ეროვნულმა ბანკმა, უცხოური ფულადი გზავნილების დეკემბრის სტატისტიკა დღეს, 15 იანვარს გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, გასულ თვეში 199.7 მილიონი დოლარის მოცულობის უცხოური ფულადი გზავნილი შემოვიდა.
ამასთანავე ცნობილი გახდა, 2020 წლის ჯამური სტატისტიკაც. გასულ წელს ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით სულ 1.88 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის 2019 წელს იგივე მაჩვენებელმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 188 მილიონი დოლარს აღემატება.
უცხოური ფულადი გზავნილები საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. მისი მნიშნვნელობა ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანამ პრაქტიკულად სრულად დაკარგა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი.
პანდემიამ გავლენა მოახდინა ფულადი გზავნილების მოცულობაზეც, თუმცა მოლოდინების საპირისპიროდ. პანდემიის საწყის ეტაპზე ვარაუდობდნენ, რომ განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა 30%-ით შემცირდებოდა. მართლაც მარტსა და აპრილში გზავნილების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა მომდევნო თვეებში კვლავ ზრდის ტენდენცია გამოვლინდა.
ყველაზე დიდი დონერი ქვეყანა წინა წლების მსგავსად კვლავაც რუსეთია, თუმცა ჯამურად რუსეთიდან გამოგზავნილი თანხის მოცულობა 2019 წელთან შედარებით შემცირებულია. ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც 2020 წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთი – $364 მილიონი, კლება – 15%;
- იტალია – $298 მილიონი, ზრდა – 24%;
- საბერძნეთი – $219 მილიონი, ზრდა – 14%;
- აშშ – $218 მილიონი, ზრდა – 22%;
- ისრაელი – $157 მილიონი, კლება – 4%;
- თურქეთი – $107 მილიონი, ზრდა – 13%;
- უკრაინა – $88 მილიონი, ზრდა – 104%;
- გერმანია – 74 მილიონი, ზრდა – 49%;
- აზერბაიჯანი – $54 მილიონი, ზრდა – 143%;
- ესპანეთი – $48 მილიონი, ზრდა – 1%;
უმსვილესი დონორების ოცეულშია საფრანგეთი, ყაზახეთი, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, კანადა და ირლანდია.