,,მაჭუტაძის ნადირობა ჯოჯოხეთას ტყეში,, – ბახვში შემონახული გურული ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუში

,,მაჭუტაძის ნადირობა ჯოჯოხეთას ტყეში,, – ბახვში შემონახული გურული ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუში
.
გათენდა ახალი წელიწადი. ღმერთმა ყველას გაგითენოს მომავალი ახალი წელიწადი და ნათლისღება! შამუუსხედით სუფრას მე, ივანიკაჲ, გოგიელაჲ, მახარბელაჲ, ვახუშტელაჲ, სარაფიონაჲ და კვიროსიეჲ.
.
ამ დროს მევიდა მაჭუტაძიდან გამოგზავნილი კაცი: წუხელის მოთუაო და ხვალ დილას სანადიროთ წევიდეთო, მე რომ დიდი ნადირი გითხარი, იმისთვინაო.
.
ინათა თვარა, წამუარდი ზეთ, დუუძახე კესარიას. მომიტანა ჩანთაჲ, ჩავდევი შით ყველის ნაჭარი, ერთი ბოთლი ღვინო და მისი მოწყობილობა. დუუძახე ძახს: ხა, მურია, ხა, მურია-მეთქინ. გადუუსვი ხელი კესარიას და გადვიწერე პიჯვარი და გუუარე მახარბელას, ვახუშტელას, სარაფიონას და კვიროსიას, ივანიკას და გოგიელას. წამეიღეს ზოგმა შაშხი, ზოგმა ყველი, ზოგმა პური, ზოგმა რა. დუუძახეს ძაღლეფს: მელიას, ყელთეთრას, ყელისას და ყურცქვიტას.
.
გადვიწერეთ პიჯვარი და გუუდექით გზას. ვიარეთ, ვიარეთ და მივაწიეთ მაჭუტაძის დიდ ეზოზე. გუუხარდა ჩვენი მისვლა. მიგვიწვია მაგიდაზე, გაწყვა სტოლი და შევექეცით ქეიფს. რომ კარგათ შევხონჩოლდით, – აწი ქეიფი კმარაო! – მანაც გადიკიდა ჩანთაი. მე თუ ერი ბოთლი წევიღე, მან ერი ჩეთვერი ღვინო ჩადგა ჩანთაში. მის ძახსაც მურია ქვიებია. დუუძახა ძახს. ვახსენეთ ჯუმათის მონასტრის წმინდა იაკინთეს მადლი და გუუდექით გზას.
.
ვიარეთ, ვიარეთ და მივაწიეთ ჯოჯოხეთას ტყის პირზე. ნელისპირი თოვს. ქარი თოლს არ ფანტავს. ჩევისაფრეთ ზოგმა იქით და ზოგმა აქით.უუშვით ძაღლები. არ გასულა ათი წუთი, რომ მორბის, მუაქ ხეი, მიწა, თაი, ბარი, ეწერი, ზეგანი. ისკუპა და გადახტა. აწი არ მეტყვით რა ფერის იყო? ფერი: ჭრელი, წითელი, ყვითელი, ალისფერი, მიხაკისფერი, იაგუნდის, წინწკლებიანი, ნაცრისფერხაზიანი, მოშავმწვანო ზოლებიანი. დეებღრიჯა პირისახე, დეეშტიმა თვალები ოჩხამურის ჭინკასავით.
.
არიქა, ბიჭო! – დეიძახა მაჭუტაძემ და ეცა მან. ამეიდვა ქვეშ. მიეშველენ გოგიელა, მახარბელა, ვახუშტელა, სარაფიონა, კვირიკეი, მარა ყველა თითოულათ ამეიდვა ქვეშ. არიქა, ბიჭო, თუ ვარგხარო შენო! – დამიძახა მე. დამიძახა თვარა, მივარდი; მივარდი, მომვარდა; ვეცი, მეცა; გადავატრიალე, გადმომატრიალა, წავაქციე, წამაქცია; მევიქნიე, მომიქნია. და ბოლოს შევახტი ჯირეკზე, მარა გადამასკიპარჭულა განზე. მაგრამ, როგორც მარჯვე, დავდექი ფეხზე. მერე, რომ მეცეს კიდომ, იგი ხანია, ევიწიე, გადავასკიპარჭულდი კისერში, ამევიღე ხანჯალი და გამუუსვი კისერში და გადავალურსვიე თვალები.
.
ახლა და ამას გარიგება უნდა. ავკუწეთ, დავკუწეთ; ავჩარიქეთ, დავჩარიქეთ; ავშჭარით, მოვშჭარით; ავწონეთ, მოვწონეთ; გადავაწყვეთ, გადმუაწყვეთ და რა გვერგო? ბარკალი და ჩალაღაჯი – მე, კიმკიმი და საფეთქელი – მაჭუტაძეს და თავ-ფეხი – მის ქალბატონს.
.
მთხრობელი – შაქრო ჭელიძე სოფელი ზედა ბახვი;
გურული დიალექტი, ჩამწერი გრიგოლ იმნაიშვილი 1962 წელი (corpora.co)
მხატვარი ლარისა ზამბახიძე – გურულები
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share