რესპუბლიკური პარტია ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას არ უერთდება. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, მოლაპარაკებების წინ “პირობებით საჯარო განცხადებები სწორი არ არის”.
“მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტია და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება.
მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ”. – ამბობს ის. სამნიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.