ევროკავშირი უნგრეთს დელიკატური განხილვებიდან გამორიცხავს ინფორმაციის რუსეთისთვის გაჟონვის რისკის გამო, — Politico.
პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი:
“ინფორმაცია, რომ ორბანის გარემოცვა ევროკავშირის საბჭოს სხდომების დეტალებს მოსკოვს აწვდის, არავის უნდა უკვირდეს. ამასთან დაკავშირებით ეჭვები დიდი ხანია არსებობს.
სწორედ ამიტომ, მე სიტყვას მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ვიღებ და ვამბობ მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია.”
ოფიციალურ და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ევროკავშირში შეშფოთებულნი არიან ბუდაპეშტიდან კრემლში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობით. თუმცა, ევროკავშირი უნგრეთის მთავრობისთვის ოფიციალური ბრალდების წარდგენისაგან თავს იკავებს და ამის მიზეზი 12 აპრილს დაგეგმილი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებია. სავარაუდოდ, ევროკავშირი ფრთხილობს, რომ მისი ქმედებები უნგრელმა ამომრჩეველმა ორბანზე თავდასხმად არ აღიქვას.

Politico-ს ცნობით, ერთ-ერთმა ევროპელმა სამთავრობო მაღალჩინოსანმა განაცხადა – „შეშფოთებამ იმის გამო, რომ უნგრეთი ინფორმაციას პირდაპირ მოსკოვს გადასცემს, ევროკავშირის ყველა [27-ვე] წევრთან შეხვედრების ნაცვლად, თანამოაზრე ლიდერებთან ცალკეული განხილვების ფორმატების გაჩენა გამოიწვია”.

Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეხვედრებიდან სიიარტო ლავროვს რეგულარულად ურეკავდა და უყვებოდა ყველაფერს, რაც განიხილეს. Washington Post-ის წყარო ამბობს, რომ საუბარი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებსაც ეხებოდა.

სიიარტომ კი აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ ეს არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გაავრცელეს
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: