ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში საუბრისას განმარტა, თუ რატომ გადაწყდა სკოლებსა და სასწავლებლებში სწავლის აღდგენა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციაც არის, რომ სკოლა უნდა დაიკეტოს ყველაზე გვიან და გაიხსნას ყველაზე ადრე, ვინაიდან განათლება არის საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი.
გარდა ამისა, გამყრელიძემ ისაუბრა იმ კრიტერიუმებზეც, რის მიხედვითაც შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებზე საუბარი.
„ჩვენ რომ აცრების სამიზნე მაჩვენებლის 10% გვქონდეს გაკეთებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებაზე წახვიდე, მაგრამ როდესაც დღეს დილის მონაცმებით, 31 ადამიანი გარდაიცვალა 24 საათში, ეს ძალიან მაღალია საქართველოში. მილიონ მოსახლეზე დღეში რვა გარდაცვალება, არის ძალიან მძიმე. ამის ფონზე ნებისმიერ შემსუბუქებას, NCDC მხარს ვერ დაუჭერს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუ ამჟამინდელ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, დაახლოებით, ორი კვირა, შემდეგ დღიური ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დაიწყებს კლებას და მაისის ბოლოს ქვეყანაში შედარებით უკეთესი ეპიდვითარება იქნება, როცა ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება ე.წ კომენდანტის საათის გადაწევაზე ან გაუქმებაზეც საუბარი.