ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი [NDI] საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა.
გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ არ მუშაობდა არც პანდემიამდე და კვლავაც უმუშევარია. კვლევა, ასევე, შეიცავდა კითხვას ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო გეგმაზე. გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ პანდემიის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეფექტური იყო. საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 37%.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.