“ბევრი მასწავლებელი ბანკმა დააჯარიმა პროცენტის დაგვიანების გამო, რა გვჭირს ის მაინც გვითხრან” – აღნიშნავენ “გურიის მოამბესთან” საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, რომლებიც ათ დღეზე მეტია კუთვნილ ხელფასს ელოდებიან და პასუხიც არა აქვთ თუ როდის მოხდება სახელფასო დავალიანების დაფარვა.
“ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა საბავშვო ბაღის თანამშრომლები. არ არის ხელფასი … ბანკებმა დააჯარიმა უმრავლესობა. ისიც გავიგეთ, გუშინ სხვა აიპებს დაურიგდათ ხელფასები და ბაღები… ყველაზე რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით მუშაობის მხრივ… კი ბატონო, აქამდე ვიღებდით უპრობლემოდ, მაგრამ … იქნებ დაასახელონ თარიღი როდის მოგვცემენ”-გვითხრა ერთ-ერთი ბაღის მენეჯერმა.
თუ რა გახდა სკოლამდელ დაწესებულებებში ხელფასების დაგვიანების მიზეზი და კიდევ რამდენი ხანი მოუწევს პერსონალს ლოდინი, ამ კითხვით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაკა ჭყონიას მივმართეთ.
როგორც ჭყონია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მას ამ ეტაპზე ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია:
“გამიჭირდება ზუსტი თარიღის თქმა, შეიძლება ხვალაც დაირიცხოს ხელფასები” – გვითხრა მაკა ჭყონიამ,
ბიუჯეტში არსებულ ფინანსურ პრობლემებს გვიდასტურებენ მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურშიც:
“პანდემიის პირობებში, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც გამოიწვია ეს შეფერხება, მთავრობის განკარგულებით დამატებითი თანხა გამოეყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და ხვალ ჩაერიცხებათ ხელფასები საბავშვო ბაღების თანამშრომლებს” – გვითხრეს მერიაში.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღებში ხელფასების გაცემა ყოველი თვის 21 რიცხვში ხდება, ისევე როგორც თითქმის აიპების უმრავლესობაში. ამ ეტაპზე, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ხელფასები მხოლოდ საბავშვო ბაღების პერსონალისთვის არ დაურიგებიათ, არაოფიციალურ მიზეზად კი, ხაზინაში თანხის არ არსებობა სახელდება.