საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამტკიცებს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
“არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მაშინ ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებულები და ჩვენ განვაცხადებდით. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა. ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ…
ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ…ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია. თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება”, – ამბობს ტურავა.
მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რთული საქმე იყო თუ არა მისთვის, როგორც ერთი მოსამართლისთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რაზეც საკონსტიტუციოს თავმჯდომარე პასუხობს:
“ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა… შეიძლება თავისი მნიშვნელობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად, ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ.”
შეგახსენებთ, რომ დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა – საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჯაროებს.