დღეს ლანჩხუთში კორონავირუსზე გეგმიური აცრის პროცესი ვერ შედგა. მიზეზი, არასაკმარისი მედპერსონალია, რომლის გამოც ვაქცინის ფლაკონს ვერ ხსნიან რომ დანაკარგი არ გამოიწვიოს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ესაუბრა.
“გამომდინარე იქიდან, რომ პატარა რეგიონია და მედ-პერსონალიც ბევრი არ გვყავს, გეგმიური აცრის პროცესი, შეფერხებით მიმდინარეობს.ორი დღე ჩავატარეთ ჩვეულებრივად, აქტივობაც ასე თუ ისე იყო, დღეს ცოტა გაძნელდა მედიკოსების შეგროვება, ზოგის ჯანმრთელობის მგომარეობა განხილვის პროცესშია. თან რომ გავხსნათ წამლის ფლაკონი, ორი და სამი ექიმისთვის ვერ ვხსნით, მერე დავკარგავთ ვაქცინის გარკეულ რაოდენობას, ამიტომ ვუკავშირდებით, შევაგროვებთ საჭირო რაოდენობას და ისე მოხდება ვაქცინაცია. ახალგაზრდა მედდის დაღუპვის ამბავმაც იმოქმედა, ნეგატიურად აისახა აცრის სტატისტიკაზე.თუმცა პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ამის გარეშე ამ ვირუსთან ბრძოლა, ძალიან გართულდება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავარწმუნოთ კოლეგები, რომ აიცრან.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.
ჩვენს კითხვაზე, თავად თუ გაიკეთა ვაქცინა ლანჩუთის პირველმა ეპიდემიოლომა, ქალბატონმა ნატომ გვიპასუხა რომ, ჯერ არ აუცრია, რადგან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებს და როგორც კი საჭირო კვლევის პასუხები იქნება და ექიმი მას ნებას დართავს, აუცილებლად აიცრება.
შეგახსენებთ, გუშინწინ გურიაში გეგმიური ვაქცინაციის პროცესი, მედპერსონალის არასაკმარისი რაოდენობის გამოცხადების გამო ჩაიშალა.
ამ დროისთვის, გურიის რეგიონში სულ 60 ადამიანია აცრილი. 20 ოზურგეთში, 20 ჩოხატაურში და 20 ლანჩხუთში. რეგიონს კი, ვაქცინის 1100 დოზა აქვს გამოყოფილი.