მამუკა თავდგირიძე და აბდულ-აღა ხიმშიაშვილის თავდასხმა გურიაზე

1783 წელს სოლომონ პირველმა თუქების მიერ დაკავებული ჩაქვი და ბათუმი დალაშქრა, ლაშქრობა წარმატებული ვერ აღმოჩნდა, ილია ნაკაშიძის მიხედვით ბათუმიდან უკან ალაფით გამობრუნებული სოლომონი ნაჭიშკრევთან ბრძოლაში დამარცხდა – „ვინც, რომ დარჩნენ ჩაქველები და ბათომლები, ციხის-ძირის გადმოსარებს, ვიწრო გზაზე, ტყეში სახლდობრ ნაჭიშკრევს დახვდნენ მეფის ჯარს; აუტეხეს დიდი სროლა, დაამარცხეს მეფე, ალაფი და ტყვეები დაატოვებინეს;“(ი. ნ.)
.
ამის შემდეგ ოსმალოები და მათი ქვეშევდრომი ქართველები უკვე ქობულეთის სოფლებს შეესიენ და ეკელესიები გადასწვეს. ქობულეთის სოფლების დიდი ნაწილი ამ დროისათვის ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ქრისტიანობას და ნაწილობრივ გურიის მთავრსაც მორჩილდებნენ, ყველაფერი ეს მამუკა თავდგირიძის გონივრული პოლიტიკით იყო განპირობებული. სოლომონის ლაშქრობა საბედისწერო აღმოჩნდა მამუკა თავდგირიძისათვის, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ქობულეთი და გურიაში სოფელ აკეთში გადასულიყო.
.
„ამის შემდგომ მამუკა თავდგირიძემ ვეღარ დადგა ქობულეთში და რამოდენიმე აზნაურებით და მხლებელებით გადავიდა გურიაში, გურიელმა მისცა მას პატარა სოფელი აკეთში.“ (ი. ნ.) სხვა წაყაროების მიხედვით აკეთში თავდგირიძეები უფრო ადრე 1772-76 წლებიდან უნდა იყვნენ დასახლებულნი.
.
მიუხედავად ზემოხსენებულისა ნაკაშიძის ცნობით ქობულეთში მამუკა თავდგირიძის ვაჟის მაქსიმელ თავდგირიძის (სულეიმან ბეგი) ცოლის ელენე გურიელის შემწეობით ქრისტიანობა კვლავ იქნა შენარჩუნებული – „ამ მდგომარეობაში ჩვენი ქრისტიანობა იყო შეურყეველი, სულემან ბეგის და გურიელის ქალის ელენეს სიკვდილამდე, ესე იგი 1827 წლამდის. შემდგომ ამისა ცოტად-ცოტათი იწყო ხალხმა გამაჰმადიანება, კიდევ მაინც ქრისტიანობის წესდებულება და ჩეულება დიდათ არ მოგვიშლია. მით უმეტეს ქალები სულ ქრისტიანები გვყავდნენ და ეხლაც იპოვებიან ქრისტიანი ქალები ჩვენში.“ (ი. ნ.)
.
1784 წელს ახალციხის ფაშის ბრძანებით გურიას თავს დაესხა აბდულ-აღა ხიმშიაშვილი, შემოქმედის გულანი იძლევა ცნობას ამ ფაქტთან დაკავშირებით – „ჩღპდ (1784) წელსა, მაისის კთ (29) აბდულაღა ხიმშაშვილი მოკლეს აკეთს“
.
ილია ნაკაშიძე ასე აღწერს ხიმშაშვილის გურიაში ლაშქრობას – „მაშინ იშონა მარჯვე დრო ახალციხის ფაშამ, რადგან ემტერებოდა გურიელს და მამუკა თავდგირიძეს; აბდულ-აღა ხიმშაშვილის წინამძღლობით გამოუსია გურიის ასაკლებად აჭარიდგან ჯარები 12,000-მდის. აბდულ აღა წამოვიდა ამ ჯარით და დაებარგა ასკანის გამოსარებს სომლიეს მთაზედ, გამოუგზავნა მოციქული მამუკა თავდგირიძეს. მოციქული მოვიდა იმ დროს როდესაც მამუკა იჯდა სადილათ, წვეულნი ჰყავდა გიორგი გუგუნავა და სხვანი ბევრნი თავად აზნაურნი. მოართვა შემდეგი მოციქულობა:
.
„- მე გამოგზავნა თქვენთა აბდულ-აღა ხიმშაშვილმა, ბევრი სალამი მოგახსენა და შემოგითვალა მე პირდაპირ თქვენი სტუმარი ვარო და როგორ ინებებთო, დამხვდებით თუ არაო?“
.
ამ მოციქულის მოხსენებაზე მამუკა თავდგირიძემ გაიღიმა და უთხრა „- აჭარელო, ჯერ მშიერი იქნებიო, ჯერ სადილი ჭამე და პასუხს მერე გაგატანო“,
.
სადილს შემდგომ პასუხი მისცა ასრეთი: „- ჩემ მაგიერ სალამი მოახსენე და მერე რად იფიქრე-თქო, რომ თავდგირიძე ხიმშიაშვილს გაექცევა! – ეს ჯერ არ გაგონილა. მე შენ არც გაგექცევი და საკადირისათაც დაგხვდები თუ მამუკა ვარო!“ (ი. ნ.)
.
მამუკა თავდგირიძეს მაშინვე შეუყრია გურულების ჯარი, მარჯვენა ფლანგს სარდლობდა გიორგი გუგუნავა, ხოლო მარცხენას შალიკაშვილი. თავდგირიძის ბრძანებით ასკნის მოსახლეობა გაუხიზნავთ. ხოლო აკანის ციხისთავს ასათიანს უბრძანა ჯერ შემოეშვათ ხიმშაშვილის ჯარი, მერე კი შეეკრათ უკან დასაბრუნებელი გზა.
„როდესაც ჯარი სულ გამოუშვეს და აჭარლები ჩამოლაგდნენ, გაერიენ სოფელს თარეშად. აბდულ-აღა წავიდა თავისი ჯარით პირ-და-პირ მამუკა თავდგირიძესთან, რომელიც უცდიდა ჯარით თავის სასახლესთან.“
.
„რა დაინახა მამუკა თავდგირიძემ ნაგომრის მინდორში თეთრ ცხენზედ მჯდომი აბდულ-აღა, მიეგება წინ და შესძახა:
.
„-აბდულ აღა თუ კაცი ხარ დამხვდიო!“
.
შეიბნენ. აბდულ-აღა გადმოაგდეს ცხენიდან და მოჰკლეს, დაერივნენ ჯარს ხმლით, მიშალა თათრები და გაიქცა უკან; გაბრუნებულებს დახვდნენ ბახველები და ასკანლები, შეიქმნა სროლა სოფლებში, საყვირის ცემა, ასე რომ ყუთა სმენა აღარ იყო და სულ ერთიანათ თითქმის ამოსწყვიტეს და მრავალი ტყვედ დაირჩინეს, ყოველი ნაშოვარი ალაფი დაატოვებინეს.
.
აბდულ-აღას თან ახლდა პატარა ძმისწული ახმედ-ბეგი (შემდეგში ახმედ ფაშა), რომელიც იშოვა ტყვეთ ასკანელმა თალაკვაძემ და გააპარა.“ (ი. ნ.)
.
გაზეთ „ივერიას“ ცნობით თავდამსხმელებს აკეთი დაურბევიათ – “მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი”.
.
ასევე ივერიის მიხედვით აბდულ-აღას თან ხლებია მისი ვაჟი სელიმ ხიმშიაშვილი, რასაც სხვა წყაროებიც ადასტურებენ. გურულები თავდამსხმელებს – „დასწევიან წყალწითელას პირზე (ასკანას სამხრეთით ჩაურბის) და შემორტყმიან ყოველსავე მხრით“ (ივერია)
.
„თავზარდაცემულს აბდულ-აღას მიუტოვებია ჯარი და თავის მემკვიდრე სელიმი, რომელიც თან ჰხლებია, გაუტაცნია შინისკენ, რომ ტყვეობისათვის გადაერჩინა; შემდეგ დაბრუნებულა ჯართან და თითონაც ჩარეულა ბრძოლაში. ერთი ვიღაც ჯარის უფროსი, გვარად ცხოიძე, მოსვლისთანავე კიდევაც გაუკვეთია შუაზე ხმლით, მაგრამ მერე თვითონ გამხდარა მსხვერპლი იესე პატიეიშვილის თოფისა. დანარჩენნი თათართ ჯართაგანი სოფლელებს ზოგი დაუხოციათ და ზოგი ტყვედ წამოუყვანიათ.“ (ივერია)
.
„მამუკა თავდგირიძე გურიაში გადაიცვალა და დასტოვა ხუთი ვაჟები: გიორგი, ალექსანდრე, სოლომონ, მირზაბეგ და ფრიდონ, რომლების შთამომავლობა ეხლაც არიან გურიაში; ხოლო მამუკას უფროს შვილს, სულეიმან-ბეგს, დარჩა ქობულეთში ხუთი ვაჟი, რომლების შვილები ეხლაც არიან ქობულეთში: ალი-ფაშა, ოსმან ბეგი და მათი ბიძაშვილნი. (ალი ფაშა და ოსმან-ფაშა ეხლა თავის ბიძაშვილებთან ერთად არიან ოსმალეთში)“. (ი. ნ.)
.
– Дм. Бакрадзе Археологическое путешествие по Гурии и Адчаре – 1878 г.;
– გაზეთი დროება 1880 წელი 16 დეკემბერი, N265 – ილია ნაკაშძე (სტატია ნაწილობრივ ეყრდნობა ქობულეთელ 115 წლის მოხუცის დელი-აღა ცეცხლაძის მონათხრობს);
– გაზეთი ივერია 13 სექტემბერი 1891 წლი N195 (სტატია ეყრდნობა აკეთელი ს. ღლონტის და ქობულეთის სოფელ აჭყვში მცხოვრები მოხუცის სახელად ყურშაუმას მონათხრობს);
– აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია;
फ़ोटो के बारे में कोई जानकारी नहीं दी गई है.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share