Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება $3.3 მილიარდამდე შეამცირა. წლიურად ექს-პრემიერის ქონება $1.5 მილიარდით არის შემცირებული. ამერიკული გამოცემის დათვლით ივანიშვილის ქონება 11 წლიან მინიმუმზეა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 349-ე ადგილიდან 906-მდე ჩამოქვეითდა, თუმცა მისი ქონების კლების მიზეზები გამოცემას განმარტებული არ აქვს.
გასული წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა ქართულ Entrepreneur-თან ინტერვიუში განაცხადა რომ ამერიკულ Forbes-თან უკვე 10 წელია არ თანამშრომლობს. “ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს”, – ამბობდა ივანიშვილი.
ქონების შემცირება შესაძლოა ივანიშვილის მიერ აქტივების ფონდ “ქართუზე” გადაფორმებას უკავშირებოდეს.
ერთადერთი ქართველი მილიარდერის ქონება ჯერ-ჯერობით არ დაუკორექტირებია Bloomberg-ს. Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილი $5.7 მილიარდს ფლობს და პლანეტის 500 უმდიდრეს პირს შორის 462-ე ადგილზეა. წლიურად ივანიშვილის ქონება $100 მლნ-ით არის გაზრდილი.
Bloomberg-ი მილიარდერების ქონებას შემდეგი მეთოდოლოგიით ითვლის – გამოცემას შეფასების ხუთ ვარსკვლავიანი სისტემა აქვს; ხუთი ვარსკვლავით ფასდებიან ის ბიზნესმენები, რომელთა ქონებაც მარტივად დასათვლელი და გამჭვირვალეა, ფლობენ საჯარო კომპანიებს და მათი აქციები საფონდო ბირჟებზეა დალისტული. ბიძინა ივანიშვილს სისტემაში მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქონების უმეტეს ნაწილზე ინფორმაცია შეზღუდულია. ამასთან, ივანიშვილის ქონების უდიდესი ნაწილი ოფშორულ ქვეყნებშია რეგისტრირებული.
$5.7 მილიარდით, რომელსაც Bloomberg-ის მონაცემებით ამჟამად ფლობს ივანიშვილი 84.3 მილიონი ბარელი ნავთობის შეძენაა შესაძლებელი.