მეფე ერეკლესთან დაკავშირებით საზოგადოებაში დისკუსია კვლავ გრძელდება. განხილვა აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ბერძენიშვილმა ასე თი რამ თქვა: “ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, – ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინდათო?..”
სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეფის გადაწყვეტილების თაობაზე, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ რამოდენიმე მიზეზის გარდა (რუსულ რბილ ძალას აწყობს რუსეთთან შეერთება დადებით ამბად წარმოაჩინოს, ისტორიის მწირი ცოდნა და ა.შ.) საქმე არასწორად შერჩეულ ტერმინშია – “მოღალატე”. ეს ტერმინი არამართებულია.სინამდვილეში გეორგიევსკის ტრაქტატი ეს იყო ჩვეულებრივი შეცდომა. “ღალატი” შეგნებული მავნებლობაა, ბოროტებაა. ახალგაზრდა გერმანელი ისტორიკოსი, ფილიპ ამონი თავის ახლახანს გამოცემულ წიგნში (“საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და რუსულ ოკუპაციას შორის ქართულ-რუსული კონფლიქტის ფესვები მე-18 საუკუნიდან პირველი რესპუბლიკის აღსასრულამდე”) ასეთ დასკვნას აკეთებს:”რუსეთისკენ მისწრაფებისას ერეკლემ ზოგიერთი მცდარი შეფასება გააკეთა – ვერ მიხვდა, რომ პატარა ქართლ-კახეთის მეფე რუსების თვალში თანასწორუფლებიან სუვერენად ვერ აღიქმებოდა. კიდევ უფრო ნაკლებად ესმოდა რუსული იმპერიალისტური თამაშის ეგოცენტრული დინამიკა, რომელშიც მისი ქვეყანა მხოლოდდამხოლოდ პატარა კამათელი იყო. ძლიერი, ერთიანი საქართველო, მკვლევარ ვლადიმერ დეგოევს თუ დავესესხებით, სულაც არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში. საქართველოს დაცვა სულაც არ იყო რუსული სტრატეგიის მთავარი მიზანი. პირიქით, საქართველოს პროტექტორატი, “ბერძნულ პროექტთან“ ერთად, რუსეთის დიდი “აღმოსავლური პროექტის“ ნაწილი იყო, რომელიც მისი შემქმნელის, (ანუ გრიგორი პოტიომკინის, ეკატერინეს ფავორიტის, რომელიც ხშირად სარდალ პავლე პოტიომკინში ეშლებათ, კ.გ.) გარდაცვალებით (ანუ 1791 წ. კ.გ.) დასამარდა.”კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არც ალექსანდრე ბატონიშვილი, არც სოლომონ ლიონიძე არ იზიარებდნენ ამ ტრაქტატის დადების იდეას. იგი ასევე გადააფასეს 1832 წლის შეთქმულებმაც, შემდგომში კი ილიამ და აკაკიმ.როდესაც ედ. შევარდნაძემ 1983 წელს დააპირა დიდი ზარ-ზეიმით აღენიშნა ტრაქტატის იუბილე, უფლებადამცველმა და დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა თვითგამოცემა “საქართველო”, რომლის მეთაურ წერილს გამომცემლის მიერ დაწერილს ერქვა “ვგმობთ ცარიზმის იუბილეს.” იგი 1000 ცალზე მეტი გავრცელდა. მასში დაიბეჭდა ივ. ჯავახიშვილის და ნიკო ბერძენიშვილის აკრძალული შრომები ამ ტრაქტატზე, ასევე ლენინური “ისკრას” ნეგატიური შეფასება, როდესაც ქართველმა თავად-აზნაურობამ დიდი ზეიმით აღნიშნა რუსეთთან შეერთება. რა აზეიმებთო, კითხულობდა ლენინის გაზეთი.ამ იდიოტურ პეტიციებს კიდევ, ვიღაცას აუკრძალონ ლექციები, აჯობებს სტუდენტებს ასწავლოთ ავტორიტეტებთან შეკამათება, თუკი არამართებულ აზრს ან შეუსაბამო ტერმინს გამოიყენებენ. მე ჩემს ლექციებზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ოთხი წლის მანძილზე ბოლო 30-40 წუთს პოლემიკას ვუთმობდი. თვითონვე წავახალისებდი ხოლმე სტუდენტებს, შემკამათებოდნენ”, – წერსკონსტანტინე გამსახურდია.