გურიის მდივანბეგთა სასამართლო 10 წლის ვადით არჩეული მოსამართლით და საკუთარი იურიდიული ტერმინოლოგიით.
.
დიმიტრი ბაქრაძემ 1873 წელს ოზურგეთში, მდივანბეგ გიორგი ერისთავის ძის დათო ერისთავის ოჯახში, იპოვა მე-19 საუკუნის დასაწყისის გურიის მდივანბეგთა განჩინებების ხელნაწერი (2*), რომლებიც საინტერესოა არა მარტო თავისი შინაარსით, არამედ სამართალწარმოების ფორმით, სასამართლო მტკიცებულებათა სახეებითა და იშვიათი იურიდიული ტერმინებით. ამ მხრივ ისინი მნიშვნელოენად განსხვავდებიან იმერეთისა და განსაკუთრებით ქართლ-კახეთის სასამართლო აქტებისაგან. ასევე აღსანიშნავია, რომ განჩინებები გურიის რუსეთთან შეერთების ანუ 1810 წლის შემდგომაა დაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე პერიოდში გურიას ჯერ კიდევ თავისი სასამართლო ჰქონდა.
.
ი. ჭყონიას განმარტებით გურიაში სასამართლოს მიერ გამოტანილ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთი მოდავე მხარე არ ესწრებოდა „ცალპირი განჩინება“ ეწოდებოდა – „სამსჯავროსგან დადგენილი განჩინება მოპასუხის დაუსწრებლად“ (1*), დღევანდელ ქართულ სამართალში სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეწოდება.
.
გურიის სასამართლოზე ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა დავით მაჭუტაძე თავის 1844 წელს მიწერილ წერილში კავკასიის მთავარმართებელისადმი, რომლითაც ის ითხოვდა აღედგინილი ყოფილიყო გურიაში ადგილობრივი სასამართლო და მოსამართლეები არჩეულნი ყოფილიყვნენ ადგილობრივი თავადებისაგან – „მიუცილებელ საჭიროებად იხედების დაწესება გურიაშიდ სუდისა, დანიშვნით მათ შინა ჩლენებისათა აქაურთა თავადთაგან აღმორჩევისათა საზოგადოებისათა და რათამცა ამა სუდსა შინა დაბოლოებულ იქმნებოდა სასიხლონი საქმეები.(3*)“ მაჭუტაძე ასევე ითხოვდა, რომ მოსამართლეები 10 წლის ვადით ყოფილიყვნენ გამწესებულნი (რუსეთთან მიერთებამდე გურიაში არსებული წესისამებრ);
.
რა თქმა უნდა გურიაში მდივანბეგების გარდა ე.წ. უზენაესი სასამართლო და უზენაესი მოსამართლეც არსებობდა გურიის მთავარის სახით. 1634 წელს ოზურგეთში ჩამოსული დონ კრისტოფორო დე კასტელის ალბომში არსებული ნახატზე მინაწერის მიხედვით გაუპატიურებისათვის ხეზე კიდებნენ – “გურიის მთავარმა აქ, დაბა ოზურგეთში, ხეზე ჩამოაკიდებინა ერთი კაცი, მაგრამ არა მოსაკვდინებლად, რადგან მან გააუპატიურა ჩვენი პატრების მოსამსახურე ქალი.” (4*)
.
1. ი. ჭყონია “სიტყვის კონა” 1910 წელი
2. ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები (გურიის მდივანბეგთა განჩინებანი) ტ. VI.თბ. 1977
3. გიორგი ხაჭაპურიძე “გურიის აჯანყება 1841 წელს” (დავით მაჭუტაძის წერილი). ტფილისი 1931 წ
4. დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ 1977 (ნახატი ამავე ალბომიდან)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა