ჟურნალისტი არჩილ გამზარდია, ჰესების მშენებლობის საკითხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“მსოფლიოში არსებობს ჰესების როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი მაგალითები. ზოგიერთ ქვეყანაში ქვეყნის სიმდიდრის წყარო გამხდარა, ზოგან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს.
ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, რამდენიმე ინდიკატორია რომელიც მეხმარება ჩამოვაყალიბო პოზიცია:
1. გამჭვირვალობა – რამდენად გამჭვირვალეა სახელმწიფოსა და ინვესტორის შეთანხმების შინაარსი, რა მიზნებს, რა პროცესებს და ა.შ. მოიცავს მხარეების შეთანხმებული პირობები.
2. დემოკრატიულობა – რამდენად დემოკრატიულად მიდის პროცესი, რამდენად ხდება შეთანხმება იმ მოსახლეობასთან, სადაც მსგავსი ინვესტიცია უნდა განვითარდეს. მოსახლეობის ნების გარეშე არ შეიძლება ვითარდებოდეს პროცესი. სწორი მენეჯმენტის, სწორი კომუნიკაციის და სასარგებლო პირობის შემთხვევაში მოსახლეობა არ წავა საკუთარი თავის წინააღმდეგ, შესაბამისად, აჰყვება ინვესტორს. თუ მოსახლეობა წინააღმდეგი რჩება, მსგავსი აქტივობა ძალადობრივად და ხალხის ნების წინააღმდეგ არ უნდა ხორციელდებოდეს.
3. ნდობა – ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამდენად ენდობა მოსახლეობა იმ ხელისუფლებას, რომელიც დაინტერესებულია, იმ ინვესტორს, ვინც აპირებს ჰესის აშენებას თუ სხვა რამე ინვესტიციას. თუ ნდობა არ არის, იქ საუბარი სხვა დანარჩენზე ზედმეტია.
4. სარგებლიანობა – ჩვენ ვითვლით ხოლმე, რომ სარგებლიანობა მხოლოდ ან რამდენიმე მოხელის პირად ინტერესს ან მხოლოდ ინვესტორის პირად ჯიბეს უნდა ემსახურებოდეს, რაც თავისთავად სწორი არ არის. სარგებლიანობა ურთიერთსარგებლიანობას გულისხმობს. რეალურად რას იღებს ქვეყანა, რას იღებს მოსახლეობა, თავისთავად ინვესტორი, მაგრამ არა მოხელეები. კერძო ინვესტიცია, ეს არის ურთიერთსარგებლიანობა მოსახლეობასა და ინვესტორს შორის.
სარგებლიანობის ნაწილში მნიშვნელოვანია იმ ფინანსური რესურსების სხვა ტიპის ეფექტებიც, მაგალითად, თუ სახელმწიფო მილიარდიანი ინვესტიციის ჩადების პირობას ქმნის ჰესების კუთხით, მსგავსი ინვესტიციით სხვა ტიპის განხორციელება თუ ყოფილა თეორიულ ალტერნატივად მაინც გაანალიზებული, რა შედეგები მოჰყვებოდა მას, ისე, რომ რისკები ნაკლები ყოფილიყო.
გასაგებია რმ ინვესტორს თავისი დამოკიდებულება აქვს, რაც სავსებით ლეგიტიმურია, მაგრამ სახელმწიფომ თუ დასვა საკითხი ასე, ამ რეგიონში მილიარდის სწორი ხარჯვის შემთხვევაში მიიღებდა თუ არა რეგიონი და სახელმწიფო იმაზე ნაკლებ სიკეთეს, ვიდრე შეიძლება ჰესის შემთხვევაში მიიღოს?
5. რისკები – ყველაზე გავრცელებული ინდიკატორია. რომელიც გულისხმობს როგორც ეკოლოგიურ, ასევე სხვა ტიპის რისკებს, ასევე პოლიტიკური ზეგავლენის რისკებს, სუვერენიტეტის მოდერნიზებული შელახვის რისკების შესაძლებლობას, კერძოდ, იმას, რომელი ქვეყნები შეიძლება ჩვენთან შემოდიოდნენ თითქოსდა ეკონომიკური პროექტებით, მაგრამ არსებითად პოლიტიკური ინტერესებით? პროექტის შინაარსის რისკები, რომელიც გულისხმობს ისეთი პირობების არსებობას, რომელიც მას ბევრად უფრო ფრთხილს ხდის მოსახლეობისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ვიდრე მისი იდეალიზირებული პროპაგანდაა და ა.შ.
6. სახელმწიფოს შესაძლებლობები და სტრატეგია – რაზე აგებს სახელმწიფო საკუთარ ეკონომიკას? – აქ, საკმაოდ წინააღმდეგობრივები ვართ მოსახლეობაც. გვინდა გამართული ეკონომიკა, მაგრამ რის ხარჯზე? რა რესურსები გვაქვს სახელმწიფოს და რისი შესაძლებლობები? რა არის ქვეყნის და მოსახლეობის შემოსავლის წყარო? თან ისე, რომ გავითვალისწინოთ მსოფლიოს ჯანდაცვის და ეკონომიკის არამდგრადობა – ვგულისხმობ, მაგალითად ტურიზმზე ორიენტირება, რომელიც ვხედავთ რომ საფრთხილოდ მერყევია? და ა.შ.
კიდევ სხვა საზომები არსებობს, არაერთი, რომელსაც კიდევ უფრო მეტად არ ჩავუღრმავდები.
მე რასაც ვუყურებ, აქ ჩამოთვლილი არცერთი ინდიკატორი არ გვაქვს ღიაობაზე და საჭირო დონეზე აყვანილი, ამიტომაც სადაც არის გაურკვევლობა, იქ არის ინტერპრეტაცია. სწორედ ბუნდოვანება ქმნის ინტერპრეტაციის ფართო სივრცეს, რის გამოც გამიჯვნა რა უფრო რაციონალურია და სარგებლიანი და რა – არა, ძალიან რთულდება.
ერთადერთი, რაზეც ჩემს თავთან შეთანხმებული ვარ, არის ის, რომ ძალადობრივად არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიდიოდეს პროცესი. თუ არ მოხერხდება შეთანხმება ხალხთან, რომელსაც უფრო მეტად ეკუთვნის რეგიონები, ვიდრე რომელიმე მოხელეს, მაშინ მსგავსი პროცესი არ უნდა განხორციელდეს. მსოფლიოში არაერთი ისეთი ინვესტიცია არსებობს, რომელსაც მოსახლეობა ტაშითა და მხარდაჭერით აყოლილა.
როდესაც მოსახლეობაში შიში დიდია, ე.ი. მსგავსი პროცესისთვის მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო, მოსახლეობის ინტერესებზე მეტად მორგება და არა მათზე ძალადობა”.-წერს გამზარდია.