მე ვარ ბადრი ოყუჯავა, 30 წლის. ბოლო ექვსი წელია, ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში’’ ვმუშაობ, პროფესიით პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი ვარ. ილიას უნივერსიტეტი დავამთავრე და შემდეგ ,,სოვლაბში’’ დავიწყე სტაჟირება.როგორც უნივერსიტეტმა, ასევე ამ ორგანიზაციამ, დიდწილად განსაზღვრა ჩემი პიროვნება და დამოკიდებულებებიც სხვადასხვა საკითხის მიმართ, მათ შორის, იმ პოლიტიკური რეალობის მიმართ, რა პოლიტიკურ რეალობაშიც ვცხოვრობთ. ,,ქართული ოცნების’’ პროპაგანდა იტყვის, რომ ,,დიფ სთეითის’’ გავლენის ქვეშ მოვექეცით და ამიტომ ჩამოგვიყალიბდა ეს აზრები, მაგრამ სინამდვილეში, მათაც ძალიან კარგად იციან და ჩვენც ვიცით, რომ არანაირი ,,დიფ სთეითი’’ არ არსებობს, კრიზისი, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფოებრიობა დღეს დგას, რეალურია.
რა პოზიციიდანაც ჩვენ ამ პრობლემას ვუყურებთ, არის სრულიად რაციონალური და ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი პოზიცია.
მე დავიბადე და გავიზარდე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში, სკოლაშიც იქ ვსწავლობდი. ჩემი იდენტობის ნაწილია, როგორც ჩემი სოფელი, ასევე ჩემი სკოლაც და ორივე ძალიან მიყვარს. ყოველთვის მეამბოხე მოსწავლე ვიყავი – მქონდა კონფლიქტი მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთანაც, თუმცა ძალიან ვმეგობრობდით და, საბოლოო ჯამში, სკოლის მიმართ არასდროს მქონია ცუდი დამოკიდებულება, როგორც ჩემი თაობის ბევრ მეგობარს, რომლებსაც სკოლა ეზიზღებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სისტემა, ისევე როგორც სახელმწიფო, და პირველად სისტემასთან შეჯახება ადამიანს სკოლაში უწევს. სკოლა ცდილობს, რაღაც ფორმაში მოგაქციოს და მე მქონდა წინააღმდეგობა ამ სისტემის მიმართ, რამაც შემდეგ ჩემს გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა, მათ შორის, იმაზე, რა მესწავლა. ძალიან მაინტერესებდა სამოქალაქო განათლება, ისტორია, ბევრს ვკითხულობდი ადამიანის უფლებებზე, საპროტესტო მოძრაობებზე… და არასდროს წარმომედგინა, რომ რეალურად მომიწევდა ამ ტიპის სახელმწიფოში ცხოვრება. სკოლის პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი. ახლა რომ მხედავდეს მერვე-მეცხრე კლასელი ჩემი თავი, ალბათ მეტყოდა – ხო, ვინც გინდოდა, ის გამოხვედიო.
ძალიან კარგად მახსოვს პირველი პროტესტი. მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავით, თოვდა, სკოლას ძალიან დიდი ეზო ჰქონდა და ამ ეზოში ძალიან ბევრი ხე იყო. ქარმა და თოვლმა რამდენიმე ხე წააქცია და ადმინისტრაციამ მხერხავები დაიბარა, მაშინ საკლასო ოთახებში ღუმელით ვთბებოდით, დირექტორმა ფიზიკის გაკვეთილიდან გაგვიყვანა და გვითხრა, ახლა ეს დაჭრილი ხეები წავიღოთ და შევინახოთო. ამაზე ძალიან გავბრაზდი, ჩვენ რატომ უნდა ვათრიოთ ხის კუნძები-მეთქი. გავაკეთეთ ეს, ერთ საათში გაგვათავისუფლეს და დავწერე დიდი საპროტესტო წერილი, რომელზეც ყველა კლასელს მოვაწერინე ხელი. სამასწავლებლოში ერთი ამბავი ატყდა, ეს რა გააკეთა ოკუჯავამო. წერილი დირექტორს მივუტანე – ჩვენი ღირსების შემლახველი იყო ეს, რომ ბავშვები ფიზიკის გაკვეთილიდან გაგვიყვანეთ-მეთქი. დირექტორი თვითონ მასწავლიდა სამოქალაქო განათლებას, გავიარეთ დეტალურად ყველაფერი და მართალი ხარო, მითხრა. ასე დასრულდა ეს ამბავი და მერე საუკეთესო მეგობრები გავხდით. ეს ამბავიც უკავშირდება იმას, რომ ბევრი აქტიური მოქალაქე უნდა გვყავდეს, თუ გვინდა, რომ საზოგადოება იყოს დემოკრატიული.
2012 წელს მეცხრე კლასში ვიყავი, ხელისუფლება იცვლება, რაღაცები ხდება ჩვენ გარშემო, ჩნდება ილუზია, რომ დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადავედით, რადგან არჩევნების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება… ახლა ნაცებს რომ გვეძახიან, მეცინება. სრულწლოვანიც კი არ ვიყავი, როცა ეს ხელისუფლება მოვიდა.
,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია’’ 2010 წელს შეიქმნა. ამ 16 წლის მანძილზე ოცამდე წიგნი და კვლევითი ხასიათის სხვადასხვა ფორმის პუბლიკაცია გვაქვს გამოცემული, რომლებიც საქართველოს პირველ – 1918-1921 წლების დემოკრატიულ რესპუბლიკას უკავშირდება, ასევე, დიდ ტერორს, 30-იანი წლების რეპრესიებს, სტალინს და სტალინის ბრძოლას საქართველოსა და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ცალკე მიმართულება, რა მიმართულებაზეც ,,სოვლაბი’’ მუშაობს და რაშიც მეც ჩართული ვარ, არის ზეპირი ისტორიების მიმართულება: ამაში მოიაზრება იმ ცოცხალი მოწმეების ზეპირი ისტორიების ჩაწერა, რომლებიც ბოლო 70 წლის განმავლობაში მომხდარ გარდამტეხ ისტორიულ მოვლენებს მოესწრნენ.
დღევანდელ კრიტიკულ გარემოში ,,სოვლაბი’’ ცდილობს, რომ გადარჩეს. ამ მომენტში ისეთივე კრიზისის წინაშე ვართ, როგორშიც ყველა სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა საქართველოში. მე პირადად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, რადგან, გარდა იმისა, რომ მკვლევარი ვარ, ამ ორგანიზაციის დირექტორიც ვარ, რაც ძალიან სტრესულიცაა ყველაფერი იმის გამო, რაც ჩვენ გარშემო ხდება – გქონდეს ადმინისტრაციული როლი, ამას პიროვნული და ადამიანური მომენტიც ახლავს თან.
,,ჯიუტი’’ ძალიან საინტერესო წამოწყება იყო. ახლა მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ილიაუნის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი მელაძე, ქვეყნიდანაა წასული პოლიტიკური დევნის გამო.
ომი ახალდაწყებული იყო უკრაინაში, 2022 წლის მარტში გიორგიმ თქვა, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა, უბრალოდ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ საღამოობით და ვისაუბროთო. პირველ შეკრებაზე ოთხნი ვიყავით, ჩავედით პარლამენტის წინ, დავდექით და რაღაცებზე ვსაუბრობდით. მერე, დროთა განმავლობაში, ეს მოძრაობა გაიზარდა. ,,ჯიუტად ევროპისკენ’’ იყო ჩვენი ერთ-ერთი სლოგანი, მერე სიტყვა ,,ჯიუტი’’ მარკეტინგშიც გაჩნდა, კომპანიებმა დაიწყეს გამოყენება და ბრენდი გახდა. მანამდე ქართულ კულტურაში სიტყვა ,,ჯიუტი’’ უარყოფითი სიტყვა იყო, ვირს უკავშირდებოდა. ,,ჯიუტი’’ უწყვეტად, ყოველ საღამოს – ცხრიდან ათ საათამდე, სადღაც 600 დღეზე მეტი იკრიბებოდა რუსთაველზე, სანამ ეს დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყებოდა.
ახლა რაც ხდება, როგორც იდეა, ეგეც ,,ჯიუტის’’ გაგრძელებაა.
როდესაც ჩვენ დავიწყეთ ,,ჯიუტი’’ 2022 წლის მარტში, მაშინ რომ დაწყებულიყო ასეთი შეკრებები პარლამენტის წინ, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. ვერ ვიტყვი, იქნებოდა თუ არა ის ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება’’, მაგრამ ასეთი რთული მდგომარეობა არ გვექნებოდა, ყველას ერთი საათი რომ გამოეყო. ერთი თვეც საკმარისი იქნებოდა ამ ყველაფრისთვის.
ყველა ასეთ ავტორიტარულ, ძალმომრეობაზე დაფუძნებულ მმართველობის ფორმას საერთო მახასიათებლები აქვს. ხანდახან ხელოვნურია ხოლმე იმაზე საუბარი, რომ ,,ქართული ოცნების’’ ეს მმართველობა საბჭოთა კავშირის პერიოდის მმართველობას ჰგავს. მასშტაბით თვალსაზრისით, ეს ერთი და იგივე არ არის, უბრალოდ, ბევრი ნიშან-თვისება ჰგავს ერთმანეთს. ჩვენდა საბედნიეროდ, ,,ოცნების’’ ხელისუფლებას არ აქვს ბერკეტი, რომ გადაგვასახლოს და ვერსად გვასახლებს, ეს რომ შეეძლოთ, დარწმუნებული ვარ, გააკეთებდნენ. პოლიტიკური დანაშაულის გამო დახვრეტის შემოტანა, მგონი, ჯერ არ იგეგემება. დანარჩენ ნაწილში, მაგალითად, ნინო დათაშვილის საქმეში ფსიქიატრიის გამოყენების მომენტი სადამსჯელო მიზნით – პოლიტიკური ფსიქიატრია, ძალიან გავრცელებული პრაქტიკა იყო საბჭოთა პერიოდში. გაიბრძოლეს, ასეთი მიმართულება უნდოდათ მიეცათ, მაგრამ არ წავიდა ეს საქმე ისე, როგორც უნდოდათ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ვფიქრობდი, ქალების მიმართ დამოკიდებულებაა. როდესაც ელენე ხოშტარიას ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო მიუსაჯეს 1 წელი, რა გააკეთა ამით ,,ოცნების’’ ხელისუფლებამ – გააკეთა ის, რომ ქალ აქტივისტებს გაფრთხილება გაუგზავნა. ქალები არიან ამ მოძრაობის სახეეები და ქალებს განსაკუთრებულად სჯიან. კაცებსაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ქალები რომ უნდა იყვნენ სამაგალითოდ დასჯილები, ეს მიმართულება აქვთ ახლა აღებული. ჯერ დაიწყეს უმცირესობათა ჯგუფების დევნა, ,,ოცნებამ’’ გააქრო მათი ნაწილი, მათ შორის, პროქსი ჯგუფების – ,,ალტ-ინფოს’’ და ვიღაცების გამოყენებით, შემდეგ გადავიდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებზე და შებოჭეს ისინი, ახლა სამიზნე ქალები არიან.
ამით ,,ქართული ოცნება’’ ძალიან ჰგავს არა საბჭოთა რეჟიმს, არამედ ირანს და მსგავს ფუნდამენტალისტური კულტურის, ბნელი მხარეების წინ წამომწევ მმართველ ძალას. ვვარაუდობ, რომ მალე აბორტის შეზღუდვაზეც დაიწყებენ საუბარს და ამას საკანონმდებლო დონეზე გააკეთებენ. ამისთვის ნიადაგი მომზადებულია. არგუმენტად აიღებენ დემოგრაფიულ კრიზისს, ამით ისევ ქალებს დაარტყამენ და ამასაც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ, თვითონ სიცოცხლის დამცველები გამოვლენ და ჩვენ ბავშვის მკვლელებად გამოგვიყვანენ. ამას პროპაგანდაც ძალიან კარგად შეფუთავს. სტენსილებიც გამოჩნდა ქალაქში – ,,აბორტი მკვლელობაა’’. მე მგონია, რომ ასეთი რაღაცები მართულია ხოლმე და ეს მათ პოპულისტურ ნარატივში ძალიან კარგად ჯდება.
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ტრავმა, რაც საბჭოთა წარსულიდან მოგვყვება, არის ის, ჩუმად რომ უნდა იყო. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებში არის ეს, რომ მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ,,იმათ’’ უნდათ. მე პატარა კაცი ვარ, რასაც ჩამძახებენ, იმას ამოვძახებ… ,,შენთვის იცხოვრე, შვილო, ხმამაღლა რატომ ლაპარაკობ?’’ – ამ პოზიციაში არიან ხოლმე.
საბჭოთა პერიოდში ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოსგან არ მოდიოდა, დასჯადი იყო და ეს ძალიან გაუჯდათ ამ ადამიანებს. დასუფთავების კამპანიებიც კი, ე.წ. შაბათობები, სახელმწიფოს ინიციატივა იყო. მერე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვერავინ ხვდებოდა, ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ. ეს არის საბჭოთა გადმონაშთი – ქვევიდან წამოსული ინიციატივების მიუღებლობა, ნებისმიერი ქვევიდან წამოსული ინიციატივა ცუდია; პრობლემებზე თვალი დავხუჭოთ, პროტესტი არ გამოვხატოთ, რაღაც არ ვთქვათ.
თუმცა, მგონია, რომ ეს ჩვენს თაობაში ასე აღარ არის, მაგრამ ძალიან ცდილობს ,,ოცნების’’ ხელისუფლება, რომ პროტესტის გამოხატვა, როგორც რაღაც პოზიტიური, დააკნინოს და უარყოფითაც წარმოაჩინოს.
პროტესტმა პოზიტიური ის მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რომ შეყვარებული მაპოვნინა. პროტესტზე გავიცანი ჩემი შეყვარებული ელენე, რომელიც ძალიან მიყვარს.
უარყოფითიც ბევრი იყო – ახალჩამოსული ვიყავი რაღაც პროგრამიდან, ერთ კვირაში მცემეს და შემღებეს. უკვე ორი წელია, იძიებს პოლიცია ამ საქმეს და ახლაც რომ მივდივარ, მეუბნებიან, რომ ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ორი წელი რა ოპერატიული სამუშაო უნდა მიმდინარეობდეს?! ცემის მიზეზი ის იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სხვა ბევრ აქტივობასთან ერთად სტენსილებსაც ვაკეთებდით. როგორც ჩანს, ამის გამო ინტერესის ობიექტები აღმოვჩნდით. სამსახურში მოვდიოდი და უკნიდან ხმა მომესმა, გაჩერდიო, დავინახე ორმოცდახუთ წლამდე მელოტი ტიპი, რომელმაც მკითხა, ბიჭო, აქ კედლებზე წარწერებს შენ აკეთებო? ჩანთა მქონდა თან, რომლის ჯიბეშიც პულვერიზატორი მედო. ამ ტიპმა, რომელიც ჩემზე ფიზიკურად ძლიერი იყო, ჩანთის სამკლაურით დამიჭირა და დაიძახა, დარეკეთ, დავიჭირეო. უცბად მანქანა მოვიდა, დაახლოებით ათი ადამიანი გარშემო შემომეხვია და მივხვდი, რომ საქმე ცუდად მქონდა. თავის დაძვრენის შანსი აღარ მქონდა, მეც დავარტყი და იმათაც დამარტყეს, მერე ჩემივე პულვერიზატორით შემღებეს.
ფაქტი ჩანთაში მქონდა, რა გინდოდა, რომ გექნა.
მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და სულ ვამბობ, რომ რაღაც იქნება. პასუხი არ მაქვს, რა შეიძლება გვეშველოს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რა არის საჭირო, რომ გამარჯვებამდე მივიდეთ. უბრალოდ შეთანხმება გვჭირდება – უნდა შევთანხმდეთ, გვინდა ეს ყველაფერი შევცვალოთ თუ არ გვინდა. მგონია, საზოგადოება ბოლომდე მაინც არ არის შეთანხმებული. შეთანხმებაში ვგულისხმობ მზაობას, რომ იმოქმედო რაღაცის შესაცვლელად, მარტო ერთნაირად ფიქრი საკმარისი არ არის.
მოქმედებაში რატომ არ გადააქვთ პროტესტი? პირდაპირ რომ ვთქვათ, ახლა პურის ფული აქვთ, როდესაც პურის ფული არ ექნებათ, მაშინ დაიწყებენ მოქმედებას. ახლა მუშაობს, კი, აწუხებს ეს სოციალური პრობლემები, გაძვირებული საკვები, მედიკამენტები, მაგრამ იქ ბანკის საშუალებით და რაღაცით თავი გააქვს. მოსახლეობის დიდ ნაწილს თვითგადარჩენის მიღმა ბევრი ამბიცია არ აქვს, თან პროპაგანდა ეუბნება, მშვიდობა გაქვსო.
ქართული ბუნებაც არის ეგეთი, ისიც ჩემსავით ამბობს, რომ რაღაცა იქნება.
გულგრილობა არის დიდი პრობლემა. არ ვიცი, ამ ადამიანებს ისევ როგორ უნდა მოუბრუნდეთ გული. როდესაც პროტესტი დაიწყო, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე რეაქცია ჰქონდათ, ნელ-ნელა ესეც მოიშალა, ,,ოცნების’’ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აღარაფერი დარჩა, რაზეც უნდა გაბრაზდნენ. როგორც ბაყაყის მოხარშვაზეა, ნელ-ნელა აიწია ტემპერატურამ და, საბოლოოდ, ბაყაყი მოიხარშა.
დღეს ბევრი ფრუსტრაციაშია და ამ ფრუსტრაციისგან გამოწვეული დეპრესია აწუხებს. როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის, მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება რთულია. მე ეს დავძლიე სხვადასხვა დახმარების გზით. ჩემი რჩევა არის, რომ დროულად მიხედონ ამ მდგომარეობას და ამ რთულ სიტუაციაშიც დაინახავენ ბედნიერების მომენტებს.
როდესაც დღე და ღამე რუსთაველზე ჭავლის და სპეცრაზმის წინ ვათენებდით და ვაღამებდით, ვიღაცები ჩუმად იყვნენ. ასეთი სიგიჟე როცა ხდება, ხმის ამოღების ვალდებულება გაქვს, რაღაც უნდა თქვა. მახსოვს, ვიღაცებს მივწერე, რას აკეთებ, ჩუმად რატომ ხარ-მეთქი.
ამას წინათ ერთი ცხოველების უფლებადამცველი ძაღლების დაწვის ამბავზე ჯგუფებში ხმაურობდა, სად არიან ენჯეოებიო, თვითონ ,,ქართული ოცნების’’ ამომრჩეველი იყო და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ დახურა ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. თუ თავისუფალი მედია არ იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები არ იქნებიან, თუ აქტივისტები არ იქნებიან, რომლებიც რაღაცას დაწერენ და გააშუქებენ, რას აპირებენ ადამიანები, რომლებიც ჩუმად არიან? შენს კართანაც დაიჩოქებს აქლემი, შენც რაღაც გაგიჭირდება და არავინ გეყოლება, ვინც შენს ხმას გააჟღერებს.
ამ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, მეტი სხვა დიდი ამბიცია არ მაქვს. მინდა, განვითარების შესაძლებლობა არ შემეზღუდოს. ვიცი, რომ ზეციური სამეფო და სრულყოფილი ბედნიერება ამ ქვეყანაში არასდროს იქნება, უბრალოდ მინდა, რომ შემეძლოს ამ ქვეყანაში ცხოვრება, მარტო მე არა, სხვა ადამიანებსაც. მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო ისე, რომ არ შემზღუდონ, რაღაცას რომ ვიკვლევ და ვაკეთებ, ამისთვის არ მიჭერდნენ და არ მეშინოდეს იმის, რომ რადგან ,,სოვლაბის’’ დირექტორი ვარ, ამის გამო პასუხისგებაში მიმცემენ.
რომ არ მეშინია, ეგეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო.
————————————————————————








