„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებში ცვლილებები ჯერჯერობით არ განიხილება, თუმცა შესაძლებელია, მოხდეს ამის გადახედვა, თუ ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავა.
მისი თქმით, გარკვეულ დათმობაში გულისხმობს იმას, რომ თუ გათავისუფლდებიან „პოლიტიკური პატიმრები“ და თუ დაიწყება მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
„ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ოპოზიცია შეიკრიბება და შესაძლებელია, ამაში ცვლილებები შევიდეს. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მიტანილ შტურმამდე საერთოდ ყველა აქცია გავაუქმეთ. ამიტომ თუ დავინახავთ დათმობას, მოლაპარაკებებისთვის მზაობას და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენც განვიხილავთ შეიცვალოს დღის წესრიგი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
მისი თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და ამ მოლაპარაკებების ფონზე იქნება თუ არა აქციები, წინასწარ ამის თქმა ძნელია.
„ოპოზიციური პარტიები ამაზე გადაწყვეტილებას კონსენსუსით მივიღებთ – მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან და სავარაუდო მოლაპარაკების პროცესიდან გამომდინარე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა სახის დათმობაზე წამოვა „ქართული ოცნება“ და რამდენად რეალური იქნება მოლაპარაკებების დაწყება. მთავარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.