საქართველოში პრორუსული ფლანგის ბოლოდროინდელი აშკარა გააქტიურების ფონზე, აუცილებელია ამ ბანაკის რიტორიკის და არგუმენტების გულდასმით შესწავლა.
ერთი შეხედვით, ამის არანაირი აუცილებლობა არ არის, რადგანაც ოკუპანტი ქვეყნის რამენაირი „გაპრავების” მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს – ოღონდ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საოცარი უპრინციპობით გამოირჩევა – ნუ მიიღებთ სერიოზულად გამოკითხვების შედეგებს ევროინტეგრაციის 70%-ანი მხარდაჭერის თაობაზე. ქართველთა უმრავლესობას ევროპული ფასეულობები არ ესმის და „ევროინტეგრაცია” მისთვის უკეთეს შემთვევაში უბრალოდ ცარიელი სიტყვაა.
ევროპასთან დაახლოვებისკენ ქართველი ხალხის დიდი ნაწილის მისწრაფება ისეთივე მყიფე და არამყარია, როგორც, მაგალითად, რელიგიურობა. გამოკითხვებში ქართველები ხშირად იმას არ ამბობენ, რასაც ფიქრობენ, არამედ იმას, რაც ირგვლივ ესმით და სწორად მიაჩნიათ – კათალიკოს-პატრიარქი უნდა გიყვარდეს, სამშობლო იარაღით ხელში უნდა დაიცვა, ცოლად ქალიშვილი მოიყვანო და ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირო..
თანაც, ეს, როგორც უკვე ითქვა, უკეთეს შემთხვევაში. არსებობს უარესიც – საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროინტეგრაცია მხოლოდ ღია საზღვრებად და ევროპაში ყაჩაღობის უფლებად მიაჩნია.
ხვალ თბილისში პრორუსული მმართველობა რომ დაჯდეს, ამ უიდეო და უპრინციპო მასას ევროინტეგრაცია იმ წამსვე დაავიწყდება, ხოლო გაახსენდება მართლმადიდებლობა, „მეზობლებთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს”, „ჩვენი პროდუქცია რუსეთის გარდა არსად არ იყიდება” და ა.შ.
მოკლედ, გამოკითხვებს არ დაუჯეროთ – ეს საქართველოა და აქ ხშირად ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
რუსეთუმეების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მოსკოვი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ბევრს არაფერს ითხოვს – ვასაძისებრებს რომ მოუსმინოთ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის მხოლოდ ნატო-ში შესვლაზე უარის თქმაა საჭირო.
ბნელი მასისთვის ეს რკინის არგუმენტია – მართლაც, ყველამ ვიცით, რომ მოსკოვს საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფება საშინლად აღიზიანებს. მაშ რა მოხვდა? ვთქვათ უარი ნატო-ზე და ამით ყველანაირი კონფლიქტი რუსეთთან ამოიწურება.
ძალიან მარტივია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნატო-ში ჩვენს მიღებას ისედაც არავინ აპირებს.
თუმცა, საკითხის სიმარტივის უკან დიდი ხაფანგი იმალება.
ქართველთა უმრავლესობა ვიწრო-პროვინციულად აზროვნებს და მათთვის მსოფლიო – ერთი დიდი ფარცხანაყანებია, შესაბამისი თამაშის წესებით – მე თქვენ გაძლევთ ამას, თქვენ მე მაძლევთ იმას. გაცვლა-გამოცვლა, წვრილფეხა ვაჭრუკანობა.
თუმცა, რეალობა სულ სხვანაირია. დიდი იმპერიები ორღობე სოფლებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათთვის მთავარია მთლიანი სიტუაციის და არა მხოლოდ ერთი ნაწილის კონტროლი.
დიდი შეცდომა და უგნურებაა იმის ფიქრი, რომ რუსეთი დარწმუნდება, რომ ნატო-ში არ შევდივართ, და თავს დაგვანებებს.
ნებისმიერი იმპერია, მათ შორის რუსეთი, თავის ვასალების მთლიანად გაკონტროლებას ცდილობს, და ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკას არ ეხება.
რა არის მოსკოვისთვის საქართველოსთან ურთიერთობებში გრძელვადიანი პრიორიტეტი? ეს არის სტაბილურობა, და ლოიალურობა. თუ თბილისში პრორუსული ორიენტაცია გაიმარჯვებს – ეს არ უნდა შეიცვალოს. ამიტომაც, მოსკოვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველო მასთან არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ იდეოლოგიურადაც ახლო უნდა იყოს.
ამისთვის ნებისმიერ ვასალ-ქვეყანას უნდა მართავდნენ უპირობოდ ლოიალური ადამიანები. პრორუსი ქართველების ინტელექტუალური დონის და საორგანიზაციო ნიჭის უდაბლესი დონიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პუტინისადმი ერთგული ადამიანების მმართველობა ქვეყანას ძალიან მოკლე ვადებში დააქცევს.
კადრების ლოიალურობიდან გამომდინარეობს მთავარი პრიორიტეტი – საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს იგივე მმართველობით სისტემა, რაც რუსეთი.
იდეური ერთობა, პოლიტიკური ლოიალურობა და მმართველობის ერთიანი სისტემა – აი, ესაა სამი ვეშაპი, რომელსაც ნებისმიერი იმპერია ეყრდნობა და გამონაკლისი არც რუსეთია.
რას აკეთებდნენ რომაელები, როდესაც ახალდაპყრობილ ტერიტორიაზე შემოდიოდნენ? აშენებდნენ აბანოებს და ამფითეატრებს. იმპერიის ნებისმიერ ქალაქში ყველას უნდა ენახა – ეს რომია.
რას აკეთებდა სსრკ, როდესაც დაპყრობილ ქვეყანაში შედიოდა? ანადგურებდა ოპოზიციას, ამყარებდა ერთპარტიულობას და ბეტონის მიკრორაიონებს აშენებდა.
ყველგან, სადაც საბჭოეთს გავლენა ჰქონდა, დღესაც დაინახავთ იქაურ გლდანი-ვარკეთილს – პრაღაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ულან-ბატორშიც კი.
ეს შემთხვევითი არაა – ეს იმპერიის ძირითადი პრინციპია – ყველა კუთხე-კუნჭულში – ერთნაირი მმართველობა და ერთიანი ფასეულობათა სისტემა უნდა იყოს.
წვრილფეხა-ორღობე პროვინციელ ქართველს ეს არ ესმის, აი რუსს კი – ძალიან კარგად.
სომხეთი, რომელმაც ნიკოლ პაშინიანი აირჩია, არც ნატო-ში შედიოდა, არც რუსულ ჯარებს ყრიდა და საერთოდ, არანაირი საგარეო ორიენტაციის ცვლილებაზე არ ფიქრობდა. მხოლოდ შიდა წესრიგის დამყარებას და მსხვილი კორუფციონერების პასუხისგებაში მიცემას აპირებდა.
ერთი შეხედვით, რას უშლიდა ეს რუსს? არაფერს – ორღობე ქართველის გადასახედიდან. რუსი იმპერიალისტის თვალსაზრისით კი – ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული – აჯანყება სისტემის წინაამღდეგ, რაც არავის ეპატიება. სწორედ ამის გამო, სომხეთი, რომელიც არანაირ ნატო-ზე არც ფიქრობდა, სამაგალითოდ დაისაჯა…
შეუძლებელია საგარეო და შიდა პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა და იმპერიისთვის საკითხის ასე დაყენება – პრორუსული ორიენტაცია არა მხოლოდ ნატო-ზე უარს თქმას, არამედ რუსული მმართველობითი სისტემის ეტაპობრივ დანერგვას ნიშნავს.
ეს არაა აბსტრაქტული საკითხი – ეს შეეხება ყველას. რუსული მმართველობითი სისტემა – ჩახშული ტელევიზიებით, მოწამლული ოპოზიციონერებით, დაკანონებული კორუფციით, ბიუროკრატების, ძალოვანების და კრიმინალური სამყაროს შერწყმით – საქართველოსთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება.
ამას ქართული უდარდელობა, არაორგანიზებულობა, და ქურდობისკენ მიდრეკილება დაუმატეთ, და მიხვდებით – საქართველოს მიერ პრორუსულ ორიენტაციაზე დადგომა ქვეყნის ისტორიაში უკანასკნელი შეცდომა იქნება, რომელიც მას საბოლოოდ დაასამარებს.
ავტორი: თენგიზ აბლოთია
//nation.ge