მამაჩემი ჩემს თვალში და ყველა ქართველის თვალში, მათ შორის უკრაინელების თვალში არის გმირი, – ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული ქართელი მებრძოლის შვილმა, გიორგი შარტავამ განაცხადა.
გიორგის თქმით, მან მამის გარდაცვალების შესახებ 18 აპრილს გაიგო, როცა შემთხვევა ორი საათის მომხდარი იყო.
“მამაჩემი უკვე 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინაში. იბრძოდა იმისთვის, რომ გვერდში დადგომოდა საქართველოს მოკავშირე ერს, რომელიც ასევე ებრძვის რუსულ აგრესიას და ოკუპაციას და მას გააჩნია იგივე პრობლემა, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს. მამაჩემი ჩემს თვალში და ყველა ქართველის თვალში, მათ შორის უკრაინელების თვალში არის გმირი, რომელიც დარჩება ისტორიას, რომელიც იქნება მისაბაძი პიროვნება.
ყველა ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, 18 აპრილს გავიგე ამის შესახებ. ორი საათის მომხდარი იყო. სანგრებში ჩაუგდეს ყუმბარმტყორცნით ყუმბარა და ნამსხვრევი მოხვდა მას ყელის არეში. ფატალური შედეგით დასრულდა, გადარჩენა ვერ მოახერხეს”, – განაცხადა გარდაცვლილი ჯარისკაცის შვილმა „ფორმულა”.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.