“31 ოქტომბერს გამარჯვების მოლოდინში ვხვდები – არავის არ მივცემთ უფლებას გააყალბოს არჩევნები და ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე, გასაგებია რომ ხელისუფლება გაყალბებას ხშირად მიმართავს, მაგრამ ამჯერად ხალხი ამას არ დაუშვებს” – განუცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიის მაჟორიტარულ ოლქში, მანუჩარ კვირკველიამ, “გურიის მოამბეს”.
კვირკველია მიიჩნევს რომ ის დარწმუნებულია გამარჯვებაში და იმაში, რომ მოსახლეობა ხვალ ცვლილებებს დაუჭერს მხარს:
“ვპირდები გურიას რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული” – განაცხადა კვირკველიამ.
მისივე ინფორმაციით, ოპოზიციონერ ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობს:
” შტაბში ყოველდღიურად ასობით შეტყობინება შემოდის, თუ როგორ ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს მხარდამჭერებზე. ემუქრებიან ახლობლების დაკავებით, სამსახურებიდან გათავისუფლებით, თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანამოაზრეები დავიცვათ” _აღნიშნა კვირკველიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას გვიდასტურებენ დეპუტატის შტაბშიც:
” ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს ხალხის დასაშინებლად. ღამღამობით აკითხავენ ჩვენი შტაბის წევრებს, ემუქრებიან. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე წევრს ქუჩაში ე.წ. ძველი ბიჭებოც კი დახვდნენ, რაზეც პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია” _ აღნიშნა კვირკველიას შტაბის ერთ_ერთმა წევრმა ქეთა ღლონტმა.
ოპოზიციონერი კანდიდატის საარჩევნო შტაბის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კვირკველიაც ერთ_ერთი იმათაგანია, რომელსაც კანდიდატის მხარდაჭერის გამო პრობლემები შეექმნა:
” ქალაქში გადაადგილებაც კი სახიფათო გახდა. რამდენიმე დღის წინ, შტაბის წევრებს პლაკატების გაკვრის და ფლაერების გავრცელების გამო თავს გაურკვეველი ადამიანები დაგვესხნენ. სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რაზეც სამართალდამცავებს, რომლებიც იქვე ახლოს იყვნენ – რეაქციაც კი არ ჰქონიათ,” ამბობს გიორგი კვირკველია, რომელსაც თანაგუნდელებიც ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანიაში ღიად ჩართვა უკვე სიცოცხლისთვის სახიფათოა.