IDF: ჰამასი ღაზის სექტორიდან საევაკუაციო გზებს ბლოკავს

14 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია შეაფერხოს მოძრაობა იმ გზებზე, რომლებიც IDF-მა ღაზის სექტორის მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოუყო.

ერთ-ერთ სურათში ჩანს ჰამასის მიერ ევაკუაციისთვის განკუთვნილ გზაზე განლაგებული სატვირთო მანქანები.

ჰამასი ბლოკავს ისრაელის მიერ ევაკუაციისთვის გამოყოფილ გზას

იმავე დღეს ჰამასის პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მათი თქმით, ევაკუაციის დროს ღაზის სექტორის მოსახლეობაზე ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა, თუმცა რამდენიმე ღია წყარომ თავის სადაზვერვო ანგარიშში ვიდეოს ანალიზის შემდეგ ინფორმაცია არ დაადასტურა.

ვიდეო არ შეიცავს იმის მტკიცებულებას, რომ აფეთქება ჰაერიდან ჩამოვარდნილმა ჭურვმა გამოიწვია და აფეთქების წყაროდ სავარაუდოდ გზაზე მყოფი ავტომობილი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა (IED) სახელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ 13 ოქტომბერს მოუწოდა. გაეროს თქმით, ეს დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანია.

პასუხად, ჰამასმა ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა, რომ მიუხედავად ისრაელის შეიარაღებული ძალების გაფრთხილებისა, არ დატოვონ საკუთარი სახლები.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share