საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურების ნაწილზე 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის ღირებულება უკვე 3 ლარს გადასცდა. გაძვირების მიზეზად ტრადიციულად საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა და ლარის კურსი სახელდება. იმპორტიორები კვლავ ითხოვენ აქციზის ფასის განახევრებას რაც ბენზინს მხოლოდ 19 თეთრით გააიაფებს, ბიუჯეტს კი 2020 წლის იდენტური იმპორტის პირობებში 276 მლნ ლარს დააკლებს.
თუ 3 კვირის წინ რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა 2.65 ლარად კიდევ შესაძლებელი იყო დღეს მომხმარებელს მასში მინიმუმ 2.74-ის გადახდა უწევს. 10 თეთრით 2.95-მდე გაძვირდა პრემიუმიც, დიზელის ფასი კი 2.70-დან იწყება და 2.89-მდე ადის. 1.5 თვის წინ ფასები 20-25 თეთრით ნაკლები იყო.
საწვავი უკიდურესად არაელასტიური პროდუქტია და ღირებულების ცვლილება მოხმარებაზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს. 2020 წლამდე მოხმარება იზრდებოდა და შემდეგ ზრდა შეჩერდა. გასულ წელს ფასები თითქმის 1 ლარით ნაკლები იყო, ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მოხმარებაზე გავლენა კოვიდრეგულაციებმა, უმთავრესად კი კომენდანტის საათმა მოახდინა.
რადგან საწვავი, არამხოლოდ გადაადგილებისთვის, ტრანსპორტირებისთვისაც გამოიყენება მისი ფასის ცვლილება ინფლაციაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. იმ დროს როდესაც მოსახლეობის 95%-ისთვის ელექტოენერგია სუბსიდირებულია (იმ აბონენტებისთვის რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ ბიუჯეტი 1 კვტ/სთ-ზე იანვრიდან გაზრდილ ფასს – 3.5 თეთრს უსუბსიდირებს) და მაღაზიის პურის ფასიც ტომარა ფქვილზე 15 ლარიანი სუბსიდიით ხელოვნურადაა შენარჩუნებული მარტში და აპრილში წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 7.2%-ს მიაღწია, მაშინ როცა ბიუჯეტი 3%-იან ინფლაციაზეა დაგეგმილი. ეროვნული ბანკი აპრილში იძულებული გახდა მოსალოდნელი ინფლაციის განაკვეთი გაეორმაგებინა და 6.5%-მდე გაეზარდა. პროგნოზის გაუარესებას წინ რეფინანსირების განაკვეთის 10 წლიან მაქსიმუმამდე – 9.5%-მდე გაზრდა უძღოდა, რითაც 124 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა.
2020 წლის აპრილში, XXI საუკუნეში პირველად Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 73%-ით $18-მდე შემცირდა, ამერიკული მსუბუქი ნავთობი კი მინუსში გავიდა და ისტორიულ მინიმუმი -$38 დააფიქსირა. მსგავსი მასშტაბის ვარდნა არ მომხდარა პლატსზე, საიდანაც საქართველო უკვე გადამუშავებულ საწვავს ყიდულობს, თუმცა საწვავის იმორტი მაინც $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შემცირდა, რაოდენობრივად კი მცირედით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა, რაც არა მოხმარების ზრდით, არამედ მარაგების შექმნით იყო გამოწვეული.
დღეს ამერიუკული მსუბუქი ნავთობის ივნისის ფიუჩერსული ფასი $65-ს აჭარბებს, ბრენტის ივლისის ფიუჩერსის ღირებულება კი $68-ს რაც 2020-ის იანვრის დასაწყისის ფასების ტოლია, მართალია მოთხოვნა 16 თვის წინანდელს კიდევ ჩამორჩება, მაგრამ მოთხოვნასთან ერთად შემცირებულია მიწოდებაც. ამავე დროს დოლარის ღირებულება 3.41 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 2.2%-იანი გაუფასურების შემთხვევაში ახალი რეკორდი მოიხსნება.
/commersant.ge/