არსებობს კონსტანტინე პობედონოსცევის ორი წერილი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამისადმი, რომელშიც საუბარია ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში არსებულ სიტუაციაზე.
„ქართველები უმეცარნი არიან, სასულიერო პირებიც კი უმეცრებასა და სიღარიბეში ცხოვრობენ, მათ არა აქვთ არანაირი საშუალება ვინმეს განათლება მისცენ. როგორც ვამბობდი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში არის 700 ქართველი ბავშვი, რომლებიც მხეცებით ცხოვრობენ ისეთ სახლებში, რომელთაც არა აქვთ არც კარები და არც ფანჯრები. ზამთარში დადიან ნახევრად შიშველნი, ღამით თბებიან კოცონთან და კოცონისვე შუქზე სწავლობენ გაკვეთილებს. არ არის არანაირი სახსრები იმისათვის, რომ მათთვის მოეწყოს შესაბამისი შენობა.“ ამონარიდი კონსტანტინე პობედონოსცევის წერილიდან (პეტერბურგი 1883 წელი 4 ოქტომბერი) იმპერატორ ალექსანდრე მესამეს „მივიღე ტელეგრამა ცნობებით ოზურგეთიდან, რომელიც შეეხება იქაური სასულიერო სემინარიის 18 წლის უვარგისი მოსწავლის ახალ გამოხტომას. მოსწავლე გაურიცხავთ სასწავლებლიდან ცუდი საქციელისათვის, რის გამოც იგი თავს დასხმია სასწავლებლის ზედამხედველს, მოსწავლემ ზედამხედველი სასტიკად სცემა ჯოხით სისხლის დენამდე და თავიც გაუტეხა. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ამ მხარეში აუცილებელია მკაცრი ზომების სისტემის შემოღება წესრიგის დასამყარებლად და ხელისუფლებისადმი პატივისცემის გამყარების მიზნით. საუბედუროდ იქაურ მოსახლეობაში ჩანერგილია ისეთი განცდა, რომ ახლანდელი ხელისუფლება მათთამი ძველი ხელისუფლებისგვარად მორიდებული იქნება“. ამონარიდი კონსტანტინე პობედონოსცევის წერილიდან (კისლოვოდსკი 20 ივნისი 1886 წელი) იმპერატორ ალექსანდრე მესამეს.
P.S. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ (1855—1881) იმპერიაში ფართო მასშტაბიანი რეფორმები გაატარა (მათ შორის: ბატონყმობის გაუქმება 1861 წელი; უმაღლესი სწავლების რეფორმა 1863 წელი; მიწის რეფორმა 1863 წელი; სასამართლო რეფორმა 1864 წელი; ცენზურის რეფორმა 1965 წელი; ქალაქების თვითმმართველობის რეფორმა 1870 წელი; საშუალო საწავლების რეფორმა 1871 წელი;). როგორც მოსალოდნელი იყო რეფორმებმა რუსეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და უკვე ალექსანდრე მესამის პერიოდში ერთობ უცნაური პროცესი – კონტრეფორმები დაიწყო, რომლის მიზანი იყო ალექსანდრე მეორის რეფორმებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და მმართველობის გამკაცრება. კონტრეფორმების მთავარი იდეოლოგი გახლდათ რუსეთის მართლმადიდებლური ეკელსიის წმინდა სინოდის ობერპროკურორი (მმართველი) კონტანტინე პობედონოსცევი, რომელიც ამასთანავე იმპერატორის მრჩველი და სახელმწიფო საბჭოს წევრიც გახლდათ. ზემოთ მითითებული წერილების სწორედ კონტრეფორმების იდეოლოგიური პროპაგანდის ნაწილი გახლავთ. ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი 1885-1890 წლებში შიო შიუკოვი (შიუკაშვილი) გახლდათ.
ფოტოზე – ოზურგეთის სამრევლო სასწავლებლის მოსწავლეები 1905 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა