ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხვალ ის მაგიდაზე დადებს დოკუმენტს და პარტიებზეა დამოკიდებული აიღებენ თუ არა ხელმოწერის პასუხისმგებლობას.
“ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებინა გზები იმისთვის, რომ ყველაზე რთული პუნქტები ამ მედიაციისა შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ყოველთვის, ვამბობ ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მე მაგიდაზე ტექსტს დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის, ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას იმისა, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, რათა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოოდ, ეს პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ მათი დემოკრატიული სიმწიფე. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული — ქართველი ხალხი. ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყოს საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება”, — განაცხადა დანიელსონმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მიშელის წარმომადგენელი პოლიტიკურ პარტიებს დღეს, 29 მარტს შეხვდა.
დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.