გურიის მოამბე

სანქციები ივანიშვილს; მხარდაჭერა ქართველ ხალხს – განცხადებები ევროპარლამენტიდან

საკუთარი ხალხის ცემა, ციხეებში უმიზეზოდ გამოკეტვა, დარბეული აქციები, შეზღუდული უფლებები და საარჩევნო თაღლითობა – ეს ძირითადი მიზეზები ევროდეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირების მოტივად დაასახელეს. ევროპარლამენტი ევროკომისიას მიზნობრივი სანქციების დაწესებას სთხოვს იმ ჩინოვნიკების მიმართ, ვინც ქართველ ხალხს წამების დღეებს უწყობს.

უმწვავესი ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა წარადგინა. რასაც, კიდევ უფრო მწვავე განცხადებები მოჰყვა. საქართველო ევროდეპუტატებისთვის იქცა დემოკრატიული უკუსვლის მაგალითად. გერმანელი დეპუტატი ტობიას კრამერი მოუწოდებს, ვისაც უნდა ნახონ დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოში ჩავიდნენ. ივანიშვილის და პუტინის მმართველობას შორის დღეს ბრიუსელში ტოლობის ნიშანი დასვეს.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების დოკუმენტის განხილვას ევროპარლამენტში ესწრებოდა ევროკომისიაც. კომისიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კანდიდატის სტატუსი ფორმალურადღა შემორჩა და ეს “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. ევროკომისია პირდაპირ ამბობს, რომ “ქართლი ოცნება” არაფერს აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

სხდომის დროს გავიგეთ, რომ ურთიერთობები არ დალაგდება, იქამდე, სანამ ევროკომისია საგარეო კურსის ცვლილებას არ დაინახავს. ამის პირველი ნიშანი კი ევროპელი პარტნიორების გაშავების კამპანიის შეჩერებაა. “ქართულმა ოცნებამ” სახე რუსეთისკენ იცვლა – ეს ევროპარლამენტარების უმრავლესობის პოზიციაა.

ევროდეპუტატებმა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ანგარიშის განხილვის დროს, “ოცნებასთან” ერთად, ოპოზიციასაც მიმართეს. ესპანელმა დეპუტატმა ოპოზიციის ერთიანობაზე ისაუბრა და მიუხედავად ოპოზიციის განეიტრალების მცდელობისა, მათ უთხრა, რომ ხალხს არჩევანი სჭირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights