გაზეთ „კავკაზის“ რამდენიმე ნომერში გამოქვეყნებული მასალა გარკვეულ ინფორმაციას იძლევა 1878-1882 წლების გურიაზე და გურული „ფირალების – გოგია ლომჯარიასა და დათულია სურგულაძის შესახებ. სტატიებიდან ჩანს, რომ გურიაში რამდენიმე წლის განმავლობაში რეალური ძალაუფლება გადასული იყო ფირალების ხელში. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიებიდან:
ოზურგეთიდან 1882 წლის 31 მარტი – „ბათუმის ოლქთან მაზრის მიერთებას თითქოსდა სიწყნარე და სიმშვიდე უნდა მოეტანა, თუმცა მოხდა აბსოლურურად საპირისპირო რამ. 1878 წლიდან დაწყებული ჩვენთან ჩვეული სიმშვიდე შეცვალა საგანგაშოდ საშიშმა მდგომარეობამ.“
„ბევრი იყო თავდასხმის მაგალითები, რომლებიც თვით ოზურგეთშიაც ხდებოდა როგორც ღამით ისე დღისით, ხოლო თავდასხმებისადმი წინააღმდეგობა სრულიად უშედეგო გახლდათ. თავდამსხმელთა ბანდის მოთავეებმა ამავე მაზრის მაცხოვრებლებმა გოგია ლომჯარიამ და დათულია სურგულაძემ მოსახლეობაში ისეთი სახელი და დიდება მოიხვეჭეს, რომ ზოგიერთები ფიცის ქვეშ აცხადებდნენ, რომ მათ ტყვიაც კი არ ხვდებოდათ; თქვენ წარმოდგინეთ აზნაური ჩ. (სავარაუდოდ ჭყონია) და მღვდელი გ. ირწმუნებოდნენ, რომ სურგულაძემ და ლომჯარიამ მოწმეების თანდასწრებით ტყვიები დაუშნინეს ერთმანეთს, მაგრამ ორივე მათგანი ნასროლ ტყვიებს ისხლიტავდნენ.“
„როგორც სოფლის ისე ქალაქის მოსახლეობას არ შეეძლოთ დანაშაულის შესახებ გაცხადება, რადგანაც ყაჩაღები მყისიერად გებულობდნენ და საჩივრის შემტანის მიმართ მათ სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა.“
„რა უნდა გაეკეთებინა მათ წინააღმდეგ უბრალო ხალხს, როცა ზოგიერთი მათზე უფრო შეძლებული აზნაური და თავადი ღიად ეხმარებოდნენ და მხარს უჭედნენ ყაჩაღებს“.
„არ იყო ისეთი გასარკვევი მიწიერი საკითხი სადაც ცენაზე სურგულაძე და ლომჯარია არ გამოჩნდებოდნენ, რომელი მხარეც მეტ ფულს გადაუხდიდა ამ ორ მოთავეს და მეტ მოწმეს წარმოადგენდა თავის სასარგებლოდ სიმართლეც იმისკენ იყო; თუ რომელიმე მოწმე სურგულაძის ან ლომჯარიასათვის არასასურველ ჩვენებას იძლეოდა, იმავე ღამეს მის მთელ ქონებას ცეცხლს მისცემდნენ, ხოლო ამ ქონების პატრონს სასტიკად სცემდნენ, ყოველივე ამასთან ერთად ნაცემს ხმაც არ უნდა ამოეღო მომხდარის შესახებ. ისინი არკვევდნენ ყველა საკითხს, მათ შორის ქორწინების საქმეებსაც; მაგალითად: ვიღაც მიიღებდა მათგან ბრძანებას, რომ დაქორწინებულიყო რომელიმე ქალზე, ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩლებოდა სიკვდილი ელოდებოდა. ადგილობრივი სამრევლო მღვდლებიც კი მათგან ღებულობდნენ ბრძანებებს ჩამოშორებოდნენ ღვთისმსახურებას, მათ ნაცვლად ამავე იკავედნენ ის მღვდლები, რომლებსაც მრევლი არ ჰყავდათ და რა თქმა უნდა ეს ხდებოდა საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ყაჩაღების ბრძანების შეუსრულებლობის შემთვევაში კი მრევლი ყაჩაღებთან ჩივოდა .“
„შემოქმედის მონასტრის მღვდელმა 100 წელს გადაცილებულმა გიორგი დუმბაძემ 7 მარტს თხოვნით მიმათა მაზრის უფროსს, რომელშიც ამბობდა, რომ ასეთი საგანგაშო მდგომარეობა გურიაში არასდროს არ ყოფილა, ასევე უთითებდა, რომ მოსახლეობა ემორჩილებოდა არა კანონსა და მთავრობის ჩინოვნიკებს არამედ ასრულებდა მხოლოდ ყაჩაღთა მოთხოვნებს, დუმბაძე ასევე ითხოვდა არსებული მდგომარეობის შესახებ ეცნობებინათ უმაღლესი სამხარეო ხელისუფლებისათვის.
და აი თითქოსდა ციდან ჩამოვიდა საშველი. 18 მარტს საიდუმლოდ ოზურგეთის მაზრაში ჩამოვიდა გურიის დრუჟინის მესამე ასეულის უფროსი შტაბს კაპიტანი დუმბაძე, რომელიც ბათუმიდან მოვლინებული იყო ბათუმის გუბერნატორის მიერ სამ მილიციონერთან ერთად. დუმბაძე შემოქმედის საზოგადოებაში თვით დასახლების ცენტრში, ღამის 9 საათზე შეხვდა რა უშიშარ ყაჩაღებს ლომჯარიასა და სურგულაძეს, იგი ჩაერთო მათთან ხელჩართულ ბრძოლაში, რის შედეგადაც სურგულაძე მოკლული იქნა ადგილზე, ხოლო დაჭრილი ლომჯარია ქუთაისის გუბერნატორთან მიიყვანეს, სამწუხაროდ შტაბს კაპიტანი დუმბაძე ბრძოლაში დაიჭრა და კონტუზია მიიღო.“
„ძალიან ბევრნი აქამდე დასტირიან დაღუპულსა და დაპატიმრებულს, ისინი დღემდე აქეზებენ მათ ნათესავებს შური იძიონ შტაბს კაპიტან დუმბაძეზე, რომელიც ამჟამად მძიმედ არის ავად და ლოგინადაა ჩავარდნილი.“
ოზურგეთიდან 1892 წლის 8 აპრილი – „ჩვენ გვწერენ: ყაჩაღები განსაკუთრებულ ემტერებოდნენ საპატიო მოხუცის ანტონ დუმბაძის ოჯახს. დუმბაძისაგან ლომაჯარია ითხოვდა 500 მანეთს, წინააღმდეგ შემთვევაში ემუქრებოდა ოჯახის ამოწყვეტითა და ქონების განადგურებით. მეორე ყაჩაღის სურგულაძის თავხედობა იქამდე მივიდა, რომ იგი მოკვლით ემუქრებოდა ანტონ დუმბაძის შვილს დრუჟინის კაპიტანს ივანე დუმბაძეს, მასვე ჰპირდებოდა, რომ მისივე ცოლს თავის ხარჭად წაიყვანდა.
მოხუცი დუმბაძე ისე იყო შეშნებული, რომ სოფლიდან ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მისმა შვილმა, რომელიც ჩურუკ-სუში (ქობულეთი) ცხოვრობდა და დრუჟინის ასეულს მეთაურობდა აღარ იცოდა, ყაჩაღთა თავგასულობისაგან როგორ დაეცვა საკუთარი თავი და მამა. ბოლოს და ბოლოს თვით ბედი გამოცხადათ მშველელად, კაპიტანი დუმბაძე ჩურუკ-სუში შეხვდა თავის შემოქმედელ (სადაც ძირითადად ბინადრობდნენ ყაჩაღები) მეზობელს გოგია ჩიტაიშვილს, რომლისგანაც მრავალი დაპირების შედეგად გაიგო, რომ ჩიტაიშვილი ქალაქ ბათუმში ტანსაცმელის შესაძენად ყავდათ გაგზავნილი ყაჩაღებს. ასევე გაიგო, რომ ჩიტაიშვილს ტანსაცმელი ყაჩაღებისათვის ორ დღეში უნდა ჩაეტანა.
ამბის გაგების შემდეგ კაპიტანი დუმბაძე სამ მილიციონერთან ერთად კვალდაკვალ გაყვა ჩიტაიშვილს და შემოქმედში ჩავიდა 16 მარტს საღამოს, დუმბაძე იმავე ღამესვე ჩაუსაფრდა ყაჩაღებს, 17 მარტს ღამით ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა. 18 მარტის ღამეს ჩასაფრდა თუ არა მომვალი ყაჩაღები დაინახა, რომელთაც შესძახა, შეძახილს ყაჩაღებმა სროლით უპასუხეს და დუმბაძე მსუბუქად დასჭრეს, დუმბაძის გასროლას კი ყაჩაღ სურგულაძე დაჭრა მოყვა, ამის შემდეგ დუმბაძემ რამდენჯერმე ესროლა გაქცეულ ლომჯარიას, ამასობაში კი მისმა სამმა მილიციონერმა დაჭრილი სურგულაძე დაცხრილეს და მოკლულ სურგულაძეს 7 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღმოაჩნდა. სროლის ხმაზე პირველი გამოჩნდა გლეხი ვანიძე, რომელმაც მიუხედავად მოსახლეობაში ყაჩაღებისადმი არსებული შიშისა, პირველი დახმარების ხელი გაუწოდა დაჭრილ კაპიტან დუმბაძეს, რა დროსაც ვანიძე მძიმედ დაიჭრა გაცეული ლომჯარიასაგან ნასროლი ტყვიით და კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა, ლომჯარიამ კი გაქცევა შეძლო.
20 მარტს ყაჩაღ ლომჯარიას მოკვლის შემდეგ შავი ზღვის პოლკის ორი ასეულის თანხლებით შემოქმედში ჩავიდა ოზურგეთის მაზრის უფროსის თანაშემწე ბატონი იუნოშა, რომელმაც დაიწყო იმ საეჭვო ადგილების ჩხრეკა სადაც შესაძლებელი იყო დამალული ყოფილიყო ლომჯარია. რის შემდეგაც ჯარი დაბინავა და მოსახლეობისაგან მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეცათ ლომჯარია, მოსახლეობამ პირობა მისცა ბატონ იუნოშას, რომ ხუთი დღის ვადაში გადასცემდნენ ლომჯარიას.“
„ეგზეკუციისა და ხალხისაგან შწუხებული ლომჯარია იძულებული გახდა 26 მარტს გამოცხადებულიყო ქუთაისის გუბერნატორთან, გუბერნატორის ტელეგრამის მიღების შემდეგ შემოქმედიდან რუსული ჯარი გაიყვანეს“.
სხვა წყაროების მიეხედვით ივანე დუმბაძე 1880-1887 წლებში ოზურგეთის მაზრის ბოქაული იყო. გურიაში ყოფნის ხანს დუმბაძემ მოიტაცა ესე გურიელის ქალიშვილი ტერეზია. გურიელი ვერ შეეგუა მასზე დაბალი წოდების აზნაურ დუმბაძის სიძედ გახდომას და ფირალ დათულია სურგულაძეს დაუკვეთა მისი მოკვლა. რასაც შემდეგში მოყვა ზემოხსენებული ამბები. შემდეგში ივანე დუმბაძემ გენერალ მაიორის ჩინს მიაღწია და ქალაქ იალტის თავიც გახდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით დუმბაძე რასპუტინის მკვლელობის დაგეგმვაშიც იყო გარეული.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
რაც შეეხება გოგია ლომჯარიას ისტორიას-მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ