“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესას ყოფილი გამგებელი, დავით ლომაძე, პროვოკაციის მსხვერპლია, არანაირი ქრთამი მას არ აუღია, ეს ყველაფერი მოუწყვეს, გაუგებარია რის გამო; სოფელში ყველამ იცის, რომ ბრალდება შეთითხნილია, ვის რაში დაჭირდათ მსგავსი რამ, დღემდე ვერ გაგვიგია”
განუცხადეს “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში;
სოფელ ლესას აწ უკვე ყოფილი გამგებელი თითქმის ერთი თვეა დაკავებულია, მას ბრალად ქრთამის აღება ედება, თუმცა ის ბრალს დღემდე არ აღიარებს.
სოფელში ამბობენ, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება გამოძიების მხრიდან და ითხოვენ ბრალის აღიარებას, სანაცვლოდ კი-საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაანთავისუფლებენ;
მიმდინარე წლის 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვამცნო, რომ, სუს-მა 9 მუნიციპალიტეტში, 14 საქმეზე 28 პირი დააკავა, მათგან 3 ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს“ _ თქვეს სუს-ში.
მათ შორის იყო ლანჩხუთის მერის რწმუნებული ლესას ტერიტორიულ ორგანოში, დავით ლომაძე, რომელსაც სუსი ქრთამის აღებას ედავება;
საუბარია, ბათუმი-თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის, ლესას მონაკვეთზე ე.წ. “დრაივის” განთავსების უფლების მინიჭებაზე, რის სანაცვლოდაც, თითქოსდა, ბრალდებულმა ქრთამი აიღო.
აღსანიშნავია, რომ სოფლის გამგებლის უფლებამოსილებაში, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი ტიპის ნებართვების გაცემა არ შედის-ეს ადგილობრივი მერიის პრეროგატივაა;
როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან, სუფსის (ახლომდებარე დასახლება) გამგებელი, (მერის რწმუნებული სუფსის ტერიტორიულ ერთეულში), დვით გუმბერიძე იმყოფებოდა, შემდგომ შეხვედრისას, გუმბერიძემ ლომაძეს, რამდენიმე ადამიანი (მეზობელი რეგიონიდან), გააცნო, რომლებიც სოფლის ტერიტორიაზე ბიზნესის დაწყებით იყვნენ დაინტერესებულნი.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, საუბარი იყო (როგორც ზემოთ ავღნიშნეთ), ბათუმი-თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის, ლესას მონაკვეთზე ე.წ. “დრაივის” განთავსების უფლების მინიჭებაზე.
ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარება გაუწია ლომაძემ, გუმბერიძის მეგობრებს, არ არსებობს, შესაძლოა მოხდა მათი ლანჩხუთის მერიაში გადამისამართება, თუმცა წყარო გვეუბნება, რომ მიუხედავად ამ უმნიშვნელო როლისა, დაინტერესებულმა პირებმა, ლომაძეს გარკვეული თანხა შესთავაზეს, რაზეც ლესას გამგებელმა კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა მათი მხრიდან შეთავაზებები არ წყდებოდა და ბოლოსკენ უჩვეულო, იძულებითი ხასიათიც კი მიიღო, საბოლოოდ ლომაძემ, (წყაროს ცნობით), ეს პირები ადგილობრივი ეკლესიისაკენ გადაამისამართა, უთხრა რა, რომ:”თუ ასე დაჟინებით ითხოვთ და გსურთ სოფლის დახმარება, მე არაფერი არ მინდა, ეკლესიას შეწირეთო” – გავრცელებული ცნობებით, სტუმრები ასეც მოიქცნენ და სწორედ ამას უთვლიან მას ქრთამში” – გვიყვება ერთ ერთი ადგილობრივი;
ჩვენ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ, თუმცა სახელისა და გვარის დასახელება არცერთს არ სურს, რადგან შიშობენ, რომ მათი მისამართით გამოძიება გარკვეულ ზომებს მიიღებს, რის გამოც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ;
ახლა ლესას გამგებლის მოვალეობის შესრულებას, ლომაძის თანაშემწე, ირაკლი მშვიდობაძე ახორციელებს;
დავით ლომაძის დაკავების ისტორიაში, ამ ადამიანის სახელი და გვარიც ფიგურირებს, ის “ოცნების” პროპაგანდისტია და სოციალურ ქსელებში თავისი, ანტიდასავლური, აქტივობებით გამოირჩევა;
იყო თუ არა ის ინფორმირებული მოვლენების ასე განვითარებაზე, უცნობია, თუმცა სოფელში ამბობენ, რომ ლომაძე – ახალი რეალობიდან გამომდინარე-“ქართული ოცნებისათვის” პრობლემა იყო და ასე შეთითხნილი ბრალდებებით იმიტომ ჩამოაშორეს ის ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე – არა მეურნე ხელმძღვანელი, არამედ უბრალო პროპაგანდისტები უფრო სჭირდება;
დაკავებული დავით ლომაძე ლესის რწმუნებული იყო 2013 წლიდან. იგი „ქართული ოცნებასთან“ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა და დაკავებამდე აქტიურად იყო ჩართული მის აქტივობებში.








