ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა.
აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა კი ლევან სონღულაშვილის სტუდიაში თავი მოუყარა არტ-დილერებს, კრიტიკოსებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს და საბოლოოდ გზა გაუხსნა დასავლურ სახელოვნებო სცენასა და ინდუსტრიაში, რის შემდეგაც ის შემოთავაზებებს იღებს ჯეფ კუნსის მანჰეტენის კომპანიისგან, მისი ნამუშევრები დიურერისა და შილეს გვერდით იყო წარმოდგენილი ბრუკლინის მუზეუმსა თუ ლონდონის Saatchi Gallery-ში, მისი ცნობილი „მედუზა“ წარმატებით იფინება და იყიდება ნიუ-იორკის Sotheby’s-სა და აკადემიის ერთობლივ გამოფენა-აუქციონზე.
ცხადია, AT.ge გვერდს ვერ აუვლიდა მის საზაფხულო ვიზიტს თბილისში, როცა ის ახალი ნამუშევრის – Associò-ს შესასრულებლად სპეციალურად ჩამოვიდა მშობლიურ ქალაქში.
დავიწყოთ ბოლოდან: თბილისში ახლახან დაასრულე შენი პირველი მონუმენტური კედლის მხატვრობის ნიმუში. ვიდრე მის კონცეფციაზე გადავალთ, გვითხარი, ტექნიკურად რამდენად საინტერესო აღმოჩნდა შენთვის ეს ჟანრი (ვგულისხმობ ტილოდან გადანაცვლებას კედლის მხატვრობაზე, ერთგვარ თავისუფლებას ტექნიკურ თუ შეგრძნებების დონეზე მუშაობის პროცესში…)
ბავშვობაში ანრი მატისის შესახებ ილუსტრირებულ წიგნს გავეცანი, რომელშიც “როზარის ღვთისმშობლის კაპელა” აღმოვაჩინე. იმავე პერიოდში აქტიურად ვეცნობოდი ბიზანტიურ, ადრეული და მაღალი აღორძინების ხელოვანთა შემოქმედებას, მათ მიერ შექმნილ კედლის მხატვრობას, ფრესკებს, რომელთან კონტრასტშიც მატისის ვიზუალური ენა, ვიტრაჟზე გამოსახული გამარტივებული ფორმები, ფერის, ჩრდილისა და დღის სინათლის ურთიერთობა ინტერიერის დიზაინის შემადგენელ ნაწილად ქცეულიყო.
ჯერ კიდევ მაშინ მიზნად დავისახე კედლის მხატვრობის შექმნა. ზოგჯერ წარმოვიდგენდი ტაძარს, რომელიც ბიბლიის ფრესკული ილუსტრაციებისა და კანონიკური იკონოგრაფიისგან განსხვავებით, ჩემი შემოქმედებითი ნიშნებით და ინსტალაციებით გაფორმდებოდა; ამ მიკროსამყაროში დროისა და სივრცის განცდა გაქრებოდა, სადაც ადამიანი შეძლებდა ტვინის რაციონალური მდგომარეობიდან შეგრძნებების ირაციონალურ ველში გადასვლას.
ამრიგად, კედლის მხატვრობის შექმნის სურვილი და მზაობა ყოველთვის მქონდა, Associò-ზე მუშაობის პროცესი კი ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა.
თუ გქონდა ის შეგრძნება, რომ თუნდაც ფეშენებელური სასტუმროს კედელზე, კერძო დაკვეთის შესრულებისას, ფაქტობრივად ავტოგრაფს უტოვებდი თბილისს, რომელიც ყოველთვის დარჩება ამ კედელზე და ამ ქალაქში?
სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც ამ წინადადებას დავთანხმდი. დამკვეთებს სურდათ არა ტილო, რომლის ადგილიდან დაძვრა-გადაადგილება შესაძლებელია, არამედ კედლის მხატვრობა, რომელიც საჯარო იქნებოდა და ქალაქის ისტორიულ ნაწილად იქცეოდა.
„მე ვხატავ არა იმას, რასაც ვხედავ, არამედ იმისთვის, რომ დავინახო“ – თუ შეიძლება უფრო ვრცლად განგვიმარტე Associò-ს კონცეფცია.
ადამიანის ტვინის ფუნქციონირება, გონის ფენომენი და ფსიქიკის თავისებურებები ჩემი დაკვირვების ერთ-ერთი საგანია. აღქმა-წარმოდგენა ყოველ ინდივიდში განსხვავებულ მოგონებას აღძრავს, ერთი რამის წარმოსახვას შეუძლია მეორის წარმოდგენა წარმოშვას, და ამგვარად, გონებაში წარმოდგენათა კომპლექსური ჯაჭვი იკვრება.
Associò-ს კონტექსტუალური წყარო სწორედ ასოციაციონისტური ფსიქოლოგია გახდა, სადაც მნახველს კონკრეტულ ხატს არ ვთავაზობ, არამედ აბსტრაქტულ-სიურრეალისტურ გამოსახულებას, რომლის წამკითხველი თავად ხდება ავტორი.
საგნის შემეცნებისთანავე ხმაური მუსიკად შეიძლება იქცეს, სიტყვა იდეად, სურვილი მიზნად, ღმერთი კი კონცეფციად… ადამიანს შეუძლია ბუნებრივ მოვლენას სახელი დაარქვას და ნიშნით დატვირთოს; მითი რელიგიად გარდაქმნას და კოსმოგონიური სისტემა ჩამოაყალიბოს; შექმნას პარალელური რეალობა, რაზეც დააშენებს საკუთარ ეგზისტენციას.
როცა რაიმე ჩანს, არ ნიშნავს, რომ მას ვხედავთ, მე კი სწორედ მაშინ ვხედავ, როცა ვხატავ. მეტიც, მხატვრობა არარსებული ფორმების არსებობის პრეცენდენტს ქმნის.
შენი ცნობილი მედუზას თემაზე საუბრისას ამბობ, რომ ის „თანამგზავრია შენს შემოქმედებით თავგადასავალში“. აღწერე შენი „შემოქმედებითი თავგადასავალი“. როგორ იბადება შენი ნამუშევრები? (ვიზუალური ენიდან/ტექნიკიდან დაწყებული, კონცეფციებით დამთავრებული…)
მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, თავს ინტროვერტად მივიჩნევ. ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ, ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება განმარტოება, სიჩუმის ხმის პოვნა და ფიქრი, ან გონების გათიშვა, ბუნებასთან და საკუთარ თავთან დიალოგი, რაც არამცთუ დღეებს და კვირებს, თვეებსაც ითვლის ხოლმე… მოგზაურობასაც მარტო ვარჩევ. სანამ უშუალოდ ხატვას შევუდგები, არატრადიციულ მედიტაციას მივმართავ – ფორტეპიანოზე ვუკრავ ან ვწერ. მუზიცირებას და ტექსტებს ახალ ინტელექტუალურ ტერიტორიებზე გავყავარ, სადაც განსხვავებული ფორმები ჩნდებიან, რის შემდეგაც ხატვას ვიწყებ.
მარტივი არაა საკუთარ ქვეცნობიერს ჩასწვდე, თუმცა ქვეცნობიერი თავისთავად ვლინდება შემოქმედებით პროცესში. ამ მხრივ, მხატვრობა თვითკვლევაშიც მეხმარება.
ყოველდღიურად ვეცნობი და ვაანალიზებ მსოფლიოში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებს, მაგრამ თავად არ ვცდილობ არტი შევქმნა ტენდენციურობის შესაბამისად, რაც გარკვეულ დროსა და სივრცეში იქნება მოქცეული, მორიგი ტალღის აგორებამდე, ეს უფრო მოდის სფეროა.
ხატვისას არაპროგნოზირებად გარემოში ვხვდები, როცა ვიზუალური ფორმები, კონცეფციები და სამხატვრო მასალები განწყობასთან, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, იმწუთიერ შეგრძნებებთან ერთად იცვლება და ერთი იდენტობიდან სხვა პიროვნებად ვტრანსფორმირდები. შესაბამისად, ყოველი ახალი სერია რამდენადაც განსხვავებულია, იმავდროულად, ერთი მთლიანობის განუყოფელი ნაწილია.
გამოფენა Tribeca Ball და Take Home A Nude აუქციონი ფაქტობრივად ტრამპლინია, საიდანაც მეტად წარმატებულად ნიუ-იორკისა და ზოგადად, დასავლური არტ-სამყაროს ინდუსტრიაში ამოჰყავი თავი. მოგვიყევი ამ სამყაროს შესახებ.
ნიუ-იორკამდე დასავლურ არტ-სამყაროსთან ჩემი ურთიერთობა ევროპაში დაიწყო, როცა 19 წლის ასაკში გერმანიაში მიმიწვიეს, სადაც გერმანელ თეატრის მხატვრებთან ერთად ვიმუშავე “იოზეფი და მისი ძმების” სცენოგრაფიაზე. დასავლეთში გატარებულმა რამდენიმე თვემ ჩემი მსოფლმხედველობა მკვეთრად შეცვალა, რაც ახალ კვლევა-ძიებებსა და შემდგომ შემოქმედებით განვითარებაზეც აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხელოვანი თავს ევროპულ კულტურას მივაკუთვნებ, ბავშვობიდან მაინტერესებდა ნიუ-იორკი, რომელიც ერთგვარი ქალაქ-გლობუსია, მსოფლიოს მინიმოდელი, სადაც დინამიკური ცხოვრების რიტმი მუდმივ იმპროვიზაციას მაიძულებს.
22 წლის ასაკში ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” საგრანტო ჯილდო მოვიპოვე და ამ აკადემიის პირველი ქართველი მაგისტრი გავხდი
ასევე, “განათლების საერთაშორისო ცენტრის” ბენეფიციარი, და ასე გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიაში შეერთებული შტატები, სადაც ჩემი შემოქმედება აღმოაჩინეს არტ-სამყაროს გავლენიანმა კოლექციონერებმა, ხელოვანებმა, არტ-დილერებმა. ხშირად მქონდა ე.წ. სტუდიო ვიზიტები, საიდანაც ნამუშევრები დასრულებამდე უკვე კერძო კოლექციონერთა საკუთრებაში ხვდებოდა.
გამოფენებს თან ახლდა კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები, რომელთა შორის იყო დონალდ კუსპიტი, ჯერი ზალცი, დეივიდ ებონი და სხვ. რასაც თან სდევდა საინტერესო შემოთავაზებები გალერისტებისა თუ არტისტების მხრიდან.
AT.ge-ს მკითხველს ალბათ ძალიან დააინტერესებს შენი კოლაბორაციის შესახებ იგი პოპთან. რა სახის თანამშრომლობა იყო?
ტერნერის პრიზიორს, ცნობილ ბრიტანელ ხელოვანს, ჯერემი დელერს სურდა, ბრუკლინის მუზეუმის კურატორთა და მის მიერ სპეციალურად შერჩეულ მხატვართა ჯგუფს შიშველი მოდელი ტრადიციული მედიით, ორ განზომილებაში აესახა. ამ შემთხვევაში მოდელი პანკ-როკის მამა იგი პოპი იყო. როკვარსკვლავი, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც სცენაზე გაშიშვლდა და წლების მანძილზე მისი სხეული, სასცენო მოძრაობასთან ერთად, მუსიკოსის რეპერტუარის ვიზუალურ რეპრეზენტაციას წარმოადგენდა, 2016 წელს ხელოვნების ნაწარმოებად იქცა.
მე და რამდენიმე ხელოვანმა, რომელთა შორის 80 წლის არტისტიც იყო, განსხვავებული ხედვით და ტექნიკით, ერთ დროსა და სივრცეში, ერთი და იგივე ადამიანი დავხატეთ. წამზომის დასრულებისთანავე ნამუშევრები მუზეუმის თანამშრომლებს მიჰქონდათ, საშუალება არ იყო არამცთუ სხვისი, საკუთარი ნახატიც კი გვენახა.
ხატვის პროცესში პოპმა აღნიშნა, ასეთ სიჩუმეში პირველად ვარ, შეიძლება გავგიჟდეო… ერთ ეპიზოდში, 5-წუთიან ესკიზზე როცა ვმუშაობდი, უცბად წამოიყვირა: “დროა!”, წამიც არ გასულა, რომ ზარმა დარეკა… მოგვიანებით განმარტა, რომ გონებაში თავის სიმღერას მღეროდა, რომლის ხანგრძლივობაც ხუთ წუთს ითვლიდა.
ძალიან საინტერესო იყო საბოლოო შედეგების მასშტაბურ ექსპოზიციაზე ნახვა, რომელიც 2016 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს, “ბრუკლინის მუზეუმში” გაიხსნა. ჩემს ნახატებთან ერთად წარმოდგენილი იყო დიურერის, შილეს, ბეკმანის, ბრისტოლის, მაიბრიჯის ნამუშევრები; ძვ. ეგვიპტის, აფრიკის, ინდოეთის, იაპონიისა და მექსიკის სკულპტურები, რომელიც სხვადასხვა ეპოქასა და ტერიტორიაზე მასკულინურ კულტურასა და სხეულს ასახავდა.
დელერმა აღნიშნა, რომ ჩემი ნამუშევრები მისი და კურატორთა რჩეული იყო, რის გამოც ექსპოზიციის იმ წერტილში მოაქციეს, საიდანაც შილეს და დიურერის შემოქმედება იწყებოდა.
ამავე დღეს გავიცანი რეჟისორი ჯიმ ჯარმუში, რომელიც პოპს თან ახლდა და ნამუშევრების შესახებ კომპლიმენტები გამიზიარა. მას ახალი დასრულებული ჰქონდა მუშაობა დოკ. ფილმზე Gimme Danger, როკ-ჯგუფ The Stooges შესახებ, რომლის წევრიც იგი პოპი იყო.
მალევე მითხრეს, რომ ჩემი ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშიც მოხვდა და ასე გაჩნდა ქართული სექცია მუზეუმის მილიონ-ნახევრიან კოლექციაში.
მოგვიანებით ეს ნამუშევრები ლონდონის Royal Academy of Arts-შიც გამოიფინა ლუსიენ ფროიდის, ენტონი გორმლის, ჯენი სავილეს შემოქმედებასთან ერთად.
ხშირად შენი კონცეფცია ვიზუალურ ფორმასა და მედიებს იცვლის და ერთი ნამუშევრიდან მეორეში მოგზაურობს. ვგულისხმობ ასევე ცნობილ სერიას – Idem at Idem, რომელიც მასშტაბური ტილოდან სასცენო ინსტალაციად იქცა გია ყანჩელის მსოფლიო პრემიერაზე და ბოლოს ვიდეო-სკულპტურულ ინსტალაციად გარდაიქმნა სრულიად დამოუკიდებელ ნამუშევარში. მოგვიყევი Idem at Idem-ის ტრანსფორმაციისა და გია ყანჩელთან შენი თანამშრომლობის შესახებ.
Idem et Idem-ის პირველი ესკიზი ნიუ-იორკში გაჩნდა, როცა ჯაზური იმპროვიზაციების მოსმენისას ინდური ტუშის ლაქებით რიტმს ვქმნიდი ქაღალდზე. შემდგომ კომპოზიციის მასშტაბები გავზარდე და ფერწერულ ტილოდ ვაქციე, ლიგეტის, მესიანის და ვერდის რეკვიემის ფონზე. 2016 წელს ნამუშევარი ლონდონის Saatchi Gallery-ში გამოიფინა და კერძო კოლექციაში მოხვდა.
2018 წელს გალერეა ERTI-ში მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც ორ საექსპოზიციო სივრცეს და ლანდშაფტს აერთიანებდა, ნახატებთან და ვიდეოარტთან ერთად წარმოდგენილი ვიდეო-სკულპტურული ინსტალაცია “ობიექტების სისტემა” Idem-ის შემდგომი განვითარება იყო. ნამუშევარი ასევე ეხმიანებოდა ჯოზეფ კემბელის “გმირის თავგადასავალს”, მოხეტიალე სულების, კოლექტიური მარტოობის და სინგულარობის იდეას.
გია ყანჩელმა Idem et Idem-ის სერიიდან ერთ-ერთი ტილო სწორედ ამ გამოფენაზე იხილა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, საკმაო ხანს დაყო დარბაზში, ყოველი ნამუშევრის შესახებ მიზიარებდა შთაბეჭდილებებს. Idem et Idem-ის კონცეპტუალურ ნაწილზე მკითხა, სათაურის მნიშვნელობითაც დაინტერესდა და მითხრა, ჩემს ახალ ნაწარმოებს გუნდისთვის ამავე სახელწოდებას დავარქმევო, რომლის მსოფლიო პრემიერაც რამდენიმე თვეში გაიმართა, სცენაზე ჩემი ნამუშევრის ინსტალაციით. დიდი ემოციებით დატვირთული, დაუვიწყარი საღამო იყო.
Stoicheion – შენი მულტიმედია პროექტი, რომელიც სინგაპურის რეზიდენციაში განახორციელე, ძალიან შთამბეჭდავია. შენთვის დამახასიათებელი მონუმენტურობის მიუხედავად, სიმსუბუქე გადმოდის ამ ნამუშევრებიდან. ეს შენი რეაქციაა აზიურ კულტურასთან შეხებისას?
სინგაპური ჰიპერმოდერნისტული აზიაა, რომელიც, კულტურული თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია… და ალბათ, ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს წყვეტა წარსულთან, მომავლისკენ მისწრაფების ერთ-ერთი ფაქტორია.
ჩემი, როგორც ხელოვანის, ხელახლა დაბადების აქტია მოგზაურობა. ასევე, საინტერესოა გარდამავალი პროცესი – გარემოსთან ადაპტაციამდე მოგვრილი პირველადი შეგრძნებიდან მასთან შეგუებამდე. ალბათ, გაცლა სწორედ მაშინ ჯობს, სანამ აღმოჩენა ჩვეულებად იქცევა.
2019 წელს სწორედ ამ შთაბეჭდილებებით ვიმუშავე “აზიურ” სერიაზე – Stoicheion, რომელიც sumukhwa-ს ტექნიკის ჩემი ინტერპრეტაციით შევქმენი. Sumukhwa, იგივე sumi-e (墨絵), იაპონური ფუნჯით და ტუშით მხატვრობაა, რაც ათასწლეულს ითვლის. Chapell Gallery-ში, სინგაპურის კინოსა და ფოტოგრაფიის ცენტრში გამართულ სოლო გამოფენაზე ნახატებთან ერთად ორი ვიდეოინსტალაცია წარმოვადგინე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შევქმენი. ამასთან აღსანიშნავია, რომ Stoicheion სინგაპურში მოწყობილი პირველი ქართული კულტურული პროექტი იყო.
Red Horizons
2019 წელს, სინგაპურიდან დაბრუნების შემდეგ, პირველად ვიმოგზაურე ესპანეთში – მადრიდში. ისეთი შთაბეჭდილები, რაც მუზეუმების ტრიპტიხმა – პრადომ, რეინა სოფიამ და ტისენმა აღძრა ჩემში, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მიგრძნია. სწორედ ესპანეთში ჩაისახა მორიგი სერია „წითელი ჰორიზონტები“.
ახლახან გაიხსნა შენი ონლაინ-გამოფენა No-Self In A Trasparent Palace, რომელიც ინსპირირებულია ახალი – Covid-19-ის ეპოქით. აკვარელში შესრულებული პორტრეტების სერია ერთი შეხედვით განსხვავდება შენი ძველი ნამუშევრებისაგან. როგორ აისახა Covid-19-ით გამოწვეული შეგრძნებები შენს ნამუშევრებში თუნდაც ტექნიკურ/ვიზუალურ დონეზე. რა არის No-Self In A Trasparent Palace-ის კონცეფცია?
კონცეპტუალურ ნაწილს ტექნიკისგან არ ვმიჯნავ, ჩემთვის მნიშვნელოვანი სწორედ ტექნიკური ნარატივის კონცეპტუალურ ნარატივთან დაკავშირებაა. აკვარელი კი მიმდინარე პანდემიის პერიოდში საუკეთესო მასალად მივიჩნიე და კარანტინის პირობებში შევქმენი არა პორტრეტების, არამედ გარდამავალი სახეების სერია, სახელწოდებით – “არა-მე გამჭირვალე სასახლეში”, რაც 2020 წლის გამოფენის სახელწოდებადაც იქცა.
“გეცხოვროთ საინტერესო დროს” – 2019 წელს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეს სახელწოდებად ბრიტანელი პარლამენტარის, ოსტინ ჩემბერლენის მიერ 1930 წელს გაჟღერებული ძვ. ჩინური წყევლა იქცა. „გეცხოვროთ საინტერესო დროს. ორი აზრი არაა, რომ წყევლამ გვიწია, – დასძინა ჩემბერლენმა, – ერთი კრიზისიდან მეორეზე ვინაცვლებთ, ვიტანჯებით ერთი ჭირით და ერთმანეთს ვასნეულებთ ამ შოკით“.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1966 წელს, რობერტ კენედიმ გაიმეორა: “ერთ ჩინურ წყევლაში ნათქვამია: “გეცხოვროთ საინტერესო დროში”. მოგწონთ თუ არა ეს, ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო დროში. საფრთხისა და გაურკვევლობის ეპოქაა, თუმცა უფრო ღიაა ადამიანთა შემოქმედებითი ენერგიისთვის, ვიდრე სხვა რომელიმე დრო ისტორიაში”.
თავად წყევლა ირონიულად ეხმიანება ცხოვრების მშვიდ და სტაბილურ რუტინას, რითაც სიცოცხლის ხარისხი უმჯობესდება, თუმცა ის სიმშვიდის დარღვევამდე უინტერესო და მოსაწყენია.
21-ე საუკუნის 20-იანი წლების დეკადა ახალი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა; პლანეტის მოსახლეობა გლობალურმა პანდემიამ, მასობრივმა ქაოსმა, დაბნეულობამ და შიშმა მოიცვა; კაცობრიობის ყოფიერება საფრთხისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა; ყველა სოციალური ფენა საერთო პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა; რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობები საზოგადოების დანარჩენ წევრებს გაუთანაბრდნენ, მეტიც, ზღვარი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გაქრა, გარდაცვლილთა რაოდენობა სტატისტიკად იქცა; საერთაშორისო მედია ერთი მთავარი თემით შემოიფარგლა.
თანამედროვე ადამიანი მუდამ სადღაც მიიჩქარის, ოჯახის სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ დიალოგისთვის ვერ იცლის; დროის მდინარებასთან ერთად სარკეში საკუთარი გამოსახულების აღქმის უნარსაც კარგავს, გარეთ მისი ხმა ქრება, სადაც ინდივიდი მასაში უჩინარდება.
კრიზისმა თვითრეფლექსიისთვის ალტერნატიული გარემო შექმნა, სადაც პიროვნებას თვითგამორკვევისა და ღირებულებათა გადაფასების შესაძლებლობა მიეცა. ფიზიკურ იზოლაციაში, უჩინარ მტერთან ბრძოლისას, ფსიქოლოგიურ ჩიხში შესულ ადამიანთა შორის აქამდე არარსებული მენტალური კავშირი გაჩნდა.
ბუნდოვანია პოსტპანდემიური ადამიანის მომავალი. ამ ეგზისტენციალურ ომში ჩაბმული, საკუთარ სახეცვლილებებს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი. ცოტა ხნის წინ ერთმა ამერიკელმა არტ-კრიტიკოსმა აღნიშნა: “ამ აკვარელებში ვხედავ ყველას და არავისო” (“I see everyone and no one in these watercolors!”), – სწორი მიგნებაა, ჩემი მიზანიც ეს იყო.
ეს გამოფენა ქართული გალერეის, window Project-ისა და საერთაშორისო პლატფორმის – ARTLAND-ის კოლაბორაციაა მილანელი დომენიკო დე კირიოს კურატორობით. ამ მაგალითის მიხედვით როგორი შეგრძნებაა, როცა შენს გამოფენაზე ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნის სახელოვნებო ინსტიტუციები მუშაობენ, როცა გეოგრაფიული საზღვრები აღარ არსებობს?
ბუნებრივია, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებსა და კულტურულ ინსტიტუციებს შორის.
როცა მე თბილისში კომენდანტის საათის დროს ვმუშაობდი ახალ აკვარელებზე, გამოფენის კურატორი დომენიკო დე კირიკო მილანში, კარანტინში იმყოფებოდა, – მაშინ პანდემია იტალიაში პიკს აღწევდა.
ნიშანდობლივია, რომ გასულ საუკუნეში, პანდემიის დროს, თუ ხელოვანებს ინტერაქცია შეზღუდული ჰქონდათ, დღეს არტისტებმა, კურატორებმა, გალერისტებმა და დამთვალიერებლებმა ფიზიკური სივრციდან ვირტუალურ განზომილებაში მოიყარეს თავი; თითქოს ზღვარი არა მხოლოდ გეოგრაფიული ნიშნით, ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორისაც პირობითობა გახდა.
ვფიქრობ, მსოფლიო კრიზისმა საზოგადოების ცხოვრების ფორმირებაში ხელოვნების როლი გაზარდა. სოცქსელებში ხშირად ვაწყდებოდი ჰოკნის ფერწერას, კლაუსტროფობიული ხასიათის იმიჯებს, კინოკადრებს ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფ ადამიანთა შესახებ და ა.შ. არტის სოციალიზაციით და ვიზუალურ ხელოვნებაში ხალხის მასობრივი ინტეგრაციით, ადამიანთა რაღაც ჯგუფმა მძიმე დღეების გადალახვა სცადა.
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
წყარო: at.ge