთავრის დავით გურიელის ბედი
.
რუსეთის იმპერატორმა 1826 წელს გურიის მთავრის მამია V-ს გარდაცვალების შემდეგ გურიის მთავრად მამიას 8 წლის ვაჟიშვილი დავითი დაამტკიცა. თუმცა მალევე რუსებსა და მამიას ცოლს დედოფალ სოფიოს შორის დიდი უთანხმოება ჩამოვარდა, რასაც დედოფლისა და დავით გურიელის თურქეთში გადახვეწა მოყვა. 1832 დავითი დააბრუნეს სამშობლოში, მაგრამ პირდაპირ რუსეთში გადაიყვანეს და სამხედრო სასწავლებელში მიაბარეს. 1839 წლის 23 აგვისტოს ლეიბ-ატამანკის პოლკის კორნეტი დავით გურიელი შამილთან უსასტიკეს ბრძოლაში ახულგოს მეხუთე შტურმის დროს დაიღუპა.
.
დაღუპული დავით გურიელის იარაღის და ნივთების აღწერის აქტი ინახება სტავროპოლის სახელმწიფო არქივში, რომლის მიხედვითაც მის ნივთებში იყო ძველი შინელი თახვის საყელოთი (Среди вещей корнета Гуриела значилась «шинель старая с бобровым воротником и шелковой подкладкою» (1840 г.) (ГАСК. Ф. 71. Оп 1. Д. 23. Л. 43 об.).
.
დავით გურიელზე კიდევ მივაგენი ერთ ცნობას, კერძოდ გაზეთი სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტიში გამოქვეყნებულია შემდეგი განცხადება:
.
„ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოება აღარ შეიქმნა და მისმა მმართველობამ 1.654 აქციის მფლობელებს უკან დაუბრუნა აქციებში გადახდილი თანხა პროცენტებით. დარჩა დაუბრუნებელი მხოლოდ:

• 6 აქცია – ტიტულარული მრჩეველი პეტრე ეფიმეს ძე რეზანოვს
• 1 აქცია – კორნეტ თავად დავით მამიას ძე გურიელს

ამიტომ საზოგადოება სთხოვს ამ ორ პირს, სასწრაფოდ გამოგზავნონ თავიანთი აქციები სანქტ-პეტერბურგში და მიუთითონ, რომელ ანგარიშზე ან სად გადაირიცხოს მათთვის მიეკუთვნებოდა თანხა.“
.
მამია გურიელი რუსეთის ყველა მითითებას ასრულებდა მათ შორის 1819-20 წლებში აჯანყებულებსაც კი დაუპირისპირდა, მიუხედავად ამისა მის შვილს 21 წლის ასაკში დაღუპულ დავით გურიელს რუსეთის იმპერიისაგან ერგო – რუსეთის არმიის ყველაზე დაბალი რანგის ოფიცრის კორნეტის ჩინი, თახვის საყელოიანი ძველი შინელი და არ შემდგარ ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების ერთი ცალი აქცია.
.
– Ставропольскiя губернскiя вѣдомости 1852 წელი K#29 С 426
– Санкт-Петербургскiя вѣдомости 1842.06.20
– ფრანც რუბოს ნახატი – “ახულგოს შტურმი”.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights