საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.
ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე – „არჩევნები 2020“.